Accessibility links

logo-print

ახალი წელი და საქართველოს ძველი და ახალი იმედები


რით შედის საქართველო დამოუკიდებლობის მეორე ათწლეულში? რა მოუტანა ჩვენს ქვეყანას უახლოესმა წარსულმა და რას ველით ახალი, 2002 წლისგან?

გასული წლების მთავარ მონაპოვრად საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაფუძნებას ასახელებენ, ხოლო მის პრობლემებად – გარდამავალი პერიოდის პრობლემებს, რომლებიც, პრეზიდენტის რწმენით, აუცილებლად დაიძლევა.
ასე რომ, დამოუკიდებლოების მეორე ათწლეულშიც გარდამავლი პერიოდის პრობლემებით შევდივართ.

ახალ წელს უკეთეს მომავალზე ოცნება და ამ ოცნების ასრულების იმედი მოაქვს. ამდენად, ძველი და ახალი წლების შესაყარზე მაინც ვივიწყებთ ჩვენს ირგვლივ არსებულ პრობლემებს და გვჯერა, რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე გაცილებით უკეთესი იქნება, რომ ახალი წელი კეთილ და უზრუნველ მომავალს მოგვიტანს. ასეთი მომავლის დასახვედრად კი ღირს ყველაფრის მოკლება და შეძლებისდაგვარად საახალწლო სუფრზე ხვავისა და დოვლათის დაგროვება – ასეთია ტრადიცია და ტრადიციების მოყვარე ჩვენი საზოგადოებაც ადათ-წესების ერთგული რჩება.

ახალ წელს ძველებურად ვხვდებით, თუმცა თავი უკვე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მეორე ათწლეულში გვეგულება, და პრეზიდენტიც, ვინ იცის, უკვე მერამდენჯერ გვახსენებს, რომ ჩვენი ამჟამინდელი პრობლემები მხოლოდ და მხოლოდ გარდამავალი პერიოდის პრობლემებია და მათ წარმატებით დავძლევთ; რომ 2001 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქცია 5 პროცენტით გაიზარდა, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის აღორძინებისთვის კი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა; რომ მშენებლობის ბუმი აღმშენებლობის უტყუარი ნიშანია და ასე შემდეგ.

ასე იყო შარშანაც. “შეიძლება ითქვას, რომ კვლავინდებურად იზრდება მთლიანი შიდა პროდუქცია, არც კი მოველოდი, რომ 2000 წლის საზარელი გვალვის მიუხედავად, ეს მაჩვენებელი ზრდის ტენდენციებს შეინარჩუნებდა. შარშან კვლავინდებურად სწრაფად ვითარდებოდა ვაჭრობა. აღსანიშნავია ისიც, რომ
ბიუჯეტის მიმართ რეალურად გადახდისუნარიანები გახდნენ ისეთი საწარმოები, როგორიც არის ელმავალსაშენებელი და ელექტროვაგონშემკეთებლი ქარხნები. ბერს აღარ სჯეროდა, რომ ეს ქარხნები ოდესმე კვლავ ამოქმედდებოდა. ასეთია აბრეშუმის გზის კონცეფციის სიკეთის საუკეთესო მაგალითებიო”, ამბობდა პრეზიდენტი 2000 წლის მიღწევებზე საუბრისას. შემდგომი მიღწევების შედეგები ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაზე, მართალია, ჯერ არ ასახულა, მაგრამ, ედუარდ შევარდნაძის 31 დეკემბრის განცხადებით, არსებობს რეზერვები პედაგოგებისთვის პენსიებისა და ხელფასების გასაზრდელად.

ცნობისათვის: ახალი წლის წინა დღეებში ჩვენს ქვეყანას დახმარება მეგობარმა ქვეყნებმა გაუწიეს. მსოფლიო ბანკმა საქართველოს, ეროვნული ბანკის რეზერვების შესავსებად, დამატებით 10 მილიონი დოლარი გამოუყო. აღნიშნულის გათვალისწინებით 31 დეკემბერს, ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში, პრეზიდენტი მოსახლეობას შეპირდა, რომ ახალი წლის დღეებში სახელმწიფო ვალს გაისტუმრებს და თვეობით გაუცემელ პენსიებსა და ხელფასებს დაარიგებს.

მაგრამ ამ საახალწლო დაპირებამ ხელფასების მომლოდინეთა საპროტესტო განწყობა ვერ გაანელა. 2001 წლის ბოლო დღეს სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის ბუღალტრები ეროვნული ბანკის შენობასთან შეიკრიბნენ და მათი უწყებებისთვის კუთვნილი თანხების გაცემა მოითხოვეს. ეროვნულ ბანკში ბუღალტრების მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ შეძლეს.

ასე რომ, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მეორე ათწლულში ისევ ძველი პრობლემები შეგვაქვს. რა იქნება შემდეგ? რამდენად გაართმევს თავს ჩვენი ხელისუფლება და საზოგადოება ამ პრობლემების მოგვარებას, მომავალი გვიჩვენებს.

ედუარდ შევარდნაძის 2001 წლის 31 დეკემბრის განცხადებით, მომავალ, 2002 წელს ხელისუფლება აუცილებლად მიიღებს მტკიცე გადაწყვეტილებებს იმისთვის, რათა მივუახლოვდეთ ისტორიულ კომპრომისს აფხაზ და ოს ხალხებთან, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.
XS
SM
MD
LG