Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური კრიზისი თურქეთში


ანდრო ეული, პრაღა თურქეთის 65-მილიონიანი მოსახლეობა მწარედ გაიხსენებს 2001 წელს, როცა ეს ქვეყანა, მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, ყველაზე ღრმა ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა.

მნიშვნელოვანი საერთაშორისო დახმარების, აგრეთვე, პრემიერ-მინისტრ ბიულენთ ეჯევითის დიდი ძალისხმევის მიუხედავად, კრიზისიდან თავის დაღწევის რეალური გზა ჯერჯერობით არ ჩანს.

საანგარიშო მოხსენებაში, რომელიც 20 ნოემბერს გამოაქვეყნა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია OECD-მ, ნათქვამია, რომ 2001 წელს თურქეთის შიდა ეროვნული პროდუქტი, 7,3%-მდე შემცირდება. ამასთანავე, პარიზში დაფუძნებულმა ამ საერთაშორისო სააგენტომ თავის საანგარიშო მოხსენებაში თურქი ეკონომისტებისა და პოლიტიკური ლიდერების უწინდელი ოპტიმისტური პროგნოზი გაიმეორა და იმედი გამოთქვა, რომ შიდა ეროვნული პროდუქტი თითქმის 3%-ით გაიზრდება 2002 წელს, ხოლო 5%-ზე მეტით – 2003 წელს.

თუმცა, მთავრობისთვის ადვილი არ იქნება მიმდინარე წელს უმუშევრად დარჩენილი 1 მილიონი მოსამსახურის, მუშისა და გაკოტრებული ბიზნესმენის დარწმუნება იმაში, რომ ეკონომიკური კრიზისი თურქეთში თითქმის დასრულდა.

”თურქეთი სოციალური აფეთქების ზღვარზეა მისული” – ასეთი შეფასება მისცა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისს ინგლისურენოვანმა გაზეთმა “თერქიშ დეილი ნიუსმა”.

ეკონომიკურმა პრობლემებმა ათი თვის წინ იჩინა თავი, როცა მთავრობამ საგანგებო ზომები მიიღო საბანკო სექტორში მომხდარი კრიზისის დასაძლევად. ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური ვითარება უაღრესად არამდგრადია, უბრალო დაპირისპირება პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის ძალაუფლების განაწილების თაობაზე და კორუფცია საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბაზრები პანიკას მოეცვა, ხოლო მთავრობას ეროვნული ვალუტა, ლირა, გაეუფასურებინა. მას შემდეგ ლირა თითქმის 50%-ით გაუფასურდა დოლართან მიმართებით და, შედეგად, მილიონობით თურქმა ვეღარ შეძლო უცხოური ვალუტით აღებული სესხების დაფარვა.

მიმომხილველთა აზრით, წლევანდელი კრიზისი, უწინდელებისაგან განსხვავებით, გამოწვეულია უფრო პოლიტიკური და საფინანსო ინტერესების დაპირისპირებით და არა არასახარბიელო ეკონომიკური ვითარებით.

პარიზში დაფუძნებული საერთაშორისო და სტრატეგიულ ურთიერთობათა ინსტიტუტის, IRIS-ის მკვლევარის, დენის აკაგულის აზრით, ბიულენთ ეჯევითის მთავრობა დღეს 80-იან წლებში განხორციელებული ეკონომიკური ლიბერალიზაციის შედეგებს იმკის.

ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში დენის აკაგულმა განაცხადა: [დენის აკაგულის ხმა] ”ამჟამინდელი კრიზისი თურქეთში დამკვიდრებული სისტემის შედეგია, როცა პოლიტიკური ლიდერები საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებენ ბანკებს, რასაც საფინანსო კრიზისი მოსდევს. მთავრობამ საბანკო სექტორის რესტრუქტურიზაცია წამოიწყო. მოხდა ცალკეული ბანკების შერწყმა. და ყველაზე მნიშვნელოვანია ისაა, რომ მინისტრებს, რომლებსაც
კერძო კრედიტების მიღება შეეძლოთ სახელმწიფო ბანკებიდან, ამის გაკეთება აღარ შეუძლიათ. შესაბამისი კანონმდებლობა ამ წლის აპრილ-მაისში იქნა მიღებული”.

ქვეყანაში საკმაოდ მომრავლებული კერძო ბანკებისა და არცთუ მომგებიანი სახელმწიფო ბანკების კონსოლიდაცია წამოაყენეს უმთავრეს მოთხოვნად საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა ზაფხულში, როცა ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში თურქეთს დახმარება აღუთქვეს.

2001 წელს მთავრობამ 19-მდე დაიყვანა კერძო ბანკების რიცხვი და მათი გაყიდვა ან დახურვა ივალდებულა. ამასთანავე, რამდენიმე ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ხოლო კორუფციაში მხილებული 380 ადამიანი დაპატიმრებულია.

საგულისხმოა ისიც, რომ ამჟამინდელი ეკონომიკური კრიზისის ფონზე უაღრესად შერყეულია თურქეთის მთავრობის პოზიცია. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, არჩევნები ხვალ რომ ეწყობოდეს, ეჯევითის დემოკრატიული მემარცხენე პარტია და მისი ორი კოალიციური პარტნიორი: მესუთ ილმაზის მემარჯვენე-ცენტრისტული ”დედასამშობლოს” პარტია და დელვეთ ბაჩელის მემარჯვენე ნაციონალისტური მოძრაობა მწარე დამარცხებას იგემებდნენ. არადა, პარლამენტში უდიდეს დაჯგუფებას სწორედ ეს სამი პარტია წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG