Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მუშაობდა სასამართლო ხელისუფლება გასულ წელს და რას აპირებს ის გაისად


დავით პაიჭაძე, თბილისი 2001 წლის ბოლო დღე, არა სრული დატვირთვით, მაგრამ მაინც სამუშაო დღე იყო სახელმწიფო სამსახურებისა და ზოგიერთი კერძო სტრუქტურისათვის.

ასე მაგალითად, საქართველოს უზენაეს სასამართლოში დილიდან შეაჯამეს სასამართლოს მუშაობა გასული წლის მანძილზე და მოსამართლე იური ტყეშელაშვილი აირჩიეს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ. განვლილი პერიოდის შესაფასებლად და სამომავლო განზრახვების გასამხელად დავით პაიჭაძემ რამდენიმე კითხვით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ლადო ჭანტურიას.

[ჭანტურიას ხმა]: “მე მიმაჩნია, რომ სასამართლო ხელისუფლება – მე შეურაცხყოფა არავის არ მინდა მივაყენო – სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან და უწყებებთან შედარებით ყველაზე გამართულად მუშაობდა საქართველოში... ჩემი აზრით, ეს იყო მაინც ყველაზე წარმატებული რეფორმა, რაც საქართველოში განხორციელებულა” – მოკლედ ასე შეაფასა გასულ წელს სასამართლო ხელისუფლების მუშაობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. მართლაც, თუ თვალს გადაავლებ ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების ნამოქმედარს ქვეყანაში, მესამე შტო – სასამართლო, მათთან შედარებით, განუზომლად ღირსეულად გამოიყურება. ეს არ ნიშნავს, რომ სასამართლოს პრობლემები არ აქვს და საზოგადოებას ეჭვი არ ეპარება მოსამართლეთა პატიოსნებაში. [ჭანტურიას ხმა]: “ჩვენ მოქალაქეთა არცერთი საჩივარი რეაგირების გარეშე არ დაგვიტოვებია. ათმა მოსამართლემ ახალი სასამართლო სისტემის ამოქმედებიდან დატოვა თანამდებობა – ჩვენ ისინი გავათავისუფლეთ. ეს ძალიან დიდი ციფრია, თუ გავითვალისწინებთ მოსამართლეთა გარანტიებს, რაც კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული”.

ახლა რაც შეეხება ამ გამართული მუშაობის კონკრეტულ მახასიათებლებს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რამდენიმე მოვლენასა და ტენდენციას აღნიშნავს [ჭანტურიას ხმა]: “პირველ რიგში, ვგულისხმობ გამჭვირვალობას სასამართლოთა საქმიანობაში. პრაქტიკულად ყველა დონის სასამართლოში დაინტერესებული პირებისათვის ინფორმაცია იყო ხელმისაწვდომი; თანამშრომლობა მედიასთან იყო კონსტრუქციული, რამაც საშუალება მოგვცა კრიტიკულად შეგვეფასებინა ჩვენი ნაკლოვანებები; გაგრძელდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა გამოქვეყნება, რაც ასევე ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამ გადაწყვეტილებათა გამოქვეყნებამ გარკვეულწილად უზრუნველყო ნდობის გაზრდა მოსახლეობაში – გაიზარდა საქმეთა რაოდენობა; ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობა გვქონდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხოელ მეგობრებთან; ჩვენ ყველა მნიშვნელოვან საკითხს მათთან კონსულტაციების შედეგად ვწყვეტდით. მსოფლიო ბანკი, USAID, ამერიკის იურისტთა ასოციაცია, ევროპის საბჭო, გერმანიის მთავრობა, განსაკუთრებით გამოვყოფდი გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების დამსახურებას... ამან მოგვცა შესაძლებლობა, ჩვენმა მოსამართლეებმა დაიწყონ თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აზროვნება; მათ უკვე შეუძლიათ უცხოელ კოლეგებთან პროფესიულ საკითხებზე დისკუსიებში მონაწილეობა, რაც რეფორმამდე თითქმის წარმოუდგენელი იყო. მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ვიცნობ მაშინდელ დონესაც და დღევანდელსაც”.

სამომავლო სიახლეებიდან კი აღსანიშნავია თბილისის რაიონული სასამართლოების გაუქმება და ერთიანი საქალაქო სასამართლოს შექმნა, რომელსაც ცალ-ცალკე კოლეგიები ექნება. გაისადვე შეიქმნება იუსტიციის უმაღლესი სკოლა და ჩამოყალიბდება უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკა, რაც მსოფლიო იურიდიული აზრის უკანასკნელ მიღწევებსაც მისაწვდომს გახდის ქართველი იურისტებისათვის. გაისადვე შემოიღებენ მმართველი მოსამართლის ინსტიტუტს; ისინი დაინიშნებიან რეგიონების მიხედვით და, ლადო ჭანტურიას თქმით, უზრუნველყოფენ რაიონული სასამართლოების გამართულ ორგანიზაციულ მუშაობას.
XS
SM
MD
LG