Accessibility links

logo-print

ედუარდო დუალდე – არგენტინის ახალი პრეზიდენტი


ანდრო ეული, პრაღა 1 იანვარს, ქვეყნის უდიდესი, პერონისტული პარტიის წარმომადგენელი, მემარცხენე სენატორი ედუარდო დუალდე, განვლილი ორი კვირის მანძილზე არგენტინის მეხუთე პრეზიდენტი გახდა.

262 ხმა 21-ის წინააღმდეგ – ასეთი იყო არგენტინის ეროვნულ კონგრესში სამშაბათს გამართული კენჭისყრის შედეგი (18-მა დეპუტატმა თავი შეიკავა).

60 წლის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ედუარდო დუალდე, რომელიც ორჯერ იყო ქვეყნის უმდიდრესი, ბუენოს აირესის პროვინციის გუბერნატორი, 2003 წლის დეკემბრის ბოლომდე დარჩება ხელისუფლების სათავეში.

21 დეკემბერს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა ფერნანდო დე ლა რუა. მის მიერ დაწყებულმა ეკონომიკური მომჭირნეობის პოლიტიკამ მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები და ძალადობა გამოიწვია. მის შემდეგ კიდევ ორ პრეზიდენტს მოუხდა მცირე ხნით ქვეყნის მართვა. ადოლფო როდრიგეს საა მარტის არჩევნებამდე უნდა გაძღოლოდა ქვეყანას, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ მოუხდა გადადგომა, როცა არგენტინაში საპროტესტო გამოსვლები განახლდა.

იმ დროს, როცა ედუარდო დუალდე პარლამენტში, თავისი კურთხევის ცერემონიალზე, სიტყვით გამოდიოდა, დემონსტრანტები ბუენოს აირესის ქუჩებში ვადამდელი საყოველთაო არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ.

მიმართა რა დეპუტატებს, ედუარდო დუალდემ განაცხადა: [ედუარდო დუალდეს ხმა] ”მე ძალისხმევას არ დავიშურებ კრიზისის მოსაგვარებლად, ხოლო შემდეგ პრეზიდენტის უფლებამოსილებას გადავულოცავ მეორე მოქალაქეს, რომელსაც არგენტინელი ხალხი აირჩევს ორ წელიწადში”.

დუალდე, რომელიც დე ლა რუასთან დამარცხდა 1999 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მძაფრად აკრიტიკებს
არგენტინაში განვლილი ათწლეულის მანძილზე მომხდარ თავისუფალ საბაზრო რეფორმებს, რამაც ისევე, როგორც ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში, ეკონომიკის ზრდა გამოიწვია, მაგრამ უცვლელი დატოვა ნაპრალი მცირერიცხოვან მდიდრებსა და მილიონობით ღარიბს შორის.

ედუარდო დუალდე 1941 წელს დაიბადა ბუენოს აირესის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ლომას დე სამორაში და ბუენოს აირესის პრესტიჟულ უნივერსიტეტში იურიდიული განათლება მიიღო. 30 წლის დუალდე ლომას დე სამორას საქალაქო საბჭოში აირჩიეს. იგი ამ ქალაქის მერი იყო უკვე 1976 წელს, როცა არგენტინაში გადატრიალება მოხდა და დემოკარტიული მმართველობა სამხედრო დიქტატურამ შეცვალა. მერის თანამდებობაზე დუალდე 1983 წელს დაბრუნდა, როცა ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობა აღდგა. 87-ში იგი დეპუტატად აირჩიეს პარლამენტის ქვედა პალატაში. 1989 წელს დუალდე არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი გახდა, მაგრამ 1991 წელს გადადგა და მას შემდეგ ორჯერ იყო ბუენოს აირესის პროვინციის გუბერნატორი.

თითქმის ოთხწლიანმა რეცესიამ ყველაზე სერიოზული კრიზისი გამოიწვია არგენტინაში მას შემდეგ, რაც დემოკრატიული მმართველობა სამხედრო დიქტატურამ შეცვალა 1976-83 წლების პერიოდში. დემოკრატიის აღდგენამ ყაზარმებში დააბრუნა სამხედროები, ხოლო ქვეყნის პოლიტიკური ელიტა ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ჩაება. მისასალმებელი ისაა, რომ სამხედროები ამჟამინდელ კრიზისში ჯერჯერობით არ ერევიან.
XS
SM
MD
LG