Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ელიტა ჰყავს დღეს საქართველოს


დავით პაიჭაძე, თბილისი რა არის ელიტა; რა ელიტები არსებობს დღეს საქართველოში; როგორ მოქმედებენ ისინი; განიცდის თუ არა ელიტა კრიზისს;

რა დარჩა ძველი ელიტისა თუ ელიტებისაგან და ვინ შეადგენს ახალ ელიტას. რა არის ელიტა; რა ელიტები არსებობს დღეს საქართველოში; როგორ მოქმედებენ ისინი; განიცდის თუ არა ელიტა კრიზისს; რა დარჩა ძველი ელიტისა თუ ელიტებისაგან და ვინ შეადგენს ახალ ელიტას; ეს და ელიტასთან დაკავშირებული სხვა საკითხები საქართველოში სერიოზულ შესწავლას საჭიროებს.

ქართული საზოგადოება - პოსტსაბჭოთა, ხანგრძლივი კრიზისული გარდატეხის პერიოდში მყოფი საზოგადოებაა. მძიმე გარდამავალ მდგომარეობას, წესისამებრ, ახლავს სოციოკულტურული ორიენტირებისა და ხატების მსხვრევა, ელიტარულ სტრუქტურათა კრიზისი, მათი როლისა და საზოგადოების "მასობრივ" სტრუქტურებთან კავშირების დეფორმაცია. ელიტის მრავალ დეფინიციას თუ თავს მოვუყრით, შეიძლება ითქვას - ასეთად მივიჩნევთ სოციალურ ჯგუფს, რომელიც ფლობს უნიკალურ, სოციალურად ღირებულ რესურსს: ძალაუფლებას, კულტურულ პოტენციალს, პროფესიულ გამოცდილებას და ა.შ. ელიტას აქვს უნარი გამოიყენოს თავისი პოტენციალი მოცემულ საზოგადოებრივ სისტემაში ნორმატიული ძალის მქონე მაგალითების, სიმბოლური სტრუქტურებისა თუ საყრდენი სოციალური "კვანძების" მხარდაჭერისა და დამკვიდრებისათვის. ელიტა უზრუნველყოფს მისი რესურსის შენახვასა და "კვლავწარმოებას" თაობიდან თაობაში. ეს ნიშნავს, რომ უნიკალური რესურსის (ვთქვათ, კულტურისა თუ ძალაუფლების) მატარებელი ყველა ჯგუფი ვერ შეასრულებს ელიტის ფუნქციებს. არსებობენ, ასე ვთქვათ, ხანმოკლე ჯგუფები, რომლებიც თავიანთ არსებობას რამდენიმე წლის ან თუნდაც ათწლეულის მანძილზე ასრულებენ, ვერ უძლებენ ადამიანური მასალის ცვლას. საზოგადოების მმართველი ან სხვა რიგის ზედაფენა ყოველთვის, მით უმეტეს, სწრაფი ცვლილებების ხანაში, ვერ ჩაითვლება ელიტად.

საბჭოთა პერიოდის ელიტები ბევრწილად ჩაკეტილ პრივილეგირებულ ჯგუფებს წარმოადგენდნენ. იმპერიის რღვევისა და აღდგენილი დამოუკიდებლობის მანძილზე მათ დაკარგეს თავიანთი მნიშვნელობა, რადგან "მასები", მოსახლეობა აღარ აღიქვამდა ელიტის სიმბოლურ და ინსტრუმენტულ ფუნქციებს (როგორც აღვნიშნეთ, ესაა საზოგადოების მაინტეგრირებელი მაგალითების, კულტურული კოდებისა და ქცევის წესების ტრანსლაცია); დღევანდელი დისკუსიები საზოგადოების ზნეობრივი დეგრადაციის შესახებ, რომელმაც დაკარგა თავისი სულიერი ლიდერები, კამათი იდეოლოგიის შემოღების მიზანშეწონილობაზე და საზოგადოებრივი აღიარების გარეშე დარჩენილი ინტელექტუალური და მმართველი ელიტების დაცემასა თუ დეგრადაციაზე, სწორედ ხსენებულ კომპლექსს ეფუძნება. ამასთან, ელიტარულ სტრუქტურათა ბუნებისა და ფუნქციების ცვლილებას, თავად ამ სტრუქტურათა წარმომადგენლები, ხშირად მხოლოდ ემოციურად ან სულაც ტრაგიკულად აღიქვამენ.

თანამედროვე ღია საზოგადოებებში, საბჭოურისაგან განსხვავებით, შეუძლებელია მკაცრად ჩაკეტილმა ჯგუფებმა იარსებონ. ასეთ საზოგადოებაში წესრიგს ამაგრებს საყოველთაო ღირებულების მქონე სოციალური ინსტიტუტები, რომელთა ირგვლივ ყალიბდება კიდეც ელიტარული სტრუქტურები. პროცესს, რომელსაც შედეგად ასეთი ვითარება მოჰყვება, ელიტების ინსტიტუციონალიზაცია ეწოდება. სოციალურ ინსტიტუტებთან მიმართებით ელიტარული ჯგუფები მეორადია, ისინი თავიანთ მნიშვნელობას იმ სფეროებში ინარჩუნებენ, სადაც გასავალი აქვს გამოცდილების გადაცემის პიროვნულ არხებსა და ნდობით აღსავსე უშუალო კავშირებს. ასე რომ, ელიტების პრობლემა საქართველოში დაკავშირებულია ჩაკეტილი, დახურული საზოგადოებიდან ღია საზოგადოებაზე გადასვლასთან ანუ საზოგადოების მოდერნიზაციის პროცესებთან.
XS
SM
MD
LG