Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის "ნეზავისიმაია გაზეტას" 25 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულია წერილი სათაურით-"მეგობრობა ნებადართულია",

ეძღვნება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ბორის პასტუხოვის ვიზიტს საქართველოში.

სტატიის ავტორის აზრით, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში ახალი ეტაპი დაიწყო: ბოლოს და ბოლოს თბილისში შედგა ახალ ჩარჩო-ხელშეკრულებასთან დაკავშირებული კონსულტაციები, რომლებიც მანამდე არაერთხელ გადაიდო. გაზეთი მკითხველს შეახსენებს, რომ პასტუხოვის ვიზიტი ნოემბრის შუა რიცხვებში უნდა შემდგარიყო, მაგრამ გადაიდო გარკვეულ მიზეზთა გამო.

“ნეზავისიმაია გაზეტას” თქმით, მოლაპარაკებების გადადება თბილისში მტკივნეულად აღიქვეს. ამ მხრივ არცთუ უმნიშვნელო როლი შეასრულა იმ გარემოებამ, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხში საქართველოს მხოლოდ გარკვეულ დრომდე შეიძლებოდა ჰქონოდა დასავლეთის და, უპირველესად, შეერთებული შტატების მეურვეობისა და მხარდაჭერის იმედი, უფრო ზუსტად კი, ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებამდე, როცა ვაშინგტონს რუსეთის თანადგომა დასჭირდა.

წერილში ნათქვამია, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები უკვე დიდი ხანია საქართველოსათვის არასასურველი მიმართულებით ვითარდება. მაგალითად, გაზეთი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, არ ჩანს არავითარი პროგრესი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში: რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთი ღია იყო და ღია რჩება თბილისის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, რაც საქართველოს პოზიციის სრულ იგნორირებას ნიშნავს. შევარდნაძის სიტყვებით, აფხაზეთის პრობლემა არასოდეს არ გადაწყდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოგვარების გარეშე.

“ნეზავისიაია გაზეტას” აზრით, სადღეისოდ, მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ, უკვე შეიძლება საუბარი იმაზე, რომ გაჩნდა ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების იმედი. ყოველ შემთხვევაში, პირველი კონტაქტით მხარეები კმაყოფილი დარჩნენ. გაზეთის თქმით, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირაკლი მენაღარიშვილი გულახდილი იყო: მისი შეფასებით, ურთიერთობამ საქათველოსა და რუსეთს შორის “სახიფათო ზღვარს” მიაღწია და ახალ ჩარჩო- ხელშეკრულებაზე მუშაობამ ხელი უნდა შეუწყოს არსებული დაძაბულობის განმუხტვას.

თავის მხრივ, პასტუხოვს გვერდი არ აუვლია პანკისის ხების პრობლემისათვის. მისი თქმით, საქართველოში ელოლიავებიან ტერორისტებს, რომლებიც რუსეთის სამხრეთს აწიოკებენ.

გაზეთის თქმით, თბილისში აშკარა კმაყოფილება გამოიწვია პასტუხოვის განცხადებამ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული სავიზო რეჟიმი არანორმალური მოვლენაა და წარმოადგენს მწვავე თემას, ნეგატიურ გამაღიზიანებელს ორმხრივ ურთიერთობებში. ამასთან, ბორის პასტუხოვმა თქვა, რომ ამ გამაღიზიანებლის მოსაცილებლად აუცილებელია მისი გამომწვევი მიზეზების მოხსნა, ანუ რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტების შეღწვის აღკვეთა.

“ნეზავისიმაია გაზეტა” წერს, რომ მოლაპარაკებებზე საუბარი შეეხო სამხედრო ბაზების თემასაც. პასტუხოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა შეასრულა სტამბოლის სამიტის ვალდებულებები: ვაზიანის ბაზა გატანილია, მთავრდება სამუშაოები გუდაუთის ბაზის საბოლოო დახურვასთან დაკავშირებით, გრძელდება მოლაპარაკებები ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზების საქართველოში ყოფნის ვადების თაობაზე. მენაღარიშვილი კი მიიჩნევს, რომ ქართული მხარე ვერ შეძლებს გუდაუთის ბაზის გატანის ფაქტის დადასტურებას, სანამ არ განხორციელდება ბაზის საერთაშორისო მონიტორინიგი.

დასასრულს “ნეზავისიმაია გაზეტა” წერს, რომ მოლაპარაკებების შედეგებს კომენტარი გაუკეთა ედუარდ შევარდნაძემ. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების ახალი ოპტიმისტური პერსპექტივები. თუმცა, მან განაცხადა, რომ ახალ ხელშეკრულებას საქართველო პირველი არ გაუკეთებს რატიფიცირებას. შევარდნაძის თქმით, დაე, მაგალითი მას ამჯერად რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ უჩვენოს.
XS
SM
MD
LG