Accessibility links

logo-print

მარტა მიოდლის გარდაცვალების გამო


”ქალი და მსოფლიოს” დღევანდელ გამოშვებაში ცოტაოდენი დაგვიანებით გამოვეხმაურებით ერთ მოვლენას,

რომელსაც უთუოდ დროულად გავაშუქებდით, რომ არა გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ამბები, რომლებითაც დატვირთული იყო განვლილი წლის ბოლო თვე. შეგახსენებთ, რომ დეკემბერში ყურადღების ცენტრში იდგა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანია, აგრეთვე, ავღანეთში, თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ქალთა მდგომარეობის საკითხი. აი, დღევანდელი გადაცემა ციკლიდან ”ქალი და მსოფლიო” კი უწინარესად მუსიკის მოყვარულებს დააინტერესებს. გავიხსენებთ გერმანელ საოპერო მომღერალს, მარტა მიოდლს, რომელიც 17 დეკემბერს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ძნელად თუ მოიძებნება საოპერო მუსიკის სტაჟიანი მოყვარული, ძველ დროს რომ არ მისტიროდეს. ეს ადამიანები სახეგაბრწყინებული იხსენებენ მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდს და ომისშემდგომ ორ-სამ ათწლეულს, და ირწმუნებიან, რომ იმ წლების შემდეგ ჭეშმარიტად დიდი ხმები წარსულს ჩაბარდა.

ცხადია, მსოფლიო საოპერო სცენა არც დღეს უჩივის მართლაც შესანიშნავი მომღერლების ნაკლებობას. სახელგანთქმული ”სამი ტენორი” – პავაროტი, დომინგო და კარერასი – ბოლო დროს, მართალია, საოპერო შლაგერების შესრულებაზე გადავიდა, მაგრამ 15-20 წლის წინ, სამივეს აღტაცებაში მოჰყავდა მუსიკის ყველაზე მკაცრი კრიტიკოსებიც კი. ვერდისა და პუჩინის, როსინისა და დონიცეტის, გლუკისა და მოცარტის ნაწარმოებებს არც დღეს აკლია ღირსეული შემსრულებლები. რად ღირს თუნდაც ჩეჩილია ბარტოლი ან ჟოზე ვან დამი. მაგრამ საოპერო მუსიკის ის სრულიად გამორჩეული სამყარო, რომელსაც რიჰარდ ვაგნერის ოპერები ჰქვია, რა ხანია, ხმების კრიზისს განიცდის.

”თუ კუნდრი, იზოლდე, ბრუნჰილდე მარტა მიოდლის შესრულებით მოგისმენია ან, მით უმეტეს, გინახავს, მიხვდები, რამდენად გაღარიბებულია დღევანდელი საოპერო სცენაო” – ამ ფრაზით შეიძლება შეჯამდეს რეცენზიები, მოგონებები, ნეკროლოგები, რომლებიც ვაგნერის ლეგენდარული შემსრულებლის, მარტა მიოდლის გარდაცვალებას მოჰყვა. მუსიკის კრიტიკოსები ნოსტალგიით იხსენებენ იმ თვისებებს, რომლებიც გერმანელ მომღერალს ვაგნერისეული საოპერო დადგმის, ”გეზამტკუნსტვერკის” იდეალურ მონაწილედ აქცევდა: იხსენებენ მიოდლის ემოციურობას, სამსახიობო ინსტინქტს, მუქი შეფერილობის ექსპრესიულ ხმას; იხსენებენ მარტა მიოდლის ეროტიკულობასაც, რომელიც მაყურებელს არასოდეს ავიწყებდა, რომ სცენაზე მომღერალი ქალი იდგა. შეკითხვას, როგორ ახერხებდა როლში ასეთი ტემპერამენტის ჩაქსოვას, მიოდლი დაბნეული პასუხობდა: ”დღემდე არ ვიცი, რას ვაკეთებ სცენაზე. ყოველ შემთხვევაში, სიტყვებად ვერ ჩამოვაყალიბებ. ყველაფერი მუსიკიდან, თითოეული მომენტის აღქმიდან მომდინარეობსო”.

[მუსიკა]

მარტა მიოდლი 1912 წლის 22 მარტს, ნიურნბერგში დაიბადა და სიმღერა გვიან დაიწყო. ის ბუღალტრად და მდივნად მუშაობდა, ვიდრე 28 წლის ასაკში მშობლიური ქალაქის კონსერვატორიაში შევიდოდა. მისი სასცენო დებიუტი რემშაიდის ოპერაში, დამწყები მეცო-სოპრანოსთვის ტიპური როლით შედგა: მიოდლმა ბიჭუნა, ჰენზელი განასახიერა ენგელბერტ ჰუმპერდინკის ოპერაში ”ჰენზელი და გრეტელი”, ამას მოჰყვა აზუჩენა ვერდის ”ტრუბადურში” და ქერუბინო მოცარტის ”ფიგაროს ქორწინებაში”. 1945-49 წლებში მიოდლი დიუსელდორფში მოღვაწეობდა: ჯერ მოცარტისა და რიჰარდ შტრაუსის ოპერებში მღეროდა, შემდეგ კი უფრო დრამატულ პარტიებზე გადავიდა. მისი რეპერტუარი გამდიდრდა კარმენის, ებოლის, კლიტემნესტრას როლებით, რომლებსაც მომღერალი უკვე ევროპის წამყვან საოპერო სცენებზე: ჰამბურგში, ბერლინში, ლონდონში ასრულებდა.

აი, პირველი ტრიუმფი კი 1950 წლით თარიღდება. მართლაც ტრიუმფული გახლდათ მარტა მიოდლის დებიუტი მილანის ”ლა სკალაში”, სადაც მან უკვე სოპრანოს პარტია შეასრულა. ეს იყო კუნდრი რიჰარდ ვაგნერის ”პარსიფალში”, ლეგენდარული ვილჰელმ ფურტვენგლერის დირიჟორობით. ვაგნერის შვილიშვილმა, ვილანდ ვაგნერმა მომღერალი უმალ მიიწვია ბაიროითის ფესტივალზე. იქ კი მარტა მიოდლი 1951 წლიდან 16 წლის მანძილზე რჩებოდა გამორჩეულ ვარსკვლავად ვარსკვლავთა შორის. ოპერის ისტორიას დაუვიწყარ საღამოებად შემორჩა მარტა მიოდლი-იზოლდა ვაგნერის ოპერაში ”ტრისტანი და იზოლდა” არა მარტო ბაიროითში, არამედ 1953 წლის გასტროლებზეც, ლონდონის კოვენტ-გარდენში, და იმავე წელს, ომის დროს დანგრეული ვენის საოპერო თეატრის გახსნა, როცა მარტა მიოდლმა ბეთჰოვენის ”ფიდელიოში” ლეონორა განასახიერა.

ბაიროითის ფესტივალში მონაწილეობის ბოლო წლებში, 1966-სა და 67-ში, გერმანელი მომღერალი ისევ მეცო-სოპრანოს როლებს დაუბრუნდა. ტრიუმფის წლები უკვე ისტორიის კუთვნილება იყო: ხმას ზედა რეგისტრში ხარვეზები გაუჩნდა. მით უფრო დასაფასებელია მიოდლის მონდომება და დისციპლინა, რომლითაც ის ახალ რეპერტუარზე, ნაკლებად პოპულარულ პარტიებზე მუშაობას შეუდგა. ეს იყო, ეგრეთ წოდებული ეპიზოდური როლები ლეოშ იანაჩეკის ”იანუფასა” და რიჰარდ შტრაუსის ”ელექტრაში”, აგრეთვე, როლები მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის საოპერო ხელოვნების ნიმუშებში, რომელთა შესრულებით დიდი მომღერლების უმეტესობა, როგორც წესი, თავს არ იწუხებს. მარტა მიოდლი კი თავისი 50-წლიანი კარიერის მიწურულს, ”ეპიზოდურ როლებშიც” ახერხებდა მუსიკალური დრამის ცენტრად ქცევას. მისთვის მართლაც ზედგამოჭრილი იყო ეპითეტი ”hochdramatisch” ანუ ”უაღრესად დრამატული”, რომელსაც მუსიკის კრიტიკოსები მეტად იშვიათად იმეტებენ.

17 დეკემბერს მარტა მიოდლის გარდაცვალების შემდეგ, ოპერის სტაჟიანი მოყვარულები მისტირიან კიდევ ერთ ჭეშმარიტად დიდ მომღერალს, რომელსაც ვაგნერისეულ პარტიებში დღეს ბადალი, ალბათ, არ მოეპოვება.
XS
SM
MD
LG