Accessibility links

საახალწლო სუფრა და კვების პროდუქტების სტანდარტები


საქართველოში სურსათის ხარისხის კონტროლი სერიოზულ პრობლემად არის ქცეული.

პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს ის გარემოება, რომ ხელისუფლებას ამ საკითხის მოგვარებაზე სერიოზულად ჯერ ფიქრიც არ დაუწყია. ხშირად გაიგონებთ ნახევრად ხუმრობით ნათქვამს, ჩვენი ორგანიზმები უვარგის საკვებს შეეგუა და, როგორც ჩანს, იმუნიტეტიც გამოიმუშავაო. დღეს საახალწლო სუფრასა და კვების პროდუქტების სტანდარტებზე გესაუბრებით.

ხიზილალის ქილაში აღმოჩენილი ჟელატინის თეთრი ბურთულები, მწარე კარაქი, დამდნარი (“შიგთავსგაპარული”) შოკოლადი, ლაყე კვერცხები და ასე შემდეგ, დღევანდელი სამომხმარებლო ბაზრის ჩვეული რეალობაა. მაგრამ მაინც ძნელია, თუკი ჩამოთვლილ პროდუქტებში ადამიანი სიმწრით შეკოწიწებულ ფულს იხდის და კიდევ უფრო ძნელია, თუკი ეს ყველაფერი საახალწლო სუფრას უკავშირდება.

ისე კი, არავის გაუკვირდება თუ ვიტყვით, რომ საქართველოს მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ან შიმშილობს, ან ერთგვარი შიშის თანხლებით იკვებება. ცნობიერად თუ არა, ქვეცნობიერად მაინც ყველა მოელის, რომ ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება გავრცელდეს ხმა, მაგალითად, ძეხვში ან არაჟანში (რომელსაც საქართველოს მოსახლეობა მიირთმევს) აღმოჩენილი, ჯანმრთელობისთვის მეტად სახიფათო ჩხირების შესახებ. ამგვარი “სიურპრიზებით” გასული წელი მართლაც რომ სავსე იყო და ისინი, სამწუხაროდ, ალბათ არც 2002 წელს მოგვაკლდება.

პროდუქციის ხარისხის კონტროლზე პრეტენზიას შარშან 20-ზე მეტი ორგანიზაცია აცხადებდა, თუმცა, როგორც წესი, პასუხისმგებლობის აღება არც ერთ მათგანს არ სურდა.

“საქსტანდარტის” ხელმძღვანელის, ბადრი შოშიტაიშვილის თქმით, აუცილებელია პროდუქციის კონტროლის მაკოორდინირებელი სამსახურის შექმნა, რომელსაც კონკრეტული უფლებები მიენიჭება და შედეგებზე პასუხიც კონკრეტულად მოეთხოვება. საქართველოს გადამხდელთა კავშირში გაერთიანებულ მეწარმეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხარისხის კონტროლი “საქსტანდარტის” ფუნქციაში უნდა შედიოდეს. თუმცა კონტროლამდე, ხსენებული უწყების უპირველეს ამოცანას ეროვნული სტანდარტების განსაზღვრა უნდა წარმოადგენდეს. შედარებისთვის მოგახსენებთ, რომ, მაგალითად, სომხეთს უკვე 1000-ზე მეტი სტანდარტი აქვს შემოღებული, მაშინ, როცა საქართველოში მათი რიცხვი ჯერ მხოლოდ 60-ით შემოიფარგლება. არადა, ეროვნული სტანდარტების გარეშე ქვეყანა ბრმად საუბრობს პროდუქციის ხარისხზე და მისაღებსა და მიუღებელს შორის ობიექტური ზღვარის გავლება უჭირს.

სამწუხაროდ, მრავალ ოჯახში საახალწლო სუფრა სწორედ ფალსიფიცირებულმა პროდუქციამ გაშალა. სულ არაფერს ისევ იაფფასიანი და უხარისხო ჯობიაო – ამბობენ ისინი, ვისი საფულეც პრაქტიკულად ცარიელია. თუმცა ასეთებიც კი, ახალ წელიწადს განახლებული იმედით უყურებენ და სჯერათ, რომ 365 დღის შემდეგ გაცილებით უკეთ, ანუ ადამიანურად შეხვდებიან 2003 წელს; რომ ექნებათ ის, რაც უნდათ და არა ის, რისი საშუალებაც აქვთ. დღესასწაულით ამაღლებული განწყობილება ადამიანებს აძლევს უფლებას, იოცნებონ მაინც, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებთა პროცენტული მაჩვენებელი ტრადიციისამებრ კი არ გაიზრდება, არამედ თანდათან შემცირებას დაიწყებს, ხოლო საარსებო მინიმუმი ასე სასაცილოდ დაბალი აღარ იქნება. შეგახსენებთ, რომ ზრდასრული, შრომისუნარიანი მამაკაცისთვის ყოველთვიური სამომხმარებლო კალათა (ანუ საარსებო მინიმუმი) 120 ლარს შეადგენს, ხოლო ყველა დანარჩენისთვის (აქ, სხვათა შორის ზრდასრული, შრომისუნარიანი ქალბატონებიც შედიან) მხოლოდ 105 ლარს გულისხმობს. სასაცილოა, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ვიღაც-ვიღაცებმა სქესთა შორის ასეთი, 15-ლარიანი განსხვავება დააწესეს.

დიახ, გაჭირვებით დაღლილი ადამიანები მშვენიერ მომავალზე ოცნებობენ და როგორც ერთ-ერთი მათგანი ამბობს, კარგია, რომ ხელისუფლებას ხალხის ოცნებაზე მაინც არ მიუწვდება ხელი, თორემ ოცნებაც კარგა ხნის მიტაცებული ექნებოდაო.
XS
SM
MD
LG