Accessibility links

ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობის შემცირების ნიშნები გამოჩნდა.


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ახალმა წელმა ახალი იმედები მოიტანა: დაძაბულობა ბირთვულ მოწინააღმდეგეებს, ინდოეთსა და პაკისტანს შორის, შემცირდა.

პირველ იანვარს დელიმ ისლამაბადს უმაღლესი დონის მოლაპარაკების გამართვა შესთავაზა, თუ ის უარს იტყვის, როგორც ინდოეთის პრემიერმა თქვა, “ინდოეთის საწინააღმდეგო მენტალიტეტზე”.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ატალ ბიჰარი ვაჯპაიმ თავის საახალწლო გამოსვლაში თქვა, რომ არ სურს ომი და მზად არის დიალოგისთვის, თუ პაკისტანი სასაზღვრო ტერორიზმს შეეშვება.

“მე გავუწვდი მათ ხელს… მე ვეტყვი მათ: თქვით უარი თქვენს ანტიინდურ მენტალიტეტზე, გადადგით ეფექტიანი ნაბიჯები სასაზღვრო ტერორიზმის აღსაკვეთად და თქვენ დაინახავთ, რომ ინდოეთი თქვენს შესახვედრად ნახევარზე მეტ გზას გაივლის, ნებისმიერი საკითხის, მათ შორის საკამათო ჯამუსა და ქაშმირის პრობლემის დიალოგის მეშვეობით გადასაჭრელად”, ნათქვამია ვაჯპაის მოწოდებაში, რომელიც დაიბეჭდა ინდოეთის ყველა მთავარ გაზეთში .

მიუხედავად ამისა, ჯარები საომარ მზადყოფნაშია და ახალი წლის ღამის განმავლობაში საზღვარზე ცეცხლის გაცვლა-გამოცვლას ჰქონდა ადგილი.

ეს ყველაზე სერიოზული დაპირისპირება ბოლო 15 წლის მანძილზე დაიწყო 13 დეკემბერს, ინდოეთის პარლამენტზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ. ტერაქტზე პასუხიმგებლად დელი პაკისტანის ქაშმირში მოქმედი ათეული სეპარატისტული ჯგუფიდან ორს ასახელებს და ისლამაბადს მათთვის ხელშეწყობაში ადანაშაულებს. პაკისტანი აცხადებს, რომ მხოლოდ მორალურად და არა საქმით უჭერს მათ მხარს.

დაძაბულობამ აღძრა შიში, რომ ამ ორ სახელმწიფოს შორის მეოთხე ომი დაიწყება. თუმცა ორივე ქვეყანა აცხადებს, რომ არ სურს ომი, ისინი თავიანთი მოქმედებებით ერთმანეთს სწორედ ომისკენ უბიძგებენ. გარდა სამხედრო მზადებისა, დელიმ და ისლამაბადმა დიპლომატიური ურთიერთობების დონე დაწიეს და საჰაერო, სარკინიგზო და ავტობუსების მიმოსვლა მათ შორის შეაჩერეს.

მორბილების პირველი ნიშნები ორშაბათს გამოჩნდა, როცა ინდოეთი მიესალმა პაკისტანის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ქაშმირის ორი სეპარატისტული ჯგუფის წინააღმდეგ.

ვაჯპაი და პაკისტანის პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი აპირებენ მონაწილეობას სამხრეთი აზიის ქვეყნების ლიდერების სამიტში, რომელიც ამ კვირაში ნეპალის დედექალაქ კატმანდუში ტარდება. სანამ ქაშმირის ახალი კრიზისი დაიწყებოდა, ორივე პირისპირ შეხვედრასაც კი გეგმავდა.

იმის შესახებ, რომ ის მზად არის მოლაპარაკებებზე, მუშარაფმა ვაჯპაის გამოსვლამდე განაცხადა.

ორშაბათს ისლამაბადმა განაცხადა, რომ დააპატიმრა “ლაშქარ-ი-ტაიბას”, იმ ორიდან ერთი ექსტრემისტული ჯგუფის დამაარსებელი, რომელთაც დელი ტერაქტზე პასუხმიგებლობას აკისრებს. მოეწყო აგრეთვე რეიდები ორივე ჯგუფის ოფისებზე .

ინდოეთი ამ ნაბიჯებს, ცხადია, მიესალმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმაც, რომელიც მოიხოვდა პაკისტანისგან ამ ჯგუფების საქმიანობის აღკვეთას, და რომლებიც მან ტერორისტებად მოიხსენია, შეაქო ისლამაბადი.

“ტერორი ტერორია, და ის ფაქტი, რომ პაკისტანის პრეზიდენტი დევნის მას, კარგი ნიშანიაო”,
თქვა მან.

ინდოეთის პრესაშიც გაისმა ხმები, რომ დადგა მშვიდობაზე ლაპარაკის დრო. “ახალი წლის განთიადი ხელსაყრელი მომენტია საიმისოდ, რომ ინდოეთმა მეზობელს ზეთისხილის რტო გაუწოდოსო,” წერს გაზეთი “ინდიან ექსპრესი”, შემდეგ კი დასძენს: “მეზობლისადმი გაგზავნილი მესიჯი მოკლედ ასეთია: ან შეუერთდი ინდოეთს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ან ტერორიზმთან მებრძოლ ძალებს თვითონ დაუპირისპირდებიო”.
XS
SM
MD
LG