Accessibility links

logo-print

რა დაებედა საქართველოს


2 იანვარს საქართველოში ბედობის დღედ მიიჩნევენ, ამდენად მიუხედავად იმისა, რომ ეს დღე ოფიციალურად სამუშაო დღეა,

ყველა ცდილობს მუშაობას თავი აარიდოს, დაისვენოს, საახალწლო განწყობილება შეინარჩუნოს და სიმხიარულე დაიბედოს. ასე ხდება ყოველი წლის 2 იანვარს. ასე რომ წლევანდელ ბედობის დღესაც საქართველოში არც თუ საქმიანი განწყობილება დაიბედეს.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა 2002 წლისთვისაც დასვენებას, ქეიფს და დროს ტარებას იბედებს. ბედობის დღის ეს ტრადიცია ყველგან თვალშისაცემია. ტრადიციულად ნაახალწლევს სრულიად საქართველო ნაბახუსევია და კვლავ ბახუსის ტყვეობაში რჩება. საქმიანი განწყობა, როგორც იტყვიან, ნულამდეა დასული.

2 იანვარს თბილისის ქუჩები ჩვეულებისამებრ გადატვირთული არ ყოფილა, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში. ამის მიუხედავად ქუჩებში მოძრაობა, მძღოლებისგანაც და ქვეითად მოსიარულეებისგანაც მეტ სიფრთხილეს მოითხოვდა. ამინდი ზამთრის კვალობაზე შესანიშნავი იყო და არც მე-10 ენერგობლოკზე მომხდარი აფეთქების შედეგი ყოფილა მაინცდამაინც თვალშისაცემი. ამდენად სიცივე და უშუქობა ნამდვილად არ დაგვბედებია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრში მაცნობეს, ახალი წლის დღეებში დედაქალაქში განსაკუთრებული ექსცესები არ მომხდარა. წვრილმანი დანაშაულები კი რა თქმნა უნდა იყო. მაგალითისთვის: ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ საახალწლო ღამე ცუდად დაბედებია ქართული ესტრადის ერთ-ერთ ვარსკვლავს ლელა წურწუმიას დაბედებია. რესტორან “არაგვში” გამართული კონცერტიდან შინ დარუნებულ მომღერალს, ბინა გაქურდული დახვდა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. პოლიცია ქურდებს ეძებს.

ნაახალწლევს თბილისს საპროტესტო აქცია დაებედა. პარლამენტარმა გურამ შარაძემ და მისმა თანამოაზრეებმა რუსთაველის გამზირზე წამოწყებული მშენებლობის წინააღმდეგ გაილაშქრეს. ამ საახალწლო საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარეც შეუერთდა.

ყველამ ერთად რუსთაველის მეტროსთან, ცნობილ ძველებურ კედელთან, მიმდინარე მშენებლობის შეჩერება მოითხოვა. ანალოგიური მოთხოვნით, საპროტესტო აქცია რამდენიმე კვირის წინაც ჩატარდა, მისი ორგანიზატორი მაშინაც გურამ შარაძე იყო. პარლამენტარი და მისი მომხრეები თვლიან, რომ სავაჭრო ცენტრის აშენებით ისტორიული ადგილის გაუსახურება არ შეიძლება.

საპროტესტო აქციასთან ერთად თბილისს ერთი უსიამოვნო შემთხვევაც დაებედა. ქალაქის ცენტრში, ჭანტურიას ქუჩაზე, ერთერთი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ნგრევის მიზეზი ნაგებობის ავარიული მდგომარეობა იყო, საბედნიეროდ მას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ასეთი იყო უკეთესი მომავლის დაბედების დღედ ცნობილი 2 იანვარი. სახელმწიფო სტუქტურებში მუშაობდნენ, ეს არის რომ სამუშაო თითქმის არაფერი ჰქონდათ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოს და საქართველოს მოსახლეობის პრობლემები ახალი წლის დადგომამ თავისთავად შეამსუბუქა.
პრეზიდენტის მორიგი საახალწლო დაპირების მიხედვით, 2002 წელი ჩვენს ქვეყანაში რეალური აღმშენებლობის დაწყების და აქამდე ვერა და ვერ მიღწეული მნიშვნელოვანი გარდატეხების მომტანი უნდა იყოს, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. ღმერთმა ქნას, ასე იყოს, თუმცა დასაწყისი გარდამტეხ ცვლილებებს ჯერჯერობით არ მოასწავებს.

1 იანვრიდან აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების ზონაში მყოფი რუსეთის სამშვიდობო ჯარის წარმომადგენლები, მანდატის გარეშე მოქმედებენ და მანდატის გაგრძელებას ელოდებიან. საქართველოს ხელისუფლებაში კი ფიქრობენ, რომ სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, რუსეთის სამშვიდობო მისიას აფხაზეთში ყოფის მანდატი უნდა გაუგრძელდეს. ასეა, თუმცა პარლამენტის გადაწყვეტილება რუსეთის ჯარის საერთაშორისო სამშვიდობო მისიით ჩანაცვლებას გვპირდებოდა.

2002 წელს აფხაზეთიდან დევნილები კვლავინდებურად საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნების ოცნებით შეხვდნენ. მათ ამჯერადაც აფხაზეთში დაბრუნების მოლოდინი დაებედათ.
XS
SM
MD
LG