Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ეთნიკურ თურქმენებს მშვიდობისდამცველების როლის შესრულება სურთ


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ეთნიკური თურქმენები ავღანეთში ცნობილია არიან, როგორც მუყაითი და მშვიდობის მოყვარე ხალხი.

ქვეყნის ბოლო ათეული წლების ისტორიაში ამ თვისებების შენარჩუნება საკმაოდ ძნელი საქმე იყო.

1989 წელს საჰჭოთა კავშირ-ავღანეთის ომის დამთავრების შემდეგ თალიბანის დამხობამდე ქვეყანაში დაჯგუფებებს შორის ომი მიმდინარეობდა. ამ პირობებში ქვეყნის თითქმის ორ მილიონ ეთნიკურ თურქმენს მნიშვნელოვანი საკუთარი სამხედრო ჯარი არ შეუქმნია. ცხოვრობდნენ რა უმთავრესად ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რომელსაც ეთნიკური უზბეკი გენერალი აბდულრაშიდ დოსტუმი აკონტროლებდა, ისინი ტრადიციული ხელობით –ხალიჩების ქსოვითა და სოფლის მეურნეობით ირჩენდნენ თავს.

10 წლიანი საბჭოთა ინტერვენციისგან პაკისტანში გაქცეული ასობით ათასი ეთნიკური თურქმენი ლტოლვილთა ბანაკებშიც განაგრძობდა ხალიჩების ქსოვას და საკუთარ კმაყოფაზე მყოფი ლტოლვილთა ჯგუფის რეპუტაცია დაიმსახურა.

მაგრამ თურქმენული სათვისტომოს გადაწყვეტილება, არ ჩარეულიყო დაჯგუფებათა ბრძოლებში საბჭოელების მიერ ავღანეთის დატოვების შემდეგ, დღეს მას ძვირად უჯდება. პოლიტიკურ სცენაზე მათ არ ჰყავთ წარმომადგენლები ეთნიკური სამხედრო დაჯგუფების მეთაურების სახით. გასულ თვეში, ბონში სამშვიდობო გარიგების დროს, თურქმენების ხმა არ ისმოდა. ავღანეთის ოთხმა დაჯგუფებამ შექმნა დროებითი მთავრობა და მინისტრების პოსტები გარიგებაზე ხელისმომწერთა - პუშტუნების, ტაჯიკების, ხაზარაელებისა და უზბეკების – წარმომადგენლებს შორის განაწილდა.

ახლა, როცა თურქმენებს სურთ ავღანეთის სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში უფრო აქტიური როლის თამაში, თურქმენული სათვისტომოს ლიდერებმა გარდამავალ მთავრობასთან საურთიერთოდ შურა ანუ საბჭო შექმნეს.

საბჭოში შედიან თურქმენი ინტელექტუალები პაკისტანის ლტოლვილთა ბანაკებიდან და ავღანეთის თურქმენი მოსახლეობის უხუცესები.ამ კვირაში დელეგატები ქაბულში ავღანეთის დროებითი მთავრობის მეთაურს ჰამიდ კარზაის და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შეხვდნენ. მომავალ კვირაში ისინი აპირებენ მაზარ-ი-შარიფში გამგზავრებას გენერალ დოსტუმთან შესახვედრად, რომელმაც ამას წინათ თავდასცვის მინისტრის მოადგილის პოსტი დაიკავა.

ერთერთი დელეგატი, ბიოქიმიის დოქტორის ხარისხის მქონე ჯამაჰირ ანვარი ფეშავარში ჩვენი რადიოს კორესპონდენტს ჩარლზ რეკნაგელს ესაუბრა. მან თქვა, რომ საბჭოს მთავარი ამოცანაა აცნობოს გარდამავალ ადმინისტრაციას, რომ თურქმენულ სათვისტომოს ავღანეთის აღდგენაში მონაწილეობა სურს. თურქმენები მზად არიან მოამზადონ მშვიდობისდამცველთა რაზმები, რომლებიც ითანამშროლებენ გაეროს მანდატით მოქმედ საერთაშორისო სამშვიდობო ძალებთან.

[ანვარის ხმა] “თურქმენეებს არ სურდათ ბოლო წლების მტრულ ქიშპობაში მონაწილეობა. ახლა ჩვენ ვაცხადებთ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ ვიკისროთ მშვიდობისდამცველების როლი. ჩვენი ახალგაზრდობა ამ მოვალეობას გაეროს სამშვიდობო ძალების გვერდიგვერდ შეასრულებს.”

ანვარის თქმით ვინაიდან თურქმენები ნეიტრალიტეტს იცავდნენ ქვეყნის ბოლო წლების კონფლიქტებში, ასეთი სამშვიდობო დანაყოფები ქვეყნის ყველა ეთნიკური ჯგუფისთვის იქნება მისაღები.

თურქმენული შურას დელეგატების მიერ გარდამავალი მთავრობისთვის წარდგენილ წინადადებებს შორის აღსანიშნავია: ადგილობრივი საბჭოების შექმნა არჩევნების გზით. საბჭოების შემადგენლობა დაეფუძნება ავღანეთში ეთნიკური ჯგუფების აღრიცხვას; პრესის თავისუფლება; ქალების უფლებების დაცვა; სახელმწიფო დაწყებითი სკოლებში ბავშვების დედაენაზე სწავლება და ყველა ეთნიკური ჯგუფის კულტურის დაწინაურება და დაცვა.
XS
SM
MD
LG