Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელი მდივანი ჩავიდა


ოფიციალური პირების განმარტებით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელი მდივნის თბილისში ვიზიტი, გაცნობითი ხასიათსა უნდა ყოფილიყო.

იაროვს საქართველოს ახალი სახელმწიფო მინისტრი უნდა გაეცნო. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას, მან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილა, მათ შორის აღნიშნული თანამეგობრობის ეგიდით აფხაზეთში მყოფი რუსეთის სამშვიდობოების საკითხი.

1 იანვრიდან რუსი ცისფერჩაფხუტიანები ენგურს გაღმა-გამოღმა მანდატის გარეშე მოქმედებენ. ქართული მხარე მანდატის გაგრძელებაზე მათ ჯერჯერობით უარს ეუბნება. აღნიშნულიდან გამომდინარე რუსეთის სამშვიდობო მისიისთვის და აფხაზეთის თვითმარქვია ხელისუფლებისთვის, სამშვიდობოების მანდატის საკითხი ყველაზე მტკივნეულ საკითხს წარმოადგენს. არანაკლებ მტკივნეულია ის საქართველოს ხელისუფლებისთვისაც, რომლის პირველ პირსაც, პარლამენტის ცნობილი გადაწყვეტილების იგნორირება, საკმაოდ წამგებიან მდგომარეობაში ჩააყენებს. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ რუსეთის სამშვიდობო მისიაზე მან ხელი აიღო და მორიგ დათმობაზე წასვლას აღარ აპირებს.

აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ჯარების გაყვანისთვის და მათი საერთაშორისო კონტინგენტით ჩანაცვლების უზრუნველყოფისთვის, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში ჯერ არ შესულა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და რაც მთავარია, არც რუსეთის სამშვიდობო მისიის საერთაშორისო ძალებით ჩანაცვლების პერსპექტივა გამოკვეთილა. ასეთ სტაგნაციას იმით ხსნიან, რომ სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის სურვილი, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებს შორის, უკრაინის გარდა არც ერთ სხვა სახელმწიფოს არ გამოუთქვამს. აქვე შეგახსენებთ, რომ უკრაინა ოპერაციის ფორმატის შეცვლას ითხოვს. ის აფხაზეთში მშვიდობისმყოფელებს იმ შემთხვევაში გააგზავნის, თუ სამშვიდობო ოპერაცია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კი არა, გაეროს ეგიდით წარიმართება. ასეთი ცვლილებისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს თანხმობაა საჭირო, რომლის მიღებაც მოკლე დროში ვერ მოხერხდება. ყველაფერს ემატება ისიც, რომ საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, რუსეთის სამშვიდობოებისთვის მანდატის გაგრძელებას ითხოვს.

ასეთ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლებამ ორმაგი სტანდარტით მოქმედება აირჩია. რუსეთის სამშვიდობო მისიას არც მანდატი გაუგრძელა და არც აფხაზეთიდან წასვლა მოსთხოვა. პარლამენტარები კი საკუთარი გადაწყვეტილების
შესრულებას ითხოვენ. უსაფრთხოების ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ჯარის გაყვანის მოთხოვნას, ფრაქცია “ტრადიციონალისტი”10 იანვრისთვის დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაზე დააყენებს, მაგრამ მანამდე თბილისში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელი მდივანი ჩამოვიდა და სამშვიდობოებთან დაკავშირებულ გაურკვეველ სიტუაციში გარკვეულ გარდატეხასაც მიაღწია.
4 იანვარს იაროვი სახელმწიფო მინისტრს შეხვდა, შემდეგ პრეზიდენტს. ედუარდ შევარდნაძესთან პირისპირ შეხვედრაზე, თანამეგობრობის აღმასრულებელმა მდივანმა, სამშვიდობო ძალების საკითხიც განიხილა.თქვა, რომ თანამეგობრობის კოლექტიურ ძალებს ალტერნატივა არ გააჩნია და ედუარდ შევარდნაძისგან მიიღო დაპირება, რომ სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება, საკითხის უშიშროების საბჭოზე განხილვის შემდეგ იქნება მიღებული.
XS
SM
MD
LG