Accessibility links

logo-print

ახალი წლის ღამის აღმოჩენები


თამარ ჩიქოვანი, თბილისი სამწუხაროდ, სტატისტიკური მონაცემები არაფერს ამბობს, რამდენი გოჭი დაიკლა საახალწლოდ საქართველოში, ან რამდენმა ინდაურმა ამოყო თავი საცივში, ან თუნდაც რამდენი ლიტრი ღვინო დაილია.

თუმცა, ალბათ, ყოველგვარი სტატისტიკის გარეშეც შეიძლება ითქვას, რომ ახალი წლის ღამეს ყველას პესიმისტების ჩათვლითაც, იმედიანი განწყობა ჰქონდა.

დაპირებული 24-საათიანი ელექტრომომარაგებისა და ზამთრისთვის უჩვეულო თბილი ამინდის გარდა, წლის ბოლო ღამის მიწურულს იმედიან განწყობას 2002 წლის, ასე ვთქვათ, სიმეტრიულობაც ქმნიდა. სხვადასხვა ქვეყნის ასტროლოგები ერთხმად აცხადებენ, რომ 2002 წელი მსოფლიოს წინსვლას და პროგრესს მოუტანს. საახალწლოდ კარგს ადამიანი ადვილად იჯერებს, მაგრამ ზედმეტი არ იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმის “კუჩხი ბედნიერის” პერსონაჟის რჩევის გათვალისწინებაც [ხმა ფილმიდან “კუჩხი ბედნიერი”] “ახლა მართლა და, მარტო ჩემს ფეხებს ნუ ენდობი. პატარა ტვინიც გაანძრიე. ასეა საჭირო”.

გულახდილად რომ ითქვას, პირველ იანვარს ეს რჩევა ცოტა უადგილოდ გამოიყურება. 1 იანვარს შუადღისას თბილისის ქუჩები უკაცრიელი იყო – თბილისელები, როგორც ჩანს, უძილო ახალი წლის ღამის კომპენსირებით იყვნენ დაკავებულნი. ღამეს კი, ტრადიციის მოყვარული თბილისელებიც კი, ვინც ახალი წლის სახლში შეხვედრას ანიჭებს უპირატესობას, ნამდვილად სასიამოვნო აღმოჩენებს გააკეთებდნენ ტელევიზიით საახალწლო პროგრამების ყურებისას. მართლაც, სასიამოვნოა იმის აღმოჩენა, რომ სამამულო პოლიტიკოსები არაფრით ჩამოუვარდებიან სამამულო შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს, რისი დემონსტრირებაც ახალი წლის ღამეს წარმატებით მოახდინეს პარლამენტარებმა ელენე თევდორეძემ, ლევან გაჩეჩილაძემ, ზურაბ ჟვანიამ, სტალინელმა გრიშა ონიანმა – ყველას ვერ ჩამოვთვლი. კიდევ ერთი აღმოჩენა – როგორც ჩანს, ქართველებს მოგზაურობა გვიყვარს. ყოველ შემთხვევაში, სხვადასხვა ტელეკომპანიის საახალწლო გადაცემის სიუჟეტი ან მატარებელში, ან თვითმფრინავში, ან ავტობუსში ვითარდებოდა. და კიდევ ერთი – ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციების კრიტიკის მიუხედავად, როგორც ჩანს, გულის სიღრმეში ქართველებს პოლიციელები მაინც გვიყვარს – წინააღმდეგ შემთხვევაში ძველი ასახსნელია, რატომ ფიგურირებდნენ ისინი, ანუ პოლიციელები, ყველა გადაცემასა თუ კლიპში.

სხვათაშორის, საახალწლო ღამეს ახალი ტელეკომპანიის “ტელე-იმედის” პირველმა გადაცემამ ნათელყო, რომ 2002 წელს საქართველოში ტელებიზნესში ნამდვილი კონკურენციის ელემენტები გაჩნდება. კიდევ ერთი რამ გაირკვა 1 იანვარს – კერძოდ, ვის უნდა ეშინოდეს 2002 წელს. [ედუარდ შევარდნაძის ხმა] “მე ბრძანებულებას გამოვცემ და ვინც ტყეს მოჭრის, ვინც ხეს მოჭრის და ნაძვის ხეს მოჭრის – მისი საქმე ცუდად იქნება”.

ეს განცხადება პრეზიდენტმა შევარდნაძემ 1 იანვარს პრეზიდენტის ნაძვის ხესთან გააკეთა. ნაძვის ხე – თავისათავად ცხადია, ხელოვნური გახლდათ. სამაგიეროდ, ბავშვები იყვნენ ნამდვილი და ნამდვილად უხაროდათ ახალი წლის მოსვლა.
XS
SM
MD
LG