Accessibility links

logo-print

ახალ წელთან ერთად ევროპა ახალ ფულს ეგებება


2002 წლის 1 იანვარი ევროპის, ასე ვთქვათ, ვალუტის ისტორიაში (ეს ისტორია კი მდიდარია), შევა როგორც უდიდესი ცვლილების დღე.

ევროპის კავშირის 15 სახელმწიფოდან 12-ში მოძრაობას დაიწყებს ფულადი ერთეული ევრო, ნაღდი ფულის სახით. ჩამოგითვლით ამ ქვეყნებს: ავსტრია, ბელგია, გერმანია, ესპანეთი, იტალია, ირლანდია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი და ფინეთი. ევრო იქნება გადახდის ოფიციალური საშუალება, აგრეთვე, ვატიკანში, სან-მარინოში, მონაკოსა და ანდორაში. აქვე შეგახსენებთ, რომ ევრო გადახდის საშუალება უკვე რა ხანია არის, უბრალოდ, მას აქამდე მხოლოდ საბანკო ანგარიშსწორების გზით იყენებდნენ.

მაშ ასე, პირველი იანვრიდან 300 მილიონი ევროპელი დაიწყებს თავისი მარკისა თუ ფრანკის, ლირისა თუ გულდენის დავიწყებას და გადავა ევროზე. საფიქრებელია, რომ დავიწყება იოლად არ მოხდება. მარტო ჰოლანდია რომ ავიღოთ, იქ გულდენმა 700 წელიწადს იარსება.

ევროპის ცენტრალური ბანკის თანახმად, 15 მილიარდი ბანკნოტი დაბეჭდეს სულ 630 მილიარდი ევროს, ანუ 557 მილიარდი დალარის ოდენობისა. რაც შეეხება ხურდა ფულს, ცენტს, 51 მილიარდი მონეტა მოიჭრა, 16 მილიარდი ევროს საფასურისა.

ბანკებსა და მაღაზიებს მომავალ დღეებში ფართო სატრანსპორტო აქტის გაძლება მოუწევთ, ხუმრობა ხომ არ არის, ამდენი ფული უნდა მივიდეს იქ, საიდანაც ხალხი მას მიიღებს. ამასთან, დიდი ჯაფა დაადგებათ ინჟინრებს და ტექნიკოსებს – მათ, ვინც სხვადასხვა სახის ავტომატები უნდა გამოცვალოს და ევროს შესაბამისად მოაწყოს.

იცით, რომ 28 თებერვლამდე ევროს პარალელურად ძველი ფულიც იმოძრავებს, ანუ გადახდის საშუალებად კვლავ დარჩება. ევროს 7 ბანკნოტი არსებობს: ერთიდან 500 ევრომდე. წვრილი ფულის 8 მონეტა გაჩნდება: ერთი ცენტიდან 2 ევრომდე.
საბოლოოდ, ევროპის ქვეყნების ეგრეთ წოდებული ეროვნული ვალუტები გაქრება 2002 წლის ივლისში, როცა ევროზე მათ გადახურდავებას უკანასკნელი ბანკებიც შეწყვეტენ.

ევროპის საფინანსო დედაქალაქში, გერმანიის ქალაქ მაინის ფრანკფურტში, გაიმართა მიმოქცევაში ევროს ნაღდი ფულის შესვლის საზეიმო ცერემონია. მასზე ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ, ვიმ დუიზენბერგმა თქვა: [ვიმ დუიზენბერგის ხმა] “ახალი წლის ღამეს ტრადიციულად წარსულს გადავავლებთ თვალს, მაგრამ მომავალსაც შევხედავთ ხოლმე, თანაც იმედით, იმედით ევროს ბანკნოტების და მონეტების მიმოქცვაში შესვლასთან დაკავშირებით”.

ასე დასრულდება ევროპის ისტორიის ის ფურცელი, რომელიც სახელმწიფოებს, ერთმანეთისგან ბევრი თვალსაზრისით განსხვავებულ ხალხებს, ერთმანეთისგან ფულითაც გამოყოფდა.
ცნობილია, რომ ევროს მომხრეც მრავლად ჰყავდა და მოწინააღმდეგეც, ბევრი მომავალს იმედით უყურებს და არცთუ ცოტა პესიმისტურადაა განწყობილი, რადგან შეუძლებელია, ერთი ვალუტა ჰქონდეს ორ ქვეყანას, მაგალითად, როცა მათი საგადასახადო სისტემები განსხვავებულია.

და კიდევ ერთი: შემოღების მომენტში, 2000 წელს, ევროს კურსი დოლართან მიმართებით, 1,17 იყო. 31 დეკემბერს, საღამოს, ეს მაჩვენებელი 1,12 უდრიდა. სხვა არა დაგვრჩენია, ევროს კარგი მომავალი ვუსურვოთ.
XS
SM
MD
LG