Accessibility links

logo-print

იქცევა თუ არა 2002 წელი ხელისუფლების გამჭვირვალობის წლად


სოზარ სუბელიანი, თბილისი სამართალდამცავი სტრუქტურების ახალი ხელმძღვანელები თავიანთი მუშაობის პრიორიტეტად გამჭვირვალობასა და საზოგადოებასთან ურთიერთობას აცხადებენ.

თუ ისინი დანაპირებს ნაწილობრივ მაინც შეასრულებენ, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროები გამჭვირვალობის ხარისხით მალე ჩამოიტოვებენ უკან განათლების, კულტურისა თუ სოფლის მეურნეობის სამინისტროებს. კოლეგებს არც იუსტიციის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა ჩამორჩება, ხოლო უზენაეს სასამართლოში საზოგადოებასთან დაახლოების მიზნით სპეციალური ჯგუფიც კი შეიქმნა.

გამჭვირვალობასა და საზოგადოებასთან დაახლოებაზე აქცენტს მხოლოდ ქართველი სამართალდამცავები არ აკეთებენ. რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრის ბორის გრიზლოვის თქმით, რუსეთის სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების უმთავრესი მიზანი სწორედ საზოგადოების ნდობის მოპოვებაა. საქართველოს ისტებლიშმენტში მსგავსი განწყობა განსაკუთრებით მკაფიოდ მას შემდეგ შეიმჩნევა, რაც ნოემბრის სახალხო გამოსვლებმა პრეზიდენტის გარემოცვა ორი ყველაზე საიმედო ბურჯის, კახა თარგამაძისა და ვახტანგ ქუთათელაძის გარეშე დატოვა. არადა, მოხსნამდე რამდენიმე დღით ადრე, გასული წლის ოქტომბრის ბოლოს, კახა თარგამაძე, ღია მუქარასაც არ ერიდებოდა: [კახა თარგამაძის ხმა] “დღეს ჩვენ უზარმაზარი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ პირადი შემადგენლობა შეგვეკავებინა და არ მომხდარიყო პირადი შემადგენლობის გამოსვლა ქუჩაში, რაც კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა. და თუ ისევ მივიღებთ ახალ სისხლისღვრას საქართველოში, ამ უბედურებაში, სუყველაფერში, თქვენი ოჯახის წევრებიც აღმოჩნდებიან გარეული”.

უშიშროებისა და შინაგან საქმეთა ახალი მინისტრების მუშაობაში ერთი თავისებურება უკვე თვალნათლივ ჩანს – აქცენტს ორივე გამჭვირვალობასა და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე აკეთებს. “დადგა დრო, როცა ხალხს უნდა ვუთხრათ სიმართლე. ვის რაში სჭირდება ტყუილი, რაზეც აგებული იყო მთელი სისტემა?” – ამ სიტყვებით გამოხატა თავისი პოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა, რომელმაც სიტყვას პირველი საქმეც მიაყოლა და ჟურნალისტებს 25 დეკემბერს გამართულ წლის ბოლო კოლეგიაზე დასწრების ნება დართო. მინისტრის ინიციატივამ პოლიციის მაღალჩინოსნების ჩუმი უკმაყოფილება გამოიწვია, მინისტრის მოადგილემ ზურაბ ჩხაიძემ კი ხმამაღლა განაცხადა, რომ ჟურნალისტებთან შეჩვევას დრო სჭირდება და აჩქარება არ არის საჭირო.

გასულ წელს საზოგადოებასთან ურთიერთობებში ტონს იუსტიციის სამინისტრო იძლეოდა. სამინისტროს საზოგადოებრივი კონტროლის პირველი დამოუკიდებელი საბჭო სწორედ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა მიხეილ სააკაშვილმა შექმნა. ახალი მინისტრი როლანდ გილიგაშვილიც აცხადებს, რომ საზოგადოებრივი კონტროლი და გამჭვირვალობა უპირველეს პრორიტეტად დარჩება, რაც საზოგადოებრივი საბჭოს შენარჩუნებასა და სასჯელაღსრულების ყოველ დაწესებულებასთან ანალოგიური საბჭოს შექმნაში უნდა გამოიხატოს. მინისტრის მოადგილის კახა კობერიძის თქმით, სამინისტრო პრობლემების დაძლევას სწორედ საზოგადოებასთან მჭიდრო ურთიერთობით ფიქრობს: [კახა კობერიძის ხმა] “აი, ეს არის გამოსავალი: სისტემის ღიაობა, სისტემის გამჭვირვალობა, სწავლება, რაც შეიძლება მეტი საზოგადოებრივი კონტროლი, მონიტორინგი. აქ, ჩვენს სამინისტროში, რეფორმებისა და მონიტორინგის სპეციალური დეპარტამენტი იქმნება, რომელიც სწორედ ამ საქმით იქნება დაკავებული”.

საზოგადოებასთან ურთიერთობის გაუმჯობესებისა და სასამართლოს გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, უზენაეს სასამართლოშიც შეიქმნა სპეციალური საბჭო სახელწოდებით: “სასამართლო რეფორმის მედიაჯგუფი”. მართალია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, ნინო გვენეტაძის თქმით, ჯგუფში გაერთიანებულ მოსამართლეებს, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ზუსტად ჯერჯერობით თვითონაც არა აქვთ წარმოდგენილი, თუ რა იქნება “მედიაჯგუფის” საქმიანობის მთავარი სფერო, მაგრამ თანამშრომლობის სურვილიც წინ გადადგმული ნაბიჯია. მით უმეტეს, რომ ამგვარი საბჭოს შექმნის სურვილი უკვე კობა ნარჩემაშვილმაც გამოთქვა.

ამ ახალ ტენდენციაში ერთგვარ გამონაკლისს თავდაცვის სამინისტრო წარმოადგენს. თავდაცვის სიტყვაძუნწი მინისტრი უარს ამბობს არა მხოლოდ საზოგადოებრივ, არამედ საპარლამენტო კონტროლზეც. პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ელენე თევდორაძის თქმით, მას შემდეგ, რაც მან რამდენიმე საჯარისო ნაწილი მოინახულა, საქმეში თავად საქართველოს პრეზიდენტი ჩაერია და სამხედრო ნაწილების მონახულება სერიოზულად გართულდა: [ელენე თევდორაძის ხმა] “მე, როგორც კი რაღაცა ხდება, მაშინვე ვავრცელებ ინფორმაციას. როგორც ჩანს, ამის გულისთვის თავდაცვის მინისტრს პრეზიდენტმა დაუსვა ასეთი კითხვა: რამდენად დასაშვებია, რომ დეპუტატმა – არც უხსენებია კომიტეტის თავმჯდომარე – ასე თავისუფლად იაროს ჯარის ნაწილებში? და ამის შემდეგ მე შემომთავაზეს ჯარის იმ ნაწილების ნუსხა, სადაც მე, თურმე, შემიძლია შესვლა. იქ მე პრინციპულად არ წავედი, რადგან კარგად ვიცოდი, რომ იქ დალაგებულია ყველაფერი. ანდა მე, თურმე, წინასწარ უნდა გავაფრთხილო, სად ვაპირებ მისვლას, ასეთი შესვლა კი მე სრულებით არ მაინტერესებს, რადგან ასეთ დროს ჯარისკაცებს აფრთხილებენ, რომ ღიად არ ისაუბრონ”.

მთლიანობაში, თუ ტენდენციაზე ვისაუბრებთ, შეიძლება ითქვას, გასული წლის გამოსვლებმა ხელისუფლებას მძაფრად აგრძნობინა საზოგადოებრივი აზრისა და სიტყვის თავისუფლების ძალა და, შესაბამისად, საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვებაზეც დააწყებინა ზრუნვა.
XS
SM
MD
LG