Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იქცევა თუ არა 2002 წელი შემობრუნების წერტილად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი იანვრის პირველ დღეებს, ალბათ, ყველაზე უკეთ შეეფერება ანონიმი ამერიკელი ჟურნალისტის მოსწრებული ნათქვამი, რომ ახალი ამბის არქონაც თავისებური ახალი ამბავია.

იანვარი საქართველოში აციებითა და მოსალოდნელი ენერგეტიკული კრიზისის შესახებ საუბრით დაიწყო.

თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ 3 იანვარს საქართველოში არაფერი ხდებოდა. 3 იანვარს ჭუბურხინჯში გაიმართა ოთხმხრივი შეხვედრა, რომელზეც სოხუმის, თბილისის, გაეროსა და რუსეთის სამშვიდობო ნაწილების წარმომადგენლებმა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში არსებული მდგომარეობა განიხილეს. 1 იანვრიდან აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებული ცისფერჩაფხუტიანები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის კახა სიხარულიძის განმარტებას თუ მოვიშველიებთ, “სამართლებრივ ვაკუუმში იმყოფებიან”. როგორც ცნობილია, ამ შეიარაღებულ ნაწილებს მანდატი 2001 წლის 31 დეკემბერს ამოეწურათ. ოფიციალური თბილისი კი, ერთის მხრივ, არ მოითხოვს დსთ-ს კოლექტიურ სამშვიდობო ძალებად წოდებულთათვის მანდატის გაგრძელებას, რადგან არ აკმაყოფილებს მანდატით მინიჭებული უფლება-მოვალეობები, მეორე მხრივ კი, ოფიციალურად ასევე არ მოითხოვს კონფლიქტის ზონიდან რუსი ცისფერჩაფხუტიანების გასვლას. კახა სიხარულიძის განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რათა უმტკივნეულოდ განხორციელდეს სამშვიდობო ოპერაციის მანდატის შეცვლა და პროცესის ინტერნაციონალიზაცია. მართალია, საგარეო უწყება არ აკონკრეტებს, რომელ სახელმწიფოებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების გაგზავნის თაობაზე, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, ჯერჯერობით ამისთვის მზადყოფნა ხმამაღლა მხოლოდ ორმა სახელმწიფომ გამოთქვა – უკრაინამ, რომელიც თავისი ცისფერჩაფხუტიანების გასაგზავნად აფხაზეთში გაეროს მანდატს ითხოვს, და თურქეთმა, რომლის პრეზიდენტმაც შარშან თბილისში ოფიციალური ვიზიტისას კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა.
გულახდილად რომ ითქვას, ორივე ეს შემოთავაზება არარეალურად გამოიყურება. ოფიციალური სოხუმი უკვე რამდენიმე წელი აპროტესტებს უკრაინის ხელისუფლების თუნდაც მხოლოდ კეთილი სურვილის დონეზე გამოთქმულ მზადყოფნას, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში უფრო აქტიური ჩართვის თაობაზე. რაც შეეხება თურქეთს – ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს რუსეთის რეაქცია საკითხის ამგვარად დაყენების შემთხვევაში თუნდაც იმ მტკივნეული რეზონანსის გათვალისწინებით, რაც თურქეთის მხარის მიერ მარნეულის აეროპორტის აღდგენის დაფინანსებას მოჰყვა. არადა, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების აუცილებლობაზე საუბარი უკვე მომაბეზრებლადაც იქცა.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ერთერთი ყველაზე სუსტი ადგილი ჩვენთვის არის ის, რომ ვიცხოვროთ, ვიმეზობლოდ ნორმალურად რუსეთთან.”

მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმის გამოძებნის იმედს ოფიციალური თბილისი უკავშირებს რუსეთ-საქართველოს ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულებას, რომლის პროექტზე მუშაობა იანვარში განახლდება.
XS
SM
MD
LG