Accessibility links

logo-print

“სველი იასამნის” სატელევიზიო პრემიერა


საახალწლოდ ქართველმა მაყურებელმა ლაშა თაბუკაშვილის ნაწარმოების, “მერე რა, რომ სველია სველი იასამნის” სატელევიზიო ინტერპრეტაცია იხილა.

საქართველოს ტელევიზიაში აღდგა ქართული პიესის ტელესპექტაკლად გარდაქმნის ტრადიცია. თუმცა, რეჟისორმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა ლაშა თაბუკაშვილის “სველი იასამნის” სიუჟეტიც კი საგრძნობლად შეცვალა. პიესის ტელევერსიაში თითქმის არაფერი დარჩა რუსთაველის თეატრში, ამავე ნაწარმოების მიხედვით დადგმული პოპულარული სპექტაკლიდან.

[ვახტანგ კახიძის მუსიკა]
ვახტანგ კახიძის მიერ შეთხზული ეს ლამაზი და მარტივი მელოდია ჟღერს ახალ ქართულ ტელესპექტაკლში, “მერე რა რომ სველია, სველი იასამანი”, რომელიც 31 დეკემბერს “რუსთავი 2”-ის ეთერით გადაიცა. საახალწლოდ, საქართველოს ტელეარხებს შორის გაძლიერებულ კონკურენციას თუ გავითვალისწინებთ, ახალი წლის დადგომამდე ნარკომანებზე დაწერილი პიესის სატელევიზიო ვერსიის ჩვენება განაპირობა არა მარტო ლაშა თაბუკაშვილის ნაწარმოების, არამედ, საერთოდ, თემის პოპულარობამ. თავის დროზე პუბლიკა ნოდარ დუმბაძის “საბრალდებო დასკვნის” სანახავად იმიტომაც მიდიოდა, რომ “ქურდული ჟარგონი” მოესმინა სცენიდან. “ნარკომანების ჟარგონსაც” ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს საქართველოში – ეს ერთდროულად არის გავრცელებული და, თანაც, პირობითი ტექსტი...

სწორედ რეალისტურისა და პირობითის ამ ერთიანობამ განაპირობა პირველ რიგში ლაშა თაბუკაშვილის პიესის პოპულარობა, რასაც სოციალურ თემებთან შერწყმული ფანტასტიკური მოტივები დაემატა... და მეტი რა უნდა ქართველ მაყურებელს: ცოტა ჟარგონი, ცოტა რეალიზმი, “დუხჭირი სინამდვილის” ასახვა, ცოტა მელოდრამა და ცოტაც – ფანტასტიკა. მით უფრო ახალ წელს, როცა საქართველოში ადამიანების უმრავლესობას არ ეზეიმება, მაგრამ მაინც ცდილობს იმხიარულოს, იმედიც აღარა აქვს, მაგრამ ახალ წელს მაინც უნდა, რომ ვიღაცამ დააიმედოს.

თავის დროზე ავთო ვარსიმაშვილმა სრულიად “თავდაყირა დააყენა” ლევინის რომანი “როზმარის ჩვილი” ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართულ ტელესერიალში “სახლი ძველ უბანში”. ამჯერადაც იგივე მოხდა: დაიდგა ლამაზი, მაგრამ მეტისმეტად თეატრალური და დრამატურგიულად ცოტა გაუმართავი საახალწლო ზღაპარი, რომელშიც ყველა სურვილი სრულდება, მათ შორის ნარკომანების სურვილიც: “პარალელური სივრციდან” მოვლენილი გოგონას დახმარებით ისინი თავს ანებებენ ნარკოტიკებს. ახალ წელს საქართველოს საზოგადოებას ისევ “პარალელური სივრციდან” მოვლენილების იმედი უნდა ჰქონდეს. ყველაფრის იმედი, გარდა საკუთარი თავისა.
XS
SM
MD
LG