Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ელექტრომომარაგება კვლავ დიდ სირთულეებს აწყდება


2001 წლის 22 დეკემბერს თბილისის თბოელექტროსადგურის 2 ენერგობლოკის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ საქართველოს ენერგოსისტემამ ელექტროენერგიის იმპორტის წყალობით საახალწლოდ თბილისის განათება მაინც მოახერხა.

2 და 3 იანვარს დედაქალაქის უწყვეტ ელექტრომომარაგებას კვლავ საფრთხე დაემუქრა. განსაკუთრებული ძალისხმევის შედეგად ელექტროენერგიით თბილისის უზრუნველყოფა მოხერხდა, თუმცა არსებული მდგომარეობის შენარჩუნება, მაინც ეჭვის ქვეშ დგას.

ახალი წლის დღეებში თბილისისა და საქართველოს უმეტეს რეგიონებში ელექტროენერგიის დეფიციტი არ იგრძნობოდა. ეს შესაძლებელი გახდა სომხეთიდან და რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტითა და ჰიდროელექტრო სადგურების დარჩენილი რესურსის მაქსიმალურად გამოყენებით. 2 იანვარს კი ამგვარი გზით შეკოწიწებულმა სისტემამ ნგრევა დაიწყო.

ჯერ იყო და 2 იანვარს სომხეთიდან მომავალი ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა, რამაც საქართველოს ელექტროსისტემას 150 მეგავატი სიმძლავრე მოაკლო. ხაზის აღდგენა 3 იანვრისთვის მოხერხდა, თუმცა 4 იანვარს იწურება სომხეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის ხელშეკრულების მოქმედების ვადა. „ეი-ი-ეს თელასში“ ვარაუდობენ, რომ ხელშეკრულება კიდევ 1 თვით გაგრძელდება. მიუხედავად ამისა თელასში არ გამორიცხავენ, რომ გრაფიკის დაწესება მაინც გახდება აუცილებელი. ჯერჯერობით კი თბილისის ელექტრომომარაგებას სტიქიური ხასიათი აქვს. ამის მიზეზი თბილსრესის მომუშავე ერთადერთი მეოთხე ბლოკის გაჩერება და რუსეთთან დამაკავშირებელ გადამცემ ხაზზე მომხდარი ავარიაა.

რუსეთიდან საქართველოში დღემდე 300 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის იმპორტი ხორციელდებოდა, რასაც ემატებოდა სომხეთიდან შემომავალი 150 მეგავატი და მეოთხე ენერგობლოკის 120 მეგავატი. სულ კი თბილისის ელექტროუზრუნველყოფისათვის მინიმუმ 550 მეგავატია საჭირო. ახლა დედაქალაქს 300 მეგავატი მიეწოდება. რაც ე.წ. სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებისა და ენერგიის საფასურის ყველაზე კარგი გადამხდელი რაიონებისთვისაა საკმარისი.

ამ სიმძლავრის ელექტროენერგიის თავმოყრა სომხეთიდან იმპორტირებული და ჰიდროელექტროსადგურებზე დარჩენილი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით ხერხდება. როგორც წესი, ჰიდრორესურსები ამ დროისათვის თითქმის ამოწურულია და მათი ინტენსიური ათვისება დიდხანს ვერ გაგრძელდება.

საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავა აცხადებს, რომ რუსეთიდან მომავალი ელექტროგადამცემი ხაზის, „კავკასიონის“ დაზიანების მიზეზი დიდთოვლობაა და მისი აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყოო. სავარაუდოდ გადამცემი ხაზის აღდგენა 4 იანვრისთვის მოხერხდება.

რაც შეეხება ”თბილსრესის” მეოთხე ენერგობლოკს, მისი გაჩერების გამომწვევი მიზეზების შესწავლა უკვე მიმდინარეობს, თუმცა ჯერ არაა ცნობილი, როდის შევა მწყობრში.

ამ დროებითი ჩავარდნის გამოსწორების შემთხვევაშიც, ყველაზე ოპტიმისტებსაც კი უჭირთ იმის გაცხადება, რომ ელექტროსისტემა გაზაფხულამდე შეძლებს სტაბილურობის შენარჩუნებას. ავარიებს რომ თავი დავანებოთ, ელექტროენერგიის იმპორტისათვის საჭიროა ფინანსური რესურსები, რომლის სიჭარბეს არც „ეი-ი-ეს თელასი“ განიცდის და არც საქართველოს ენერგობაზარი. რუსეთის ენერგოწარმოების მიმართ და შიდა დავალიანებების ფონზე საქართველოს ელექტროსისტემას ნამდვილად გაუჭირდება მომავალი 2 თვის მანძილზე თბილისის 24 საათის მანძილზე უწყვეტი ელექტროენერგიით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხების მობილიზება.
XS
SM
MD
LG