Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში განთავსებულ სამშვიდობო ძალებს მანდატი ამოეწურა


2001 წლის 11 ოქტომბრის დადგენილებით, საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტს ურჩია, განეხილა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების შემდგომი ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხი.

თუმცა, ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც ამ გადაწყვეტილების მთავარი ინიციატორიც კი იყო, გადამჭრელი ზომების მიღებას არ ჩქარობს. ამასობაში კი, 2001 წლის 1 იანვარს, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეგიდით მოქმედი სამშვიდობო ძალების მანდატს ვადა ამოეწურა.

7 წლის წინ, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კოლექტიური სამშვიდობო ძალების 1700-კაციანი კონტინგენტის შესვლას საქართველოს ხელისუფლება დიდი ზარ-ზეიმით შეხვდა. იმხანად ოფიციალური თბილისი თითქმის დარწმუნებული იყო, რომ სამშვიდობო მისიის რუსეთისთვის დელეგირებით ავტომატურად გადაიჭრებოდა აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსისა და სამშობლოში ლტოლვილთა უპირობო დაბრუნების საკითხები.

თუმცა, კაცმა არ იცის, რას ემყარებოდა საქართველოს ხელისუფლების ასეთი ენთუზიაზმი. სამშვიდობო ძალებს მანდატით მხოლოდ მდინარე ენგურის გაყოლებით, უსაფრთხოების 24-კილომეტრიან ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება ევალებოდათ, ლტოლვილთა დაბრუნება და სტატუსის განსაზღვრა კი უშუალოდ კონფლიქტში დაპირისპირებულ მხარეების პრეროგატივას წარმოადგენდა.

ცოტა ხანში ქართულმა მხარემ იმის გაცნობიერებაც დაიწყო, რომ მშვიდობისდამცველთა მანდატის ნებისმიერი ცვლილება შეთანხმებული უნდა ყოფილიყო აფხაზთა მხარესთან, რომელსაც მანდატის გაფართოებაზე, ბუნებრივია, საუბრის გაგონებაც არ სურდა. ეს, ფაქტობრივად, ჩიხში შესვლას ნიშნავდა, საიდან გამოსვლასაც საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეგიდით მოქმედი სამშვიდობო ძალების კრიტიკითა და კონფლიქტის ზონაში მოქმედი პარტიზანული მოძრაობის ხელშეწყობით შეეცადა.

ღირს გავიხსენოთ, რომ 1996-97 წლებში კონფლიქტის ზონაში გახშირებულ დივერსიულ აქტებს 50-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, რის შემდეგაც სამშვიდობო ძალები აშკარად აღარ მალავდნენ არაკეთილგანწყობას საქართველოს მხარის მიმართ.

დღეს რატომღაც ყველა ცდილობს მიივიწყოს, თუ რა პროცესები უძღოდა წინ 1998 წლის მაისის გალის სისხლიან ტრაგედიას. ცხადია, არც ახალი წლის დღეებია საუკეთესო დრო იმის გასარკვევად, თუ რატომ დაემთხვა პარლამენტის ზემოხსენებული 11 ოქტომბრის განკარგულება საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე განათლებული რუსლან გელაევის რაზმების გამოჩენას და რა მოხდებოდა კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გასვლის შემთხვევაში. თუმცა, ქართველ კოლეგებს ამაზე სავსებით გასაგებად მიანიშნა 21 დეკემბერს თბილისში მყოფმა ბორის პასტუხოვმა.

[ბორის პასტუხოვის ხმა] “ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო, დაფიქრდით იმაზე, რომ, თუ კონფლიქტის ზონაში თავს იჩენს ვაკუუმი, ეს პირველ რიგში გამოიწვევს იმას, რომ კონფლიქტის ზონაში მოქმედი საერთაშორისო მეთვალყურეები ვეღარ გააგრძელებენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას. და მეორე: თუ ჩვენი მშვიდობისდამცველების გასვლის შემდეგ, სხვა ძალებით მათი ჩანაცვლება გაჭიანურდა, ამან, შესაძლოა, ვითარება გაამწვავოს. ასე რომ, დაფიქრდით, აწონ-დაწონეთ და მიიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებელია”.

საქართველოს ხელისუფლება, რომელიც მთელი გასული წლის განმავლობაში არაერთხელ ეთამაშა ცეცხლს, ამ საფრთხეს უკვე რეალურად აფასებს. მეტიც, ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, გალის რაიონში ინციდენტის განმეორების შემთხვევაში, საქართველომ, შესაძლოა, მთელი სამურზაყანო დაკარგოს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG