Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2001 წელს რუსეთის საგარეო პოლიტიკამ დასავლეთთან მის დაახლვებას შეუწყო ხელი.


ელენე ლორთქიფანიძე მოულოდნელმა გარემოებებმა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის უნარიანმა მმართველობამ გასული 12 თვის განმავალობაში საერთაშორისო პოლიტიკის სფეროში, რუსეთს მთელი რიგი წარმატებები მოუტანა

. ჯერ კიდევ წლის დამდეგს დასავლეთსა და რუსეთს შორის უნდობლობა სუფევდა, 2001 წლის ბოლოს კი, ისინი პოტენციურ პარტნიორებად მოიაზრებიან. შეგახსენებთ, 2001 წლის დამდეგს მოსკოვსა და ვაშიგტონს შორის დამოკიდებულების ტემპერატურა ნულს ქვევით იყო.

მიმავალი წლის იანვარში სახელმწიფო უშიშროების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა: “რუსეთი წარმოადგენს საშიშროებას დასავლეთისთვის ზოგადად და განსაკუთრებით ამერიკის ევროპელი მოკავშირეებისთვისო”.

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა ჯორჯ ტენეტმა თქვა, რომ პუტინი საბჭოთა კავშირის ზოგიერთი ელემენტის, მათ შორის, ცენტრალური ავტორიტარული მმართველობის აღდგენას ცდილობს, მეზობელი ქვეყნებისა და თვით რუსი მოქალაქეების სამოქალაქო უფლებების ხარჯზე. მაგრამ წლის ბოლოს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა რუსეთის პრეზიდენტს ახლო მეგობარი უწოდა.

მართალია ამ ორ ლიდერს ჯერაც ვერ გადაულახავს ზოგიერთი უთანხმოება და მათ შორის უთანხმოება 1972 წლის ანტიბალისტიკური რაკეტების ხელშეკრულების თაობაზე, რომლიდან გასვლასაც აპირებს ვაშინგტონი, მაგრამ მრავალი სხვა საკითხისადმი მიდგომა კარდინალურად შეიცვალა. მაგალითად, ბუშმა განაცხადა, რომ მომავალი ათწლეულის განმავლობაში შეერთებული შტატები ორი მესამედით შეამცირებს ბირთვული ქობინების რიცხვს: დღევანდელი 6 ათასიდან 1700-მდე ან ორი ათასამდე. პუტინმაც თქვა, რომ მსგავს ნაბიჯებს გადადგამს.

უწინ მან განაცხადა, რომ რუსეთი დახურავს სადაზვერვო რადიოსადგურს კუბაში და სამხედრო-საზღვაო ბაზას ვიეტნამში. რაც შეეხება ნატოს, პუტინმა, რომელიც დღესაც ეწინააღმდეგება მისი აღმოსავლეთით გაფართოების იდეას, თქვა, რომ არ გამორიცხავს ალიანსში მოსკოვის გაწევრიანებას.

რამ გამოიწვია ასეთი რადიკალური ცვლილება? ჯერ იყო პუტინისა და ბუშის შეხვედრა სლოვენიაში, წლის ივნისში. ბუშმა მაშინ ცივი ომის დროინდელი ეჭვიანობისთვის ბოლოს მოღებაზე ილაპარაკა და თქვა, რომ პუტინი სანდო ადამიანია. მაგრამ, გადამწყვეტი როლი, უდავოდ, 11 სექტემბრის მოვლენებმა ითამაშა. ბუში ხშირად იხსენებს, რომ პუტინი იყო პირველი უცხოელი ლიდერი, რომელმაც მას დაურეკა, მიუსამძიმრა და დახმარება შესთავაზა.

მას შემდეგ პუტინმა ევროპასთან კავშირების გამყარებაც მოახერხა; 11 სექტემბრის ტერაქტებიდან ორი კვირის შემდეგ ის ბერლინში შეხვდა გერმანიის კანცლერ გერჰარდ შრიოდერს, რომელმაც ჩეჩნეთის კამპანიის პუტინისეული ინტერპრეტაცია გაიზიარა.

ზოგიერთი ეჭვის თვალით უყურებს მოვლენათა ამგვარ განვითარებას. ევროპელმა ექსპერტმა სტეფან დე სპიგლერმა ჩვენი რადიოს თანამშრომელს ჯერემი ბრანსტენს უთხრა, რომ ორივე მხარე მეტისმეტი ენთუზიაზმით არის აღსავსე. მისი აზრით, საგარეო პოლიტიკა არ უნდა უსწრებდეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეალობას.

მაგალითად, რუსეთი ყოველთვიურად ხვდება ევროპის კავშირის პოლიტიკური უშიროების კომიტეტს, ასეთი დამოკიდებულება ჩვენ შეერთებულ შტატებთანაც არა გვაქვსო, ამბობს დე სპიგლერი. ექსპერტის აზრით, პუტინი საკუთარ მომხრეებსაც კი არ უწევს საკმარისად ანგარიშს და შედეგად, შეიძლება წააწყდეს წინააღმდეგობას სხვადახვა სფეროში, მათ შორის ბიზნესის ლიდერების, სამხედრო წრეებისა და სახელისუფლო წრეებშიც კი.

აღმოსავლეთი და დასავლეთი ინტერესით ადევნებენ თვალს, სადამდე შეიძლება განვითარდეს თანამშრომლობა. დეკემბერში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეექმნეს საბჭო ალიანსის 19 წევრსა და რუსეთს შორის კონსულტაციებისათვის და ერთობლივი გადაწყვეტილებების მისაღებად. მაგრამ ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში, გვერდი აუაროს რუსეთს. 2002 წელი აჩვენებს, რას მოიტანს დასავლეთისა და რუსეთის თაფლობის თვე სტრატეგიულ ურთიერთობათა სფეროში.
XS
SM
MD
LG