Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროაჟიოტაჟს" საქართველო ჯერჯერობით შორიდან აკვირდება


ზაზა გაჩეჩილაძე თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის პირველ სავაჭრო დღეს საზოგადოება ახალ ევროპულ ვალუტაზე პირველ კოტირებას ელოდა,

თუმცა ამ ბირჟის ძირითადი აგენტები - ქართული ბანკები ამჯერად მხოლოდ საკუთარი კლიენტების დავალებების განაღდებით იყვნენ დაკავებულნი და ევროზე ვაჭრობაც არ შედგა. თუ რა რეზონანსი აქვს ერთიან ევროპულ ვალუტას ქართულ ბაზარზე, ამის შესახებ ზაზა გაჩეჩილაძე ისაუბრებს.

ევროს ირგვლივ "ბებერ კონტინენტზე" აგორებულ აჟიოტაჟს საქართველო ამჯერად მხოლოდ დამკვირვებლის როლში ეხმიანება.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი ვალუტის ოფიციალურ ევროპულ დაკანონებას ქართული საბანკო სისტემა მომზადებული შეხვდა და კომერციულ ბანკებს შესაძლებლობა აქვთ ევროპის სხვადასხვა ვალუტაში არსებული საკასო ნაშთები ევროში უპრობლემოდ გადაიყვანონ, მოსახლეობის მხრიდან ევროზე მოთხოვნა ჯერჯერობით არ არის დაფიქსირებული.

ეს სრულიად ბუნებრივიცაა, რადგან როდესაც ევროპაშიც კი ახალი ევრობანკნოტების მიმართ არც თუ ერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, ძნელია საქართველოს მოსახლეობა შეაჩვიო ახალ ფულს, მითუმეტეს, როდესაც ქართულ ბაზარზე აშშ დოლარის პოზიცია ურყევია და ძირითად გარიგებებში სწორედ "უბერებელი მწვანე ბანკნოტა" გამოიყენება. ამასთან, ჩვენს საფინანსო ბაზარზე ევროვალუტებს, ძირითადად დოიჩმარკასა და ფუნტ სტერლინგს, სავალუტო ბრუნვის მხოლოდ 10 პროცენტი ეკავა.

თუმცა ევროზე მოთხოვნას ექსპერტები უკვე უახლოეს დღეეში ვარაუდობენ, როდესაც საახალწლო დღესასწაულების შემდეგ საქმიანი აქტივობა განახლდება და ევროპაში გასამგზავრებლად ჩვენს მოქალაქეებს ნაღდი ევროები დაჭირდებათ. თუმცა ამ შემთხვევაშიც ბრუნვის მოცულობა სავარაუდოდ, არ იქნება დიდი.

ევროვალუტის სერიოზულ შემოდინებას უფრო ზაფხულისაკენ უნდა ველოდოთ, როდესაც ტურისტები და საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები მცირე ხნით სქართველოში ჩამოვლენ და თავიანთ დანაზოგებს ლარებში გადაახურდავებენ.

რაც შეეხება ევროს ნაღდ ბანკნოტებს, საბანკო სისტემა მის შეუზღუდავი რაოდენობით გასაცემად მზად არის. ახალი ბანკნოტების შემოსვლამ მთელ მსოფლიოში ერთგვარი აჟიოტაჟი შექმნა, რადგან აქამდე ნაღდი ევრო მოსახლეობაში არ ბრუნავდა და შესაბამისად, გაუგებრობების ალბათობა საკმაოდ მაღალია. ამ გაუგებრობებისაგან, ბუნებრივია არც საქართველოს მოსახლეობაა დაზღვეული, რის გამოც რეკომენდირებულია პირველ ხანებში ნაღდი ევროსათვის მხოლოდ საბანკო დაწესებულებების მომსახურებით ვისარგებლოთ და გარე სავალუტო ბაზარს ნაკლებად ვენდოთ, რადგან ბანკის პერსონალს სპეციალური ინსტრუქტაჟი უკვე ჩატარებული აქვთ და შესაბამისად, ევროს ბანკნოტებთან დაკავშირებით რაიმე უსიამოვნო ექსცესის შანსი მათთან მინიმალურია.
XS
SM
MD
LG