Accessibility links

logo-print

2001 წლის მანძილზე ქართულ ინტერნეტში მომხდარი ცვლილებები


საქართველოში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, შესამჩნევი წარმატებით ვითარდება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ინტერნეტის ქსელი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე იკიდებ ფეხს და რეგიონის მოსახლეობას გლობალურ საინფორმაციო რესურსებთან ურთიერთობის საშუალება ეძლევა. თუმცა ამ საინფორმაციო სივრცის ქართულ სეგმენტზე ჯერ კიდევ არის უამრავი პრობლემა, რაც ქართველ მომხმარებელს ინტერნეტის სრულფასოვანი გამოყენების საშუალებას ნაკლებად აძლევს.

ინტერნეტის განვითარების ხარისხი საზოგადოების განვითარებისა და დემოკრატიულობის ერთგვარ ბარომეტრადაც კი იქცა. ამიტომ მთავრობები ცდილობენ ხელსაყრელი პირობები შეუქმნან მოსახლეობის ინტერნეტიზაციას და ამით სახელმწიფოს განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწიონ. ამ კამპანიაში აქტიური როლი უკავია ელექტრონულ პრესასაც, რომელიც სპეციალური გადაცემებით ცდილობს უბრალო მოსახლეობას განუმარტოს, აუხსნას და ასწავლოს ინტერნეტის სიკეთეები.

საქართველოში ინტერნეტის განვითარებისადმი ასეთ მხარდაჭერაზე ოცნებაც კი ნაადრევად გამოიყურება, თუმცა კი ინტერნეტის ქსელი თვითდინებით მაინც იპყრობს საქართველოს სულ უფრო მეტ ტერიტორიას. ახლახანს სოხუმშიც კი გაიხსნა ინტერნეტმომსახურების კომპანია, რომელშიც 40 მდე აბონენტია ჩართული. ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციები და სამთავრობო სტრუქტურები. ცხადია, რომ ეს კარგ საშუალებას იძლევა სეპარატისტულ რეგიონსა და ცენტრს შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლისათვის, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს აფხაზ და ქართველ ხალხს შორის მტრის ხატის ნგრევას. თუმცა ინტერნეტში თითებზე ჩამოსათვლელი ქართული საიტი თუ მოიპოვება, რომელიც დამთვალიერებელს მეტ-ნაკლებ წარმოდგენას შეუქმნის ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ანუ ინტერნეტის ქართულ სეგმენტზე ქართული ინფორმაციის სიმწირეა. მომხმარებელთა უმრავლესობა მსოფლიო აბლაბუდას ძირითადად უცხოური ინფორმაციისა და სერვისის მისაღებად უერთდება.

თუმცა 2001 წლის მანძილზე ქართულმა პრესამ უფრო გაბედულად დაიწყო ინტერნეტის ათვისება, მანამდე მსოფლიო აბლაბუდას კონკურენტადაც კი განიხილავდნენ. ახლა დამოკიდებულება შეიცვალა და საქართველოს ტელერადიო მაუწყებლობამაც კი შექმნა საკუთარი ვებ საიტი, რაც დამოუკიდებელ ტელეკომპანიებს აიძულებს, თავადაც გადადგან ეს ნაბიჯი.

ქართული ინფორმაციისა და ინტერაქტიური ვებმომსახურების მომრავლებასთან ერთად, მოსალოდნელია ინტერნეტის მომხმარებელთა ბუმი. ჯერჯერობით კი მსოფლიო აბლაბუდაში არ არსებობს არც ერთი ქართული საბანკო დაწესებულება, რომელიც ინტერნეტის მეშვეობით თუნდაც ანგარიშის შემოწმების საშუალებას იძლეოდეს. აღარაფერს ვამბობთ ელექტრონული კომერციის უფრო რთულ სახეობებზე.

აგრეთვე, ინტერნეტი შესაძლებელს ხდის, საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დეკლარირებული სახელმწიფო სტრუქტურების საჯაროობის პრინციპი რეალობად იქცეს. 2001 წელს არასამთავრობო ორგანიზაციები ეცადნენ საკანონმდებლო აქტით დაევალდებულებინათ სახელმწიფო სტრუქტურები, საჯარო ინფორმაცია ვებ საიტებზე გამოექვეყნებიათ, მაგრამ პარლამენტში ამ საკითხის განსახილველად ერთი კომიტეტის გარდა ჯერ ვერავინ მოიცალა.

თავად სატელეკომუნიკაციო ფირმებიც კი თავს იკავებენ ინტერნეტსერვისის დანერგვისაგან, არადა სწორედ ამ ტიპის ორგანიზაციებს შესწევთ ძალა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ქართული ვების განვითარებაში. მაგალითისათვის ისიც კმარა, რომ სატელეფონო მომსახურების ფირმებს ურჩევნიათ სალაროები გახსნან, შტატები გაზარდონ და ასე აკრიბონ სატელეფონო გადასახადები, ვიდრე ერთი სერვერი შეიძინონ და აბონენტებსთანხის გადახდის საშუალება რიგებში დგომის ნაცვლად ინტერნეტით მისცენ.

უფრო მეტიც, თანამედროვე ტექნოლოგიით შექმნილმა სატელეფონო კომპანია „ახალმა ქსელებმა“ 2001 წლის ბოლოს, ინტერნეტის მომხმარებლებს წუთობრივი გადასახადი დაუწესა. ანუ ინტერნეტთან შეერთების საფასური გაორმაგდა. მომხმარებელი „ახალ ქსელებსაც“ უხდის გადასახადს და ინტერნეტის მომწოდებელ კომპანიასაც. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს მსოფლიო კომპიუტერულ ქსელთან მიერთების მსურველთა რაოდენობას. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში კი უკუპროცესი მიმდინარეობს, ”ახალი ქსელების” მსგავსი კომპანიები, მომხმარებელს თავად სთავაზობენ იაფფასიან და ხარისხიან ინტერნეტშეერთებას.

2001 წელს ქართული ინტერნეტის მთავარ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს საერთაშორისო სტანდარტის უნიკოდის ქართული კომპიუტერული შრიფტების პოპულარიზების დაწყება. აქამდე მის გავრცელებას სახელმწიფო სტრუქტურები უწევდნენ წინააღმდეგობას და არასტანდარტულ კოდირებას ამკვიდრებდნენ, რაც ქართული ინტერნეტის განვითარების კიდევ ერთ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენდა. უნიკოდის ქართულის გავრცელება კომპიუტერთან მომუშავე ყველა ქართველს ერთმანეთთან მშობლიურ ენაზე უპრობლემოდ ურთიერთობის საშუალებას აძლევს.
XS
SM
MD
LG