Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ერთ იუბილეზე გესაუბრებით


დავით პაიჭაძე საყოველთაო დღესასწაულს - ახალ წელს მეტი ზეიმურობა ახლავს იმ პირთათვის, ვისი იუბილე ან უბრალოდ, დაბადების დღე ახალწელიწადს ემთხვევა.

გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" პირველი ნომერი ახალ 2002 წელს ფართოდ აღნიშნავს ერთ ასეთ იუბილეს: გაზეთის მთავარ რედაქტორსა და მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, თამაზ წივწივაძეს დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდა.

"ლიტერატურული საქართველოს" ფურცლებზე თამაზ წივწივაძეს, რამდენიმე კაცის გამოკლებით, ულოცავს ყველა, ვისი გახსენებაც შეუძლია უახლესი ქართული ლიტერატურით დაინტერესებულ ადამიანს. ერთი საინტერესო კანონზომიერებაა: მეტ-ნაკლებად ცნობილ ავტორებს შორის, ერთადერთი გამონაკლისის გარდა, საერთოდ არ არის ახალი თაობის (ასე, 40 წლამდე) არცერთი მწერალი. მათ თამაზ წივწივაძე არაფერში ჭირდებათ. არც წივწივაძეს ჭირდება და აინტერესებს ისინი. მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს მწერლობაზე კარგა ხანია სიტყვა არ დაუძრავს. უფრო ზუსტად, კრიტიკოსად შერაცხულს რამდენიმე წელია არ დაუწერია პროფესიული წერილი ლიტერატურული ტექსტის შესახებ. ახალი თაობისათვის ის არც მწერალია და არც კრიტიკოსი. ხოლო რასაც ძველად, ანუ ამ 15, 20 და 30 წლის წინათ წერდა, ეს, უბრალოდ, ლიტერატურის ასენიზაცია გახლდათ. წივწივაძე ამხელდა მწერლებად მიჩნეულ იმ პირთა უნიჭობას, ვინც ლიტერატურას ისედაც ვერ შემორჩებოდა და ვისი შემოქმედებითი უმწეობა არავისთვის წარმოადგენდა საიდუმლოს. ამიტომაც არის, რომ გაბედულებად და ვაჟკაცობად მაშინდელ ნაწერებს წივწივაძეს ის ადამიანები უთვლიან და ხმალშემართულ რაინდად, მარტოხელა მგლად და ქვეყნის თვალად ისინი იხსენიებენ, ვისაც "ზასტოის" ხანის ლიტერატურული ცხოვრების წესთა უკვდავება სწამს.

ზემოთ ასენიზაცია ვახსენეთ: ჩანს, მდარე ლიტერატურასთან ინტენსიურმა ურთიერთობამ თავისებური კვალი დაატყო მწერალთა კავშირის თავმჯდომარის აზროვნების წესსა და ლექსიკურ მარაგს: წივწივაძემ პუბლიცისტიკაში მოახდინა კანონიზაცია და კონკრეტული ადამიანების ეპითეტებად გამოიყენა ისეთი სიტყვები, როგორიცაა: სოკოცუანა, ნაძირალა, გარეწარი, აფერისტი, მამაძაღლი, ბინძური და ა.შ. წივწივაძემვე უშურველად დაუთმო "ლიტერატურული საქართველოს" ფურცლები იმ ხალხს, ვინც მსგავსი "კატეგორიებით" აზროვნებდა და ოპერირებდა. თამაზ წივწივაძე დღეს ღირსეულად და პირნათლად ხვდება 60 წლის იუბილეს; პრეზიდენტი შევარდნაძე, რომელიც არასოდეს იყო გულგრილი მწერალთა კავშირის თავმჯდომარეთა მიმართ, წივწივაძის მეგობარია ან პირიქით, წივწივაძეა მისი მეგობარი; აი, ციტატა პრეზიდენტის მისალოცი ტექსტიდან: "შენი ხასიათის კაცი ვერ იქნება "იქეთაც" და "აქეთაც", რადგან შენ ყოველთვის "აქეთ"
ხარ".

მთელი მარილიც ამაშია: პრეზიდენტის დახვეწილი ნართაული აქეთ-იქითობაზე თითქოს წივწივაძის ასაკს ეხებოდა, სინამდვილეში კი მის უცდომელ მოქალაქეობრივ პოზიციაზე უთითებს - ის აქ არის, "აქეთ", პრეზიდენტისკენ. აქეთ და იქით - საქართველოს მოქალაქეთა საკლასიფიკაციო ერთეულებია, მომარჯვებული შევარდნაძის ხელში... ღმერთმა ტკბილად შეაბეროთ!
XS
SM
MD
LG