Accessibility links

logo-print

შობის წინ საქართველოს ეკლესია კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებისა და დაბადების დღეს ზეიმობს


სოზარ სუბელიანი, თბილისი ქრისტეშობის წინა დღეებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ორი საიუბილეო თარიღს დღესასწაულობს

– აღსაყრებას და დაბადების დღეს. ილია მეორე ბოლო 24 წლის განმავლობაში, 1977 წლიდან მეთაურობს საქართველოს ეკლესიას, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახალმა დრომ, დევნის შეწყვეტასთან ერთად, ეკლესიას მანამდე უცნობი ბევრი ისეთი პრობლემაც მოუტანა, რომელთა გადაწყვეტაც სერიოზულ ფიქრსა და ძალისხმევას მოითხოვს.

69 წლის კათოლიკოს-პატრიარქის სასულიერო მოღვაწეობა 1952 წელს დაიწყო, როცა 19 წლის ირაკლი შიოლაშვილმა ჯერ მოსკოვის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, შემდეგ კი მოსკოვისავე სასულიერო აკადემიაში განაგრძო სწავლა. 1963 წელს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ მეორის მიერ იგი შემოქმედის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული და მცხეთის სასულიერო აკადემიის პირველ რექტორად დაინიშნა, 1967 წელს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში გადაიყვანეს, 1977 წლიდან კი, კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად იქნა არჩეული. იმავე პერიოდში, 1978-83 წლებში იგი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტიც იყო.

ახალი პატრიარქის არჩევას საქართველოს ეკლესიის გამოცოცხლება მოჰყვა. ცხადია, ამის გაკეთების საშუალებას იმ დროისთვის უკვე მორბილებური საბჭოთა რეჟიმიც იძლეოდა, თუმცა, თავად ილია მეორის დამსახურებაც საკმაო იყო. საპატრიარქოს პრესცენტრის თანამშრომლის, ზურაბ ცხოვრებაძის თქმით, პატრიარქის აქტიურობა კომუნისტური ხელისუფლების წინააღმდეგობას აწყდებოდა: [ზურაბ ცხოვრებაძის ხმა]. “უფრო აქტიური კავშირი განხორციელდა ახალგაზრდობასთან, ინტელიგენციასთან. ეს ძალიან გაბედული ნაბიჯები იყო. თვითონ პატრიარქი ამბობს ხოლმე, რომ ინტელიგენციის იმ წარმომადგენლებს, ვისაც აქტიური კავშირი ჰქონდათ საპატრიარქოსთან, გარკვეულ პრობლემებს უქმნიდნენ. უფრო მეტსაც გეტყვით: როდესაც პატრიარქი ჯერ კიდევ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას მართავდა, მან დაიწყო სამღველოების შეკრება და სხვადასხვა საღვითსმეტყველო საკითხების ერთობლვად განხილვა, მაგრამ ამ შეხვედრების ჩატარების საშუალებაც კი არ მისცეს მაშინ”.

საქართველოს ეკლესიის დღევანდელი მდგომარეობა, პოზიტიური ნიშნით, ასე შეიძლება დავახასიათოთ: [ზურაბ ცხოვრებაძის ხმა]. “დროის მოკლე მონაკვეთში აშენდა იმდენი ტაძარი, რაც, ალბათ, საქართველოს ისტორიაში არასდროს მომხდარი. ყოველი ახალი ტაძარი, ეს არის ლოცვა უფლისადმი აღვლენილი, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ერს. გარდა ამისა, ახლად გახსნილი ყოველი ტაძარი ეს არის ახალი მრევლი”.

სტატისტიკის ენაზე ზემოთქმული, დაახლოებით, 600-ამდე ახალ ეკლესიასა და 800-ამდე ახლად ხელდასხმულ სასულიერო პირს ნიშნავს, თუმცა, ზურაბ ცხოვრებაძის თქმით, ეს მონაცემები იმდენად სწრაფად იცვლება, რომ ზუსტი სტატისტიკის წარმოება ადვილი არ არის.

მეორე მხრივ, ეკლესიის გაძლიერებას გარკვეული სიძნელეებიც მოჰყვა: [ზურაბ ცხოვრებაძის ხმა]. “საჭიროა მასობრივად გამოიცეს მაღალი დონის საღვთისმეტყველო ლიტერატურა, საჭიროა კადრების სრულყოფილი მომზადება, მაგრამ, მეორე მხრივ, დროც არ არის საიმისო, რომ დიდი დრო დაიხარჯოს ამაზე, რადგან ძალიან ბევრი ახალი ეკლესია-მონასტერი გაისხნა, მათ სჭირდებათ პატრონი და ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს ახალი სასულიერო პირების კურთხევა. ძირითადი პრობლემები მაინც ფინანსური პრობლემებია”.

ფინანსურ პრობლემებზე საუბარიც ბოლო წლების საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია, თუმცა, თავად კათოლიკოს-პატრიარქი თავისი მოღვაწეობით ხშირად იძლევა საწინააღმდეგო მაგალითს.
XS
SM
MD
LG