Accessibility links

logo-print

რა პრობლემების მოგვარება მოგვიწევს 2002 წელს?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი თუ დეკემბრის დასასრული კარგი საბაბია გასული წლის შედეგების შესაჯამებლად, იანვრის დასაწყისში ალბათ ზედმეტი არ იქნება იმის გახსენება, თუ რა პრობლემების მოგვარებაზე მოგვიწევს ზრუნვა 2002 წელს.


უკვე იანვარში საქართველოს პარლამენტს ზამთრის არდადეგების შეწყვეტა მოუწევს. როგორც გახსოვთ, შარშან პარლამენტი 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაუმტკიცებლად დაიშალა. თუ ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით პარლამენტარების შარშანდელ კრიტიკულ პათოსსაც გავიხსენებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იანვარში პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ემოციურ ფონზე ჩაივლის.

2002 წელს, ბოლოს და ბოლოს, ალბათ, რაიმე გაირკვევა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, შარშან ეს არჩევნები გადაიდო ერთის მხრივ, ვითომ საარჩევნო კანონის გაკეთილშობილებისკენ სწრაფვით, მეორე მხრივ კი იმის მომიზეზებით, რომ აუცილებელია, გაირკვეს ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საკითხი. თუმცა, არანაკლებ დამაჯერებლად გამოიყურებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადების არაოფიციალური ვერსია, რომ არჩენების ჩასატარებლად სახელმწიფოს, უბრალოდ, თანხები არ აღმოაჩნდა. მოგეხსენებათ, ნებისმიერი დონის არჩევნების გამართვა ნებისმიერ ქვეყანაში ძვირ სიამოვნებად ითვლება. შესაბამისად, ძნელი წარმოსადგენია, რომ პარლამენტართა ერთი ჯგუფისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის პერმანენტული მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თაობაზე, თუნდაც ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, რეალისტური იყოს.

სხვათა შორის, იანვარშივეა მოსალოდნელი ხალხში სააკაშვილის პარტიად წოდებული, თავად მიხეილ სააკაშვილის მიერ კი “ზენაციონალურ მოძრაობად” შერაცხული ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობის გამართვა. რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნის გარდა, ზენაციონალისტები კორუფციის დამარცხებისა და მინისტრთა კაბინეტის შემოღების დევიზით გამოდიან. თუ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ყველაფერი მეტ-ნაკლებად გარკვეულია – კორუფციას გადამწყვეტი ბრძოლა ხელისუფლებამ ჯერ კიდევ ოთხი წლის წინათ გამოუცხადა და ამ ბრძოლას ბოლო არ უჩანს, შედეგზე რომ არაფერი ითქვას – მინისტრთა კაბინეტის საკითხი ჯერაც ბუნდოვანია. ერთის მხრივ, არსებობს საკონსტიტუციო ცვლილებების პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი პროექტი, რომელიც მინისტრთა კაბინეტის შემოღებას გულისხმობს და არა მხოლოდ ამას. შეგახსენებთ: ამ ცვლილებებით, პრეზიდენტის უფლებები იზრდება. მაგალითად, გარკვეულ შემთხვევებში მას პარლამენტის დაშლის უფლება ენიჭება. შარშან ზაფხულში, როცა ცნობილი იყო პრემიერის ყველაზე რეალური კანდიდატურა, ამ ცვლილებების დამტკიცების ალბათობა უფრო მაღალი იყო იმავე 2002 წელთან შედარებით, როცა გაურკვეველია, ვინ შეიძლება გახდეს პრემიერი.

თუმცა, 2002 წლისთვის ყველაზე საქმიანი წინადადება ალბათ პრეზიდენტ შევარდნაძეს ეკუთვნის, რომელმაც თავის საახალწლო მილოცვაში განაცხადა: [ედუარდ შევარდნაძის ხმა] “თქვენი სიხარული და ბედნიერება საქართველოს გამარჯვება იქნება. მშვიდობა და სიხარული თქვენს ოჯახებს. გამარჯვება – სრულიად საქართველოს. მრავალჟამიერ”.
XS
SM
MD
LG