Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მომოხილვა


გიორგი კაკაბაძე, თბილისი წლის მიწურულს საქართველოს პარლამენტმა დაასრულა მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება.

28 დეკემბრის გაზეთ "რეზონანსის" თქმით, პარლამენტმა დიდი ფიქრისა და ჭოჭმანის შემდეგ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად ნინო ჩხობაძის კანდიდატურა დაამტკიცა. ჩხობაძე მინისტრობის ერთადერთი კანდიდატია, რომლის საკანონმდებლო ორგანოში წარდგენაც პრეზიდენტს მეორედ მოუხდა. საბოლოოდ, მეორე წრეზე წასული ქალბატონი, 46 დეპუტატის წინააღმდეგობის მიუხედავად, 99 ხმით მინისტრად დაამტკიცეს.

ჩხობაძესთან ერთად, მთავრობას კიდევ ერთი მინისტრი შეემატა. ავთანდილ ჯორბენაძის სახელმწიფო მინისტრად გადასვლის შემდეგ, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის თანამდებობა ვაკანტური გახდა. თავიდანვე აშკარა იყო, რომ პრეზიდენტის მიერ ამ პოსტზე წარმოდგენილ ამირან გამყრელიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით, პარლამენტარებს პრეტენზიები არ ექნებოდათ.

"რეზონანსი" აგრეთვე წერს, რომ ახალ მთავრობას ვერმორგებული აღმასრულებელი ხელისუფლების ყოფილი მეთაური გია არსენიშვილი საქართველოდან შორს, ცენტრალურ ევროპაში გაისტუმრეს. პარლამენტმა არსენიშვილი საქართველოს ელჩად დაამტკიცა ხუთ სახელმწიფოში-ესენია: ავსტრია, სლოვაკეთი, უნგრეთი, სლოვენია და ჩეხეთი. ცნობილია, რომ დღემდე ამ ფუნქციას ასრულებდა ლევან მიქელაძე, რომელსაც პარლამენტმა შეუნარჩუნა საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის სტატუსი ეუთოში და ვენაში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

28 დეკემბრის გაზეთ "ახალი თაობის" აზრით, მთავრობის მიერ 2002 წლის სახელმწიფი ბიუჯეტის შემოტანით, პარლამენტში ახალი პოლიტიკური ინტრიგები გაიხლართა. გაზეთის თქმით, რაც უმთავრესია, ბიუჯეტის ყოველი სეკვესტრი უტოლდება იმ მთავარ არსს, რომ ყველაფერი კეთდება კორუფციის დასამალად, რითაც შევარდნაძის სანათესაო კლანი საზრდოობს. არ იქნება ურიგო, თუ ამ კლანს გადასახადი დაეკისრება, რაც თვისობრივად მოხსნის ხელფასებისა და პენსიების გაუცემლობის საკითხს.

ფრაქცია "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის შეფასებით, 2002 წლის ბიუჯეტი არასრულფასოვანი და ხელოვნური დოკუმენტია: ნაცვლად 400 მილიონისა, მხოლოდ 60 მილიონია გათვალისწინებული საბიუჯეტო დავალიანებების გასასტუმრებლად. პარლამენტარის თქმით, ეს არის წლების განმავლობაში აკუმულირებული ვალების სრული იგნორირება. ამასთანავე, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პრეზიდენტმა 16 მილიონი უნდა დახარჯოს, ხოლო მცირე საწარმოთა განვითარებისათვის ერთი მილიონია გამოყოფილი.

საერთოდ, ლევან გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი არის ქვეყანაში არსებული კორუფციის ბუდის რეალური სახე.

28 დეკემბრის "რეზონანსი" კი წერს, რომ საპარლამენტო ფრაქციათა განწყობის მიხედვით, ბიუჯეტის პროექტი ჩასაგდებად არის განწირული. გაზეთის თქმით, ფრაქცია "ახალი მემარჯვენეების" გარდა, მომავალი წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს სააკაშვილის ფრაქციაც. მაგალითად, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ვანო მერაბიშვილმა ფრაქციის სხდომაზე განაცხადა-ციტატა: საქართველოში მცხოვრები მინიმუმ 6 ათასი გაჭირვებული მოქალაქე სიკვდილისათვის არის განწირული. მასწავლებლებს იმდენი ხელფასი ექნებათ, რომ ტრანსპორტის ხარჯებისთვისაც არ ეყოფათ. მომავალი წლის ბიუჯეტი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული. ვაიძულებთ ხელისუფლებას, შემოიტანოს ისეთი ბიუჯეტი, რომელიც მასწავლებლებისა და ინვალიდების ინტერესებს გაითვალისწინებს-ციტატის დასასრული.

ახლა კი იმის შესახებ, თუ როგორ აფასებენ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას თავად პარლამენტარები. 28 დეკემბრის გაზეთ "ახალი ეპოქის" თქმით, თითქმის ყველა ფრაქცია მიიჩნევს, რომ წელს პარლამენტმა თავისი მისია ვერ შეასრულა და "შინაომებს" გადაჰყვა. რაც უნდა გასაკვირი მოგვეჩვენოს, ყველაზე მწვავე და კრიტიკული ამ შეფასებაში ყოფილი უმრავლესობის წევრები და იმ პარტიის ლიდერები არიან, რომელთა მიერ შექმნილმა მონოპოლისტურმა გარემომ და სასათბურე პირობებმა უმრავლესობა ლოგიკურ აღსასრულამდე, ხოლო პარლამენტი კრიზისამდე მიიყვანა.

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მოღვაწეობას "ორიანს" უწერს
" მოქკავშირელი" გიორგი ბარამიძე. მას პარლამენტის მიერ მიღებული არც ერთი სასიკეთო გადაწყვეტილება არ ახსენდება. ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად ზურაბ ჟვანიას მიერ პარალმენტის თავმჯდომარეობიდან გადადგომას მიიჩნევს, განსაკუთრებით მძიმე მოსაგონარი მისთვის მთავრობის დამტკიცების დღე აღმოჩნდა.

არადამაკმაყოფილებელი ყოფილა პარლამენტის მუშაობა "ალიანსი-ახალი საქართველოსთვის" ლიდერის ირაკლი გოგავას აზრითაც. მისი სიტყვით, პარლამენტს არც ერთი ხეირიანი გადაწყვეტილება არ მიუღია, თუ არ ჩავთვლით, "ბაქო-თბილისი-ერზერუმის" გაზსადენის რატიფიცირებას.

"მოძრაობა-დემოკრატიული რეფორმებისთვის" ფრაქციის თავმჯდომარე კოტე კემულარია დეპუტატთა მუშაობას უსუსურს უწოდებს. მისი აზრით, ერთადერთი დადებითი გადაწყვეტილება რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის მოთხოვნა იყო და პარლამენტმა ესეც ბოლომდე ვერ მიიყვანა.

შემდეგ "ახალი ეპოქა" წერს, რომ, მართალია, პარლამენტის მუშაობით არც ოპოზიციაა აღტაცებული, მაგრამ შეფასებისას ნაკლებ კატეგრიულობას ავლენს.
"ტრადიციონალისტთა" ლიდერი აკაკი ასათიანი დადებითად აფასებს უმრავლესობის დაშლას, სამშვიდობო ძალების გაყვანის გადაწვეტილებას და პარლამენტის თავმჯდომარედ ნინო ბურჯანაძის არჩევას, უარყოფითად-"ნულოვანი ვარიანტის" რატიციფირებას.
"მრეწველთა" ფრაქციის წევრის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით კი, გაზსადენის პროექტის რატიფიცირების გარდა, პარლამენტს ქვეყნისათვის საჭირო გადაწყვეტილება არ მიუღია.

"ახალი ეპოქის" წერილის დასასრულს ნათქვამია:

აღმოჩნდა, რომ მთელი წლის მანძილზე პარლამენტს ორადორი სასარგებლო საქმე გაუკეთებია-მხარი დაუჭერია გაზსადენის პროექტის განხორციელებისა და რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანისთვის. რაც შეეხება გაფუჭებას-პარლამენტარები საკუთარ საქმიანობაზე ისე ლაპარაკობენ, თითქოს თავად არ იყვნენ დიდი საპარლამენტო შოუს ავტორები და მთავარი მოქმედი პირნი.

აფხაზეთის კონფლიქტის პრობლემატიკა წინასაახალწლო დღეებშიც გამოირჩეოდა აქტუალობით. 28 დეკემბრის გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" ინფორმაციით, წინა დღეს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდობის წარმომადგენლებს და არაერთი პრობლემის გარშემო ესაუბრა.კონფლიქტის ერთ-ერთ მთავარ პრობლემასთან დაკავშირებით, გაზეთი წერს:

რაც შეეხება სადღეისო პოლიტიკურ ვითარებას, ქვეყნის მეთაურმა ყურადღება მიაპყრო რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების სასიკეთო ტენდენციას და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კეთილადაა განწყობილი საქართველოს მიმართ და მზად არის ყოველნაირად შუწყოს ხელი აფხაზეთის პრობლემის მოგვარებას.

ედუარდ შევარდნაძის თქმით-ციტატა: ახალი წელი დიდ იმედებთან არის დაკავშირებული. მჯერა, 2002 წელი აფხაზეთში დაბრუნების წელი იქნება-ციტატის დასასრული.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი კი 28 დეკემბრის "დილის გაზეთის" ფურცლებზე ამბობს, რომ რუსეთს აქვს კონკრეტული მიზნები და სანამ ამ მიზნებს არ დავაკმოყოფილებთ, მისგან სიკეთეს არ უნდა ველოდეთ. მისი თქმით:

რუსეთმა აფხაზეთი რომ დაგვიბრუნოს, საქართველომ უნდა დათმოს ევროკავშირში გაერთიანების, ნატოში გაწევრიანების სურვილები.
რუსეთი დათმობს აფხაზეთს, თუკი მას გავლენის ქვეშ ეყოლება მთელი საქართველო. მაგრამ გვაძლევს ეს ჩვენ ხელს? ჯერჯერობით კი, ეს წელიც ისევე უშედეგოდ ბარდება ისტორიას, როგორც მისი წინამორბედი შვიდი წელიწადი.

29 დეკემბრის გაზეთ "ალიას" სახუმარო წინასწარმეტყველება საახალწლო განწყობას უქმნის მკითხველს. გაზეთის თქმით, თუ ახალი წლის ღამეს პრეზიდენტი დაგესიზმრებათ, ეს ცუდის ნიშანია-ვალებში ჩავარდებით, მეზობლების ლანძღვა და შაყირი არ მოგაკლდებათ. ცოლი და სიდედრი შეთქმულებას მოგიწყობენ, ოჯახის მეთაურის პოსტიდან გადასაყენებლად.

თუ გია არსენიშვილი დაგესიზმრებათ-თქვენი ადგილი საქართველოში აღარ არის, ხეირს ვერ ნახავთ და სჯობს, სამუშაოს საძებნელად ავსტრიაში წახვიდეთ.

ლევან მამალაძის შემთხვევაში-თუ სოფლად მიწა გაქვთ, ვინმე თათარს მიჰყიდეთ, კარგად გადაგიხდიან.

თუ ზურაბ ჟვანია დაგესიზმრათ-მთელი წელი გზააბნეული ინდაურივით იქნებით და ხან ვის შეეკედლებით, ხან ვის, რომ სამომავლო პერესპექტივები შეინარჩუნოთ.

მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში კი-მსოფლიოს გადარჩენაზე იწყებთ ფიქრს. მოერიდეთ საკუთარ თავთან ხმამაღლა ლაპარაკს ხალხის თანდასწრებით.
XS
SM
MD
LG