Accessibility links

logo-print

ჟურნალისტური ეთიკის ერთი თავისებურება


საქართველოს პოლიტიკურ ელიტას საზოგადოება კარგად იცნობს, რადგან ნებისმიერი საინფორმაციო საშუალება – გაზეთი, რადიო და ტელევიზია

– რიგითი მოქალაქის თვალსაწიერში ყოველდღიურად ახვედრებს ამა თუ იმ პოლიტიკოსს. მაგრამ როგორები ვართ თავად ჩვენ, ჟურნალისტები, რომლებიც მავან პოლიტიკოსს ჩვენი გემოვნების მიხედვით წარვუდგენთ საზოგადოებას? დღეს ჟურნალისტური ეთიკის ერთ თავისებურებაზე გესაუბრებით.

ჟურნალისტის და პოლიტიკოსის ურთიერთობას ერთი დილემა ახლავს. თანაც, ეს არ ეხება მაინცდამაინც ქართველ ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს. ამ პრობლემაზე გასული წლის აპრილში ისაუბრა გამოცდილმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა დენ ვან დერ ვატმა, როდესაც თბილისში ეთიკური ჟურნალისტიკისადმი მიძღვნილი სემინარი ჩაატარა.

დილემის არსი ის არის, რომ ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის უმთავრესი ამოცანა ინფორმაციის მოპოვებაა. ინფორმაციის მოსაპოვებლად კი საჭიროა სანდო წყარო, თანაც, არა ერთი. სანდო წყაროს ძებნის პროცესში ჟურნალისტებს, როგორც წესი, პოლიტიკოსებთან არაფორმალური ურთიერთობების დამყარება, ანუ დამეგობრება უხდებათ. მეგობრობა კი, შემდგომში, გამორიცხავს ობიექტურობას “სანდო წყაროს” მიმართ.

ვან დერ ვატი ფიქრობს, რომ ეს პრობლემა თითოეულმა ჟურნალისტმა თავისი გემოვნებით უნდა გადაჭრას. საბოლოოდ, ან დაზარალდება ინფორმაციის ხარისხი, მაგრამ შენარჩუნდება მიუკერძოებლობა; ან, პირიქით, ინფორმაციის მაღალი ხარისხის ხარჯზე, კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდება ჟურნალისტის პროფესიული კეთილსინდისიერება.

პირადად მე პრაღაში ასეთი შემთხვევა მიამბეს: რამდენიმე წლის წინ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ორმხრივი სროლის შედეგად, ჩეჩენი ეროვნების მამაკაცი მოუკლავთ. რაკი ეს შემთხვევა პრაღის გულისგულში მოხდა, პოლიციას მოედანი სწრაფად გადაუკეტავს. როდესაც მეორე დღეს ერთ-ერთ პოპულარულ გაზეთს პირველ გვერდზე მოკლულის ფოტოები გამოუქვეყნებია, მკითხველები შეშფოთებულან: თუ გაზეთს არაფორმალური ურთიერთობა არ აკავშირებდა პოლიციასთან, ანუ, ჩვენებურად თუ ვიტყვით, მასთან “შეკრული” არ იყო, საიდან გაუჩნდა ასეთი ექსკლუზივი? ეს შემთხვევა რამდენიმე წლის შემდეგაც ახსოვდათ და მეც მიამბეს, როგორც, სავარაუდოდ, არაკეთილსინდისიერი ჟურნალისტური საქმიანობის ნიმუში.

საქართველოში, ჯერჯერობით, საზოგადოება არ კითხულობს, რის ხარჯზე მოიპოვებს ჟურნალისტი ამა თუ იმ ექსკლუზიურ მასალას. თუმცა, რამდენიმე მაღალტირაჟიანი გაზეთი პირველ გვერდებზე განთავსებულ მასალებს, ძირითადად, კულუარულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აგებს.

თუ მკითხველი ამ მასალებს დაუკვირდება, შესაძლოა, არა მხოლოდ კითხვის ნიშნები, არამედ ეჭვიც გაუჩნდეს. რამდენიმე გაზეთი სისტემატურად ბეჭდავს დეტალურ მონათხრობს იმის შესახებ, რა მოხდა უშიშროების საბჭოს სხდომაზე, მთავრობის დახურულ სხდომაზე ან, სულაც, რომელიმე გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე. რასაკვირველია, საზოგადოების მხრიდან ასეთი ინფორმაციის მიმართ ინტერესი არსებობს და ჟურნალისტს თავისი პროფესია ავალებს, მოიპოვოს ინფორმაცია ისეთი შეხვედრის შესახებაც კი, როდესაც დახურულ კარს მიღმა ორად ორი ადამიანია.

მხოლოდ და მხოლოდ ნიმუშად გავიხსენოთ ცნობილი წვეულება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახში, როდესაც სტუმრები პირსახოცების თუ ზეწრების ქვეშ დაემალნენ “კურიერის” ვიდეოკამერას. ცხადია, საზოგადოებას აინტერესებს, თუ ვინ სტუმრობდა იმ ღამეს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს და რატომ იმალებოდნენ სტუმრები პირსახოცების მიღმა. “კურიერმა” მართლაც შესანიშნავად იმუშავა, როდესაც ეს ადამიანები საზოგადოებას აჩვენა.

მაგრამ თუ ამ საკითხს სხვა კუთხით შევხედავთ, რამდენიმე შეკითხვა გაჩნდება: ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეს ხომ არ ეცოდინებოდა, რა ხდებოდა იმ დღეს ბადრი პატარკაციშვილის სახლში? ეს ეცოდინებოდა პოლიტიკით ღრმად დაინტერესებულ ადამიანს, რომელსაც ხელი მიუწვდება სერიოზულ ინფორმაციაზე, ერთი სიტყვით, “კურიერის” სანდო წყაროს. შეძლებს კი ხვალ “კურიერი”, ასეთი ძვირფასი ინფორმაციის მიმწოდებელ ადამიანს დაუპირისპირდეს? მით უმეტეს, რომ ეს, ალბათ, არ ყოფილა მისგან მიღებული პირველი და უკანასკნელი ინფორმაცია.

გამოდის, იმისათვის, რომ მაყურებელს ეჭვი არ გასჩენოდა “კურიერის” კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, საზოგადოებას არ უნდა ენახა “დიდ მეცენატად” შეფასებული ადამიანის უცნაური სტუმრები? პირადად მე, როგორც მოქალაქე და მაყურებელი, ერთმნიშვნელოვნად ვარჩევდი, მენახა ეს კადრები, თუნდაც, მოგვიანებით ათასი შეკითხვა გამჩენოდა.

მაგრამ მე, როგორც ჟურნალისტს, ვერასოდეს მექნება საგანგებო და ექსკლუზიური ინფორმაცია ამა თუ იმ პირის ან მოვლენის შესახებ, რადგან ერთმნიშვნელოვნად ვარჩევ დისტანციურ ურთიერთობას პოლიტიკაში მოღვაწე ადამიანებთან და ერთი “სანდო წყაროც” კი არ გამაჩნია. ამავე წესით მუშაობს ზოგიერთი ჩემი კოლეგა.

ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ასეთი ჟურნალისტი უკეთესია და ისეთი – უარესი. საზოგადოებას ექსკლუზიური, კულუარული ინფორმაციაც სჭირდება და კეთილსინდისიერი ანალიზიც; “ახლო კადრიც” სჭირდება და დისტანციური მზერაც. ეს მართლაც ჟურნალისტური გემოვნების საკითხია: ვის რითი შეუძლია, ემსახუროს საზოგადოებას.
XS
SM
MD
LG