Accessibility links

logo-print

რა აღმოაჩინეს პარლამენტარებმა 2001 წელს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი წინასაახალხლო განწყობილება პარლამენტარებს საზეიმო არ უნდა ჰქონდეთ.

პარლამენტის წევრთა უმრავლესობა 2001 წელს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას უარყოფითად აფასებს და უჭირს მიღწევებზე საუბარი. თუმცა, იმ ამომრჩეველს, ვინც მეტნაკლები ყურადღებით ადევნებდა თვალს პარლამენტის მუშაობას, არაერთი საინტერესო მოსაზრება დაამახსოვრდებოდა ხალხის რჩეულთა “აღმოჩენებიდან”. ზოგიერთ მოზარებას პარლამენტის 2001 წლის ცხოვრებიდან თამარ ჩიქოვანი შეგახსენებთ

2001 წელი პარლამენტისთვის ნამდვილად მშფოთვარე და მოულოდნელი მოვლენებით აღსავსე რომ აღმოჩნდა, ამას ვერავინ უარყოფს. ხანდახან მოვლენები იმდენად დამთრგუნველად მოქმედებდა პარლამენტის ცალკეულ წევრებზე, რომ მექსიკური ტელესერიალების გმირების მსგავსად, ისინი ამნეზიის ნიშნებს ამჟღავნებდნენ. წლის ბოლოს პარლამენტარი დიმიტრი ჯაიანი კოლეგებს თხოვდა
[დიმიტრი ჯაიანის ხმა] “რა ხდება ხალხო, ჩვენ ვინ ვართ?...სად ვართ, სად?... სერიოზულად გეკითხებით. არა, რა ხდება, ამიხსენით. ელიავას ბაზრობაზე ვართ თუ რა უბედურებაა?..”

საინტერესო აღმოჩენა, თუ რა არ არის პარლამენტი, პარლამენტარ ჯანსუღ ჩარკვიანს ეკუთვნის. აღმოჩენა მეცნიერული ტერმინოლოგიით არ არის გადატვირთული და, შესაბამისად, ადვილი დასამახსოვრებელია.

[ჯანსუღ ჩარკვიანის ხმა] “ მე ვიცი: აქ ადამიანები არ ესწრებიან პარლამენტს, მოვლენ, საოცრებას გააკეთებენ და წავლენ. და ამიტომ მოგახსენებთ, რომ პარლამენტი არ არის საპირფარეშო, რომ მოხვიდე, ქნა და წახვიდე”.

საპირფარეშოს გარდა, ზოგიერთ ძალას პარლამენტის სხვა პროფილის დაწესებულებად გადაქცევის მზაკვრული ჩანაფიქრიც აწუხებდა. სწორედ მათ აფრთხილებდა წლის დასაწყისში პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია
[ზურაბ ჟვანიას ხმა]” ძალიან გთხოვთ, ნუ ეცდებით, დაამსგავსოთ პარლამენტი ცირკს”.

ღმერთმა უწყის, ამ თხოვნის გაუთვალისწინებლობის გამოც ხომ არ გადადგა საკუთარი ნებით თანამდებობიდან ზურაბ ჟვანია, თუმცა, ფაქტია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ბედნიერნი ზურაბ ჟვანიას გადადგომით ვერ გახდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფრაქცია აღორძინების წევრი სანდრო ბრეგაძე არ იტყოდა
[სანდრო ბრეგაძის ხმა] “ახლა ნუ დამაჭერინებთ ტრანსპარანტს და ნუ მომათხოვებინებთ ბატონი ზურაბ ჟვანიას დაბრუნებას თავის ადგილზე, ძალიან გთხოვთ.”

2001 წელს გაირკვა, რისი ეშინით პარლამენტარებს. ხალხის მასების აბობოქრების გარდა, ფრაქცია “ოცდამეერთე საუკუნის” პატრიაქ-ლიდერს ვახტანგ ბოჭორიშვილს სხვა რამეც აშინებს:[ვახტანგ ბოჭორიშვილის ხმა] “ მე ძალიან მეშინია იმისა, რომ სულ მალე კოლექტიური სექსები იქნება, როგორც ეგენი ატარებენ.”
ჯანსუღ ჩარკვიანის შიში სხვაგვარია:[ჯანსუღ ჩარკვიანის ხმა] “ მეშინია, რომ იქაც ჩააწყობენ და გიჟები ჩვენ გამოვალთ”
ეს შიში პარლამენტარ დავით გამყრელიძის ინიციატივამ გამოიწვია, რომლის განცხადებითაც:[დავით გამყრელიძის ხმა] “ მე სერიოზულად მინდა დავაყენო ერთი საკითხი. როგორც ექიმი, ჩემს თავს უფლებას ვაძლევ, პირველი მე გავივლი შემოწმებას სამედიცინოს. ახლა მე ამ ტრიბუნაზე ვნახე ფსიქიურად აბსოლუტურად გაუწონასწორებელი კაცის გამოსვლა. მე გთხოვთ ყველას, კოლეგებო, გავიაროთ სამედიცინო შემოწმება და ამის მერე მივიღოთ უფლება ამ პარლამენტში მოღვაწეობის.”

სამწუხაროდ, ეს ინიციატივა რეაგირების გარეშე დარჩა ისევე, როგორც პარლამენტარ ნოდარ გრიგალაშვილის ერთი მისასალმებელი წამოწყება.[ნოდარ გრიგალაშვილის ხმა] “მე ვაპირებდი გამოსვლას, მაგრამ გთხოვთ, რომ მეც გამომირთოთ მიკროფონი.”
2001 წელს პარლამენტში ისევ ვერ მოგვარდა დისციპლინის საკითხი. თურმე, ნუ იტყვით და, ორწლიანი მუშობის მიუხედავად, პარლამენტარები ერთმანეთს არ იცნობენ. ამ პრობლემის მოგვარება პარლამენტარ კობა ამირხანაშვილს ასე წარმოუდგენია
[კობა ამირხანაშვილის ხმა] “ ყოველ დილას, ბატონო როსტომ, სიის ამოკითხვა, მშობლების დაბარება, მერე კრებების ჩატარება... თქვენ თუ ვინმე დეპუტატს არ იცნობთ, ჩამომიწერეთ, თქვენ გააკეთეთ ერთი კარგი პურმარილი და გაიცნობთ სულ ყველას-კარგი ვარიანტია”
პარლამენტარების დაწყნარება კი ხშირად მართლაც უმძიმესი საქმე გახლდათ. ეს თავის თავზე ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმაც გამოსცადა.[გიგი წერეთლის ხმა] “ადგილზე დახვრეტა ჩვენი კანონმდებლობით ჯერჯერობით არ არის და, დამშვიდდით, რა...”
ვახტანგ რჩეულიშვილს წესრიგის დამყარების თვალსაზრისით ფრთების გაშლის საშუალება არ მიეცა, თორემ:[ვახტანგ რჩეულიშვილის ხმა] “მე საერთოდ მიგაჩვევთ წესრიგს”
2001 წელს პარლამენტარები საკუთარი ოცნებებსაც ამჟღავნებდნენ. მთავარი სურვილის- “მე რომ პრეზიდენტი ვიყო” –ს გვერდით, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ მათგანს შემოქმედებითი ამბიციებიც აწუხებთ, რაც, მაგალითად, ვან ბაიბურთისა და დავით მაღრაძის დიალოგითაც გაირკვა:[ ვან ბაიბურთისა და დავით მაღრაძის ხმები] “მე მინდა ვიყო მწერალთა კავშირის წევრი. ვინ ადასტურებს, რომ მე ვარ მწერალი? –მაგას, საერთოდ, მკითხველი ადასტურებს. –მკითხველი როგორ? –აი, ეგრე.”
XS
SM
MD
LG