Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გასულ კვირას, ზოგადად, გაწბილებული იმედების კვირა შეიძლება ეწოდოს.

თბილსრესის ორი ენერგობლოკის ჯერაც დაუდგენელი მიზეზებით აფეთქებამ საბოლოოდ გააქარწყლა შედარებით ნორმალური ზამთრის მოლოდინის იმედი, როცა დღის რეჟიმს სინათლის გრაფიკი არ განსაზღვრავს და არც კონკიას კომპლექსი გიჩნდება, ზუსტად შუაღამის 12 საათზე სასწაულის - ისევ და ისევ დენის - დასრულების გამო.

რამ გამოიწვია მეათე ენერგობლოკის აფეთქება, რასაც თავის მხრივ, მეცხრე ენერგობლოკის მუშაობის გაჩერებაც მოჰყვა? თავიდან ყველაზე პოპულარული ტერაქტის ვერსია გახლდათ. თუმცა, მოგვიანებით, წინ ტექნოლოგიური შეცდომის თემამ გადმოიწია. გულახდილად რომ ითქვას, ალბათ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რიგითი მომხმარებლისთვის დიდი ვერაფერი შეღავათია იმის ცოდნა, რატომ არა აქვს დენი. ისე, უმადურობა იქნებოდა იმის უთქმელობა, რომ წინასაახალწლოდ ხელისუფლებამ თითქოს შეუძლებელი შესძლო და თბილისი წყვდიადში არ დატოვა. საახალწლო დღეებში პრეზიდენტი 24-საათიან ელექტრომომარაგებას პირდება თბილისელებს. აი, რა იქნება ნაახალწლევს-ამის შესახებ ფიქრი წელს არ ღირს. მართალია, ისევ და ისევ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ენერგეტიკულ კრიზისში აღმოჩენილ საქართველოს ხელისუფლებას 10 მილიონი დოლარი გამოუყო ელექტროენერგიისა და გაზის შესაძენად, მაგრამ, ჯერ ერთი, 10 მილიონის დენი რამდენ ხანს ეყოფა თბილისს, ძნელი გამოსათვლელი არ არის. და მეორე: შეძენილი ელექტროენერგია რომ უფრო ძვირია გამომუშავებულთან შედარებით, ფაქტია. ამას თუ კომპანია "იტერას" მტკიცე გადაწყვეტილებას დავუმატებთ, გაზის საფასურის წინასწარ გადახდის წესის შემოღების შესახებ, დასკვნა ოპტიმისტური ნამდვილად არ იქნება.

სამწუხაროდ, 2001 წლის ბოლოს ისიც ვერ გაირკვა, როგორი ბიუჯეტი ექნება საქართველოს 2002 წელს. ამ კვირაში მოწვეულმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომამ ეს კითხვა უპასუხოდ დატოვა. პარლამენტარებმა უარი განაცხადეს ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე, რადგან ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის გასაცნობად მათ, უბრალოდ, დრო არ ჰქონდათ. პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, [ნინო ბურჯანაძის ხმა] "აბსოლუტურად სამართლიანია დეპუტატების პრეტენზიები. სავსებით ვიზიარებ ამ პრეტენზიებს, მაგრამ, სამწუხაროდ, პარლამენტი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ჩაყენებული ისეთ ვითარებაში, როდესაც ჩვენ არ გვაქვს მუშაობის ნორმალური საშუალება კანონპოექტების წაკითხვისა და განხილვის შესაძლებლობა. ვიმეორებ: წუხელ 11 საათზე შემოვიდა ეს კანონპროექტი. ამიტომ, დავიწყოთ მსჯელობა, მოვუსმინოთ მთავრობის წარმომადგენლებს. თუ ჩვენ ვერ შევძლებთ გადაწყვეტილების მიღებას, ამაში მაშინ პარლამენტი ნამდვილად არ იქნება დამნაშავე, თუმცა, ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა ბიუჯეტის გარეშე არ შეხვდეს ახალ წელს."

პარლამენტის თავმჯდომარის მისასალმებელი სურვილი, ქვეყანა უბიუჯეტოდ არ დარჩენილიყო, მისმა კოლეგებმა არ გაიზიარეს. რატომ? ახლად გაფორმებული ფრაქცია "მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისთვის" თვლის, რომ ბიუჯეტის პროექტი კიდევ უფრო აღრმავებს კორუფციას სახელმწიფო სტრუქტურებში და სრულიად უყურადღებოდ ტოვებს დაუცველი ფენების სოციალური დახმარების საკითხს. კობა დავითაშვილი შეიარაღებული ძალების დაფინანსებისთვის გათვალისწინებული თანხების გამო, ხელისუფლებას არმიის გეგმიურ ნგრევაში ადანაშაულებს.
ფრაქცია "ახალი მემარჯვენეები" საერთოდ არასერიუზულს უწოდებს წარმოდგენილ ბიუჯეტს. ფრაქცია "ალიანსი ახალი საქართველოსთვის" ბიუჯეტის პროექტის მხარდაჭერის პირობად მასწავლებლების ხელფასებისა და პენსიონერთა შემწეობების გაზრდის აუცილებლობას აყენებს. ფრაქცია "მრეწველები" ისევ საგადასახადო კოდექსში სერიოზული ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე საუბრობს. ამ ფრაქციის წევრის დავით სალარიძის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტი არასერიოზული გათვლების შედეგია.

[დავით სალარიძის ხმა] "ახლა ჩვენ აქ გავხსენით სესია, ჰიმნი დავუკარით, ფეხზე ავდექით. ალბათ, მერე დაიხურება სესია, ჰიმნს დავუკრავთ და ხალხი უყურებს ამ ამბებს და მარტო ჰიმნის დაკვრაში ვართ. ჰიმნი - ეს არის ქვეყნის მიმართ პატივისცემის გამოხატვის ფორმა, მაგრამ ქვეყანა თუ ისე წავა, როგორც ამ კანონების მიღების შემდეგ შეიძლება მოხდეს, მე არ მგონია, რომ რეალური შედეგი მივიღოთ. ქვეყანაში არის სერიოზული ვითარება, სერიოზული რთული ვითარება. ახლა მგონია, რომ თუ ჩვენ ამ კანონების განხილვას დღის წესრიგში შევიტანთ, რა თქმა უნდა, უნდა გვქონდეს კომიტეტის დასკვნები, რა თქმა უნდა, ვინც ამ ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობა მიიღო, მათ თავიანთ დასკვნებზე უნდა ილაპარაკონ. ჩვენ სერიოზულ ოპონირებას ამ კანონებს გავუკეთებთ, რადგან ეს არ ჯდება არაფერში. ყველაფერი უნდა იყოს გათვლილი. ხალხს უნდა გავაგებინოთ ჩვენი არსებული ენერგოკრიზისის პირობებში, მომავალი წლის ბიუჯეტში, მართლა ასე იქნება, როგორც ლაპარაკობენ ამდენ ტყუილებს, რომ არ გაძვირდება ტარიფი? და როგორ არ გაძვირდება? ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი ასეთ ვითარებაში. და მინდა ყველა დაგარწმუნოთ, რომ რამდენიმე თვეში ჩვენ დავდგებით აუცილებლად იმის წინაშე, რომ ტარიფი გაძვირდება და ყველამ უნდა გაანებოს იმ ტყუილს თავი, რომ ტარიფი არ გაძვირდება. ეს არის მოგონილი რამ".

ამ უსიამოვნო პროგნოზის გარდა, რომელიც ამ კვირაში ქვეყნის უმაღლესი ტრიბუნიდან გაკეთდა, არანაკლებ უსიამოვნო სხვა პროგნოზიც მოვისმინეთ, ამჯერად, ყოფილი მაღალი სახელმწიფო მოხელეების შემდგომი დასაქმების შესახებ. პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გიორგი არსენიშვილი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშნა 5 ქვეყანაში: ავსტრიაში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, სლოვენიასა და უნგრეთში. პარლამენტარებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ყოფილ სახელმწიფო მინისტრს. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გია ბარამიძის განცხადებით, მისთვის სრულიად გაუგებარია პრეზიდენტის გადაწყვეტილება, როცა მთავრობის ხელახალი დაკომპლექტებისას მან სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე პარლამენტს ისევ არ შესთავაზა გიორგი არსენიშვილის კანდიდატურა.

[გია ბარამიძის ხმა] "მე აბსოლუტურად არ მესმის, რა კრიტერიუმებით გადაწყვიტა ეს პრეზიდენტმა. კომპეტენტურობა აკლია ბატონ გიას თუ პატიოსნება, თუ სამშობლოს სიყვარული თუ თავდადება. ეს აბსოლუტურად გაუგებარი გადაწყვეტილებაა. ამას შემდეგ მოჰყვა ასევე ცუდი ტრადიცია, იგულისხმება, რომ ადამიანი, რომელიც რაღაც-რაღაცა მიზეზებისთვის არ სჭირდებათ, საპატიო, მაგრამ მაინც მოშორებულ ადგილას გააგზავნონ, რომ როგორმე იმ პროცესებს ხელი არ შეუშალონ, რაც ვიღაცეებს აქვთ ჩაფიქრებული. ძალიან ცუდი ელფერი ასდის ამას ყველაფერს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ გია არსენიშვილი საპენსიოდ არის გადასაგდები, ძალიან ცდება. ასევე, თუ ვინმე ფიქრობს, რომ დიპლომატიური სამსახური კვლავ ვიღაცამ უნდა მოიაზროს, როგორც საპენსიო სამსახური, კვლავ ძალიან ცდება."

ამ ნათქვამში რამდენიმე მოსაზრება იწვევს ინტერესს. პირველი: რა პროცესები აქვთ ჩაფიქრებული ვიღაც-ვიღაცეებს - აქ, ალბათ, პრეზიდენტი უნდა ვიგულისხმოთ - რომელთა განხორციელებისთვის გია არსენიშვილს შეეძლო ხელის შეშლა? და მეორე: ბოლოს და ბოლოს, ელჩად დანიშვნა რატომ ითვლება საპატიო გადასახლებად? თავად გია არსენიშვილი ამ პათეტიკას, როგორც ჩანს, არ იზიარებს.

[გია არსენიშვილის ხმა] "ყოველთვის, როდესაც სამართლიანი იქნება, ახალგაზრდობის მხარეზე, მე მზად ვარ, ვიდგე მათ მხარეზე, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა სრულიად მკაფიოდ, რომ არ ყოფილა ასეთი შემთხვევა და არც იქნება, რომ სუვერებს უღალატოს ჩემი მხარის წარმომადგენელმა. ბუნებრივია, ეს ორივე რამ ერთდროულად უნდა არსებობდეს. ჩემთვის ასე არის. მე შემიძლია ხმამაღლა განვაცხადო, რომ არავითრი პიროვნული ხინჯი არა მაქვს, მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ ბედნიერი ვარ, რომ სახელმწიფო მინისტრი არა ვარ, ვერ ვიქნები ბედნიერი, რადგან ჩემი სახელმწიფო, ქვეყანა, სამშობლო არ გახლავთ ასეთი."

გია არსენიშვილის ამ მოსაზრების გათვალისწინებით, ბედნიერებად თავს ვერ იგრძნობდნენ მთავრობის ახალი წევრები: ჯანდაცვის მინისტრად დამტკიცებული ამირან გამყრელიძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ნინო ჩხობაძე. ამ ორი ვაკანტური ადგილის შევსების შედეგად, საბოლოოდ დაკომპლექტდა ის მთავრობა, რომელსაც 2002 წელს რთული პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა მოუწევს. წლის დარჩენილ დღეებში კი ჩვენ ყველანი - რიგითი მოქალაქეებიც და ძლიერნიც ამა ქვეყნისა - ახალი წლის ღირსეულად დასახვედრად მოვემზადებით. სხვათა შორის, 29 დეკემბერს ერთმა ნიუანსმა ნათელყო, რომ პირველი პირების ცხოვრება ყოველთვის არ შეიძლება იყოს შესაშური. 29 დეკემბერს პრეზიდენტმა შევარდნაძემ ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ თუ მასთან ახალი წლის ღამეს სტუმრად არავინ მივა, მეკვლეობა თავად მოუწევს. თუ მეკვლე არავინ არის, მე თვითონ გავდივარ და შემოვდივარო, - უთხრა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს. თუ პრეზიდენტის რეზიდენციის დაცვას გავითვალისწინებთ, მეკვლედ პრეზიდენტთან ალბათ არავინ მივა.
XS
SM
MD
LG