Accessibility links

logo-print

როგორ შეხვდნენ ახალ წელს საქართველოში?


2002 წელს საქართველოში ტრადიციულად შეხვდნენ, დაახლოებით ისე, როგორც აქამდე ხვდებოდნენ.

საზოგადოების ნაწილმა ახალი წლის ღამეს რესტორნებში მოილხინა და ამ მოლხენისთვის ბევრი ფულიც დახარჯა; მოსახლეობის უმრავლესობა კი ოჯახურ ცერემონიებს დასჯერდა და ძველი წელი ტრადიციული ოჯახური სუფრით გააცილა, რაც საშუალო შეძლების ოჯახებს 200-250 ლარი მაინც დაუჯდათ. კარგა ხანია, ასე დამკვიდრდა: საახალწლოდ ქართველმა კაცმა ყველაფერი უნდა მოიკლოს და ახალ წელს ღირსეულად, სურსათ-სანოვაგით მომარაგებული უნდა შეხვდეს.

ახალი წლის წინა დღეებში თბილისის “დეზერტირების” ბაზარში არ შეისვლებოდა. იქ გაცხარებული წინასაახალწლო ვაჭრობა მიმდინარეობდა. გაჭირვების მიუხედავად, ახალი წლისთვის ხომ შეუძლებელი უნდა შევძლოთ და საახალწლო სუფრა მინიმუმ ტკბილეულით, მაქსიმუმ საცივით და გოჭით უნდა დავამშვენოთ. ამას ემატება საახალწლო ნაძვის ხე. ცოცხალი ნაძვის ხე უფრო იაფია, ვიდრე ხელოვნური. აკრძალვის მიუხედავად, თბილისის ქუჩებში უამრავი ნაძვი გაიყიდა. ახალი წლისთვის საქართველოში ნაძვის უნიკალური ჯიშები გაიჩეხა.
ახალი წლის მომლოდინეები კი წინასაახალწლო სიძვირეს არ შეეპუენ, ნაძვის ხეებიც შეიძინეს და სურსათიც, რადგან, ტრადიციის მიხედვით, თუ ახალ წელს ბარაქიანად, თანაც ხალისით შევხვდებით, მომავალი კეთილდღეობა გარანტირებული გვექნება. არსებობს კიდევ ერთი მიზეზიც, როგორც ამბობენ: [ერთ-ერთი მოქალაქის ხმა] “ქართველი კაცის უმთავრესი განმაპირობებელი არის სიცოცხლის სიყვარული და ეს სიცოცხლის სიყვარული გამოიხატება ყველაფერში, მათ შორის სუფრაზე, ქეიფში”.

რადგან სიცოცხლის სიყვარულის სუფრაზე, ქეიფში გამოხატვას ვერ გავცდით, გვინდა თუ არ გვინდა, გვაქვს თუ არ გვაქვს, ქეიფისთვის, მით უფრო საახალწლო სუფრისთვის, შეუძლებელი უნდა შევძლოთ. ერთი ქართული ოჯახის უფროსის განმარტებით, მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი საახალწლო სუფრა, საქართველოში, წელს საშუალოდ 200-250 ლარი მაინც დაჯდა.

[თემურ ლიპარტიას ხმა] “ საშუალო ოჯახს, იმისათვის, რომ ნორმალური საახალწლო სუფრა ჰქინდეს, 200-250 ლარი მაინც სჭირდება. ძალიან ძვირია ნიგოზი, 12 ლარი ღირს. გოჭი 60-65 ლარი, ინდაური 40, თუმცა გააჩნია, ზოგი 45-50 ლარიც ღირს.’

თემურ ლიპარტიამ, ისევე, როგორც სხვა უამრავმა ჩვენგანმა, წინასაახალწლოდ თადარიგი დაიჭირა და ყველაფერი იღონა, რომ საახალწლო სუფრა, ტრადიციული ატრიბუტიკით დაემშვენებინა. მისი თქმით, ქართული ადათ-წესი გვეუბნება:

[თემურ ლიპარტიას ხმა] “ან უნდა ისესხო, ან უნდა მოიკლო, წინასწარ დააგროვო ფული ამ დღისთვის. ეს ისეა გამჯდარი ქართველი კაცის სისხლში და ხორცში, რომ ყველაფერს მოიკლებს იმისთვის, რომ ახალ წელს შეხვდეს. იმ ახალი წლისთვის, სიტკბოსთვის და სილამაზისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო.”

ასე ვხვდებით ახალ წელს, რადგან, კარგია თუ ცუდია, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია, უკეთესი მომავლის რწმენა კი საახალწლო დღეების უმთავრესი შემადგენელია.

ახალმა წელმა ჩვენი ქვეყნის მკვიდრთა ოჯახებში ახალი იმედები შეიტანა. ამ იმედების გამართლების საწყისად კი შეძლებისდაგვარად ტრადიციული და მხიარული საახალწლო სუფრა ითვლება. დანარჩენი თავად ახალმა წელმა უნდა მოგვიტანოს. ღმერთმა ქნას, ეს წელი საქართველოსთვის უკეთესი მომავლის მომტანი ყოფილიყოს.
XS
SM
MD
LG