Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


ტრადიციულად, ახალი წლის ღამეს, ადამიანები ძველ წელს აცილებენ ხოლმე.

ტრადიციულად, ახალი წლის ღამეს, ადამიანები ძველ წელს აცილებენ ხოლმე. საქართველოში “ძველი წლის” სადღეგრძელოებს შარშანაც სვამდნენ, როცა მსოფლიო ძველ საუკუნეს, ძველ ათასწლეულს ემშვიდობებოდა. მეოცე საუკუნე წარსულს ჩაბარდა. თუმცა, მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა. ახალ წელს საქართველოში ისევე ხვდებიან, როგორც 40, 60 წლის წინ. შეიცვალა მხოლოდ სიტყვები... ჩვენი ყოველკვირეული პროგრამა “ოქროს საუკუნე” დღეს სწორედ ამ სიტყვებს გაგახსენებთ: მოვისმენთ სტალინური ეპოქის ოფიციალურ ქრონიკას, რომელიც საახალწლო სამზადისს ეძღვნება.

ისტორიკოსებს უჭირთ იმის ახსნა, თუ რატომ აღადგინა 30-იან წლებში იოსებ სტალინმა პეტრე პირველის შემოღებული და ბოლშევიკების მიერ აკრძალული საახალწლო დღესასწაული. ფაქტია, რომ საბჭოთა მშრომელებს არანაირი ეჭვი არ გასჩენიათ “რეაბილიტირებული” საშობაო სიმბოლოსთან, ნაძვის ხესთან დაკავშირებით. მშრომელთა ბავშვებსაც ვერ უხსნიდნენ, თუ რატომ გამოჩნდება ხოლმე საახალწლოდ თოვლის პაპა და რატომ არიგებს იგი საჩუქრებს... არადა, 1936 წელს უზარმაზარი ნაძვის ხე უკვე კრემლში დადგეს. საახალწლოდ მორთული დარბაზის კედლებს ბელადის პორტრეტი ამშვენებდა. საპატიო სტუმრებს შორის კი იყვნენ სტახანოველები, შრომის გმირები, რომლებმაც წლის გეგმა გადაჭარბებით შეასრულეს.

ახალი წელი საბჭოთა მშრომელებისთვის სტიმული უნდა გამხდარიყო. საახალწლო საჩუქარს სახელმწიფოსგან ის მიიღებდა, ვინც გადაჭარბებით შეასრულებდა სოციალისტურ გეგმას. პირველ რიგში სწორედ მათ მიიწვევდნენ დიდ ნაძვის ხეზე, კრემლში, მათ სადღეგრძელოს შესვამდა ბელადი. სწორედ ისინი მოხვდებოდნენ საახალწლო ქრონიკაში. [დიქტორის ხმა] “დღეს მისთვის სასიხარულო დღე გათენდა –ჯავახიშვილს გადაეცა ახალი ბინის ორდერი. მთელი საცხოვრებელი სახლი, კეთილმოწყობილი კოტეჯი მიიღო მოწინავე მუშამ. ბინა დაამშვენა ოჯახის ბედნიერების სიმბოლომ, ბელადის სურათმა”.

საბჭოთა ეკონომიკისთვის დამახასიათებელი პრინციპი: წარმოების ქცევა სპორტის ახალ სახეობად, შრომის გმირისა კი – ვარსკვლავად, რომელსაც პროპაგანდა კინომსახიობზე უფრო პოპულარულს ხდიდა, ყველაზე მეტად სწორედ ახალი წლის წინ ვლინდებოდა ხოლმე. სტალინის ეპოქაში ტელევიზია ჯერ არ ფუნქციონირებდა, ამიტომ ახალი წლის დღესასწაულის შემოღებისთანავე საფუძველი ჩაეყარა კოლექტიურ სვლებს კინოთეატრებში, სადაც მაყურებელს ახლად გადაღებულ ქრონიკას სთავაზობდნენ და შრომის გმირებს “წლის ადამიანებად” აცხადებდნენ. [დიქტორის ხმა] “ახალ წელს თბილისის საწარმოები ახალი შრომითი მიღწევებით შეხვდნენ სტალინის სახელობის ორთქლმავალმშენის საწარმომ გასული წლის გეგმა ათ თვეში შეასრულა... ბრიგადის წევრები მონდომებულად მუშაობდნენ და აი, საახალწლოდ მწყობრში ჩადგა კიდევ ერთი ელექტრომატარებელი, რომელიც ხვალიდან თამამად დაიწყებს ქროლვას ჩვენი ქვეყნის რკინიგზებზე”.

საახალწლო დღესასწაული არა მარტო საბჭოთა ეკონომიკის სტიმულად მოიაზრებოდა. ახალი წლის ზეიმზე საბჭოთა ადამიანს სასწაულების უნდა დაეჯერებინა და დარწმუნებულიყო, რომ ამ ქვეყანაში ყველას შეუძლია გახდეს სახელგანთქმული, ყველას შეუძლია ეამბოროს ბელადს და, რაც მთავარია, კინოქრონიკის გმირად იქცეს. მუშასაც, კოლმეურნესაც, მასწავლებელსაც, უბრალო თერძსაც კი. [დიქტორის ხმა] “დიდი გამოცოცხლება დაეტყოთ თბილისის სამკერვალოებსაც. თბილვაჭრობის მოდების ატელიემ, რომელსაც გამომჭრელი ხორენიანი ხელმძღვანელობს, საახალწლოდ მრავალი შეკვეთა მიიღო. ოსტატის მუშაობით კმაყოფილნი არიან ცნობილი ფეხბურთელი გაგუა, გრბოედოვის სახელობის თეატრის მსახიობი სკლარევსკაია, რესპუბლიკის სახალხო არტისტი ილიკო სუხიშვილი. ამ ატელიემ გასული წლის გეგმა შეასრულა 110 პროცენტით”.

1936 წელს, სწორედ მაშინ, როცა საბჭოთა კავშირში ახალი წლის შეხვედრა დაიწყეს, ქვეყანაში ახალი, სტალინის კონსტიტუცია ამოქმედდა. მისი ეგრეთ წოდებული “სახალხო განხილვა” სწორედ 1935 წლის მიწურულს, ახალი წლის დღეებში დაიწყო. კონსტიტუციის თანახმად, საბჭოთა კავშირი აღარ მოიაზრებოდა პროლეტარიატის დიქტატურის სახელმწიფოდ. საბჭოთა კავშირი გადაიქცა საერთო-სახალხო სახელმწიფოდ, სადაც განვითარებული სოციალიზმი უკვე აშენდა. ახალი კონსტიტუციით საბჭოთა კავშირი მოიაზრებოდა ქვეყნად, სადაც მაქსიმალურად იყო დაცული ადამიანის უფლებები.

ამავე დროს, ახალი წლის აღდგენისთანავე, მოსახლეობას ახსენებდნენ, რომ მტერი ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუშალოს საბჭოთა კავშირში სოციალიზმის განმტკიცებას. ამიტომ შრომის გმირებთან ერთად საახალწლო დღესასწაულების ცენტრალურ პერსონაჟებად ქვეყნის დამცველები ხდებოდნენ ხოლმე. საქართველოში ასეთ როლს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი ასრულებდა. ყველაზე “პრესტიჟული ნაძვის ხე” სწორედ აქაური ჯარისკაცებისთვის იდგმებოდა. ნიშანდობლივია, რომ მეომართა დღესასწაულის ამსახველ ქრონიკას აღმოსავლური მუსიკით აფორმებდნენ. მოსახლეობას თითქოს ახსენებდნენ, რომ საქართველოს მტრისგან მთელი საბჭოთა ხალხი, მათ შორის აზერბაიჯანის, შუა აზიის რესპუბლიკების ჯარისკაცებიც იცავენ. [დიქტორის ხმა] “ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის, ქალაქ თბილისის წითელი არმიის სახლში მხიარულად და ბედნიერად გაატარეს საახალწლო ნაძვის ხის დღესასწაული მეთაურთა და უფროსთა ბავშვებმა”.

ახალი წლის შეხვედრა ყველგან და ყოველთვის უფრო მეტად ბავშვებს უხაროდათ. სტალინის ეპოქა ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა, თუმცა ამ პერიოდის ქართულ ქრონიკაში კარგად ჩანს, რომ საბჭოთა იდეოლოგები საახალწლო დღეებში ბავშვების “დამუშავებას” მშვენივრად ახერხებდნენ. ტრადიციულად, ახალი წლის შეხვედრამდე სკოლებში იმართებოდა შეხვედრები “გამოჩენილ ადამიანებთან”, თავისებურ “თოვლის პაპებთან”, რომლებიც არა მარტო საჩუქრებს, არამედ “შეგონებებსაც” არ აკლებდნენ მოწაფეებს. [დიქტორის ხმა] “მხიარულად შეხვდნენ თბილისის ლენინის სახელობის 42-ე სკოლის მოსწავლეები საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს, დრამატურგ შალვა დადიანს და ამიერკავკასიის ოლქის ჯარების მეთაურს, ამხანაგ ტიულენევს. ამხანაგმა ტიულენევმა წინადადება მისცა მოსწავლეებს, დაედოთ სოციალისტური შეჯიბრების ხელშეკრულება: თქვენ გვაძლევთ პირობას, რომ ისწავლით მხოლოდ ფრიადებზე, ხოლო ჩვენ კი, მებრძოლები, მეთაურები და პოლიტმუშაკები, პირობას ვიძლევით, რომ ყოველთვის მუშურ-გლეხური წითელი არმიის პირველ რიგებში ვიქნებით”.

სტალინის ეპოქაში, როცა მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ კომუნიზმი ქვეყანაში დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად აშენდება, ბავშვი ნათელი მომავლის სიმბოლოდ იხატებოდა... და რადგანაც საახალწლო დღესასწაულის ერთ-ერთი ცენტრალური პერსონაჟი ბავშვი იყო, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 1936 წელს, რეპრესიების დაწყების ეპოქაში აღდგენილი ახალი წლის დღესასწაული ხელისუფლებას პირველ რიგში მოსახლეობის ინფანტილიზმის განმტკიცებისთვის სჭირდებოდა. ინფანტილური ინტონაცია სტალინის ეპოქის საახალწლო ქრონიკის დამახასიათებელი მხარე გახდა. [დიქტორის ხმა] “ხრამჰესის შუქმა უფრო გააჩირაღდნა საქართველოს დედაქალაქი, ეს იყო ახალი წლის წინა ღამე, ბედნიერებით მოდიოდა საბჭოთა ხალხის საამური ცხოვრების 1948 წელი. ათასფრად აბრჭყვიალდა საახალწლო ნაძვის ხე, ბავშვებთან მოვიდა თოვლის ბაბუა და ბედნიერება მოულოცა ჩვენი ცხოვრების შესანიშნავ ყვავილებს, ბავშვები გარშემო უვლიდნენ ხრამჰესის შუქით განათებულ ნაძვის ხეს, ისმოდა მათი წკრიალა ხმები, “აბრჭყვიალდი, აელვარდი საყვარელო ნაძვის ხეო, ჩვენ ბელადმა გაგვახარა, გაგვითენა ტკბილი დღეო”. მუდამ ასე ტკბილად უმღერენ ბავშვები საყვარელ სტალინს”.

ცხადია, საბჭოთა ბელადი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა და ოდესმე აუცილებლად აღადგენდა ახალი წლის დღესასწაულს. არ არის გამორიცხული, რომ ამ საბავშვო სიმღერის გაგონებაზე – “ბელადმა გაგვახარა, გაგვითენა ტკბილი დღეო” – სემინარიის ყოფილ მოწაფეს რელიგიური ექსტაზიც ეგრძნო. დასავლეთის სამყარო შობაზე ქრისტეს უმღეროდა. აქ კი, საშობაო ნაძვის ხესთან, სტალინს უგალობდნენ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG