Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარგი ტერორისტები


ჰანგები, რომლითაც პროგრამა დავიწყეთ, ალბანურია, იმ ხალხს ეკუთვნის,

რომლის წარმომადგენელებმა ბოლო წლებში არაერთხელ მიიქციეს მსოფლიოს ყურადღება. სერბიაში, კოსოვოში და ბოლოს კი, მაკედონიაში, სადაც ისინი სლავებთან ერთად ცხოვრობენ, ალბანელებმა ჯანყს მიმართეს. მაკედონია, როგორც ცნობილია, იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკაა. მასზე პრეტენზია ყველა მეზობელ ქვეყანას ჰქონდა, სერბებსაც სურდათ დაპატრონებდნენ მას, ბულგარელებსაც, ბერძნებსაც და ალბანელებსაც. ამ ქვეყანას სახელწოდებაზე ედავებოდა საბერძნეთი. ელინები აცხადებდნენ, მაკედონია საბერძნეთში არსებობს, სლავების ქვეყანა არ შეიძლება მაკედონია იყოსო. ბულგარეთი ენას ეცილებოდა, არ სურდათ მათ მაკედონიურიც დამოუკიდებელ ენად ყოფილიყო აღიარებული, იმდენად მსგვსია ეს ორი ენა. მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი მოგვარდა. რაც არ მოგვარდა ეს იყო ალბანელების პრობლემა. ალბანელებს საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტშიც ჰყავდათ და მთავრობაშიც. მაგრამ მაკედონიის ალბანურმა მოსახლეობამ მაინც იარაღის გზა აირჩია და ამბოხით შეეცადა თავისი უფლებების მოპოვებას. მოვლენებს წინ გავუსწრებ და ერთ მაკედონურ ანეკდოტს გეტყვით: გაიგე, ეუბნება ერთი მაკედონელი მეორეს, ოსამა ბინ ლადენი მაკედონიაში მოდის. როგორ? კითხულობს მეორე, როგორ და ჩვენთან ხომ ტერორიტებს ამნისტია გამოუცხადეს.
მაკედონია განსაკუთრებულია იმ მხრივ, რომ ამ ქვეყანაში, იმავე საქმიანობის, იმავე ტიპის მეთოდების მოქმედი ადამიაენები, რომლებიც სხვაგან ტერორისტებად არიან შეარაცხული და იდევნებიან, სამშვიდობო მოლაპარაკების მთავარი მონაწილეები იყნენ და მათთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, არც მეტი არც ნაკლები ნატოს გენერალური მდივანი. მაკედონიის პრეზიდენტმა ტრაიკოვსკიმ ამ გარიგების შემდეგ განაცხადა, მე ნატოს გენერალურ მდივანს მოველაპარაკე, მისი ხალხი კი ტერორისტებთან შეთანხმდაო. გაგახსენებთ, რომ შეთანხმების ერთ-ერთი პირობა იყო ანეკდოტში ნახსენები მეამბოხეთა ამნისტირება.
ჩეჩნებსა და პალესტინელებს შორის საკმარისად იყვნენ და არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ტერორისტებად თამამად შეიძლება მივიჩნიოთ, ისიც ნათელია, რომ დღეს ტერორისტი, ხვალ შეიძლება მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდეს. როგორც ეს მაგალითად, ერთ დროს ისრაელის პრემიერის მენახემ ბეგინის, ასევე იასირ არაფათის შემთხვევაშია.
ტერორისტობის და თავისუფლებისთვის ბრძოლის ამ ბეწვისხიდზე საკმაოდ თამამად იარა ტომით ალბანელმა ალი აჰმეთიმ, რომელიც თავს მაკედონელს უწოდებს, რადგან მაკედონიაში დაიბადა და გაიზარდა. ის იმ ტერორისტების წინამძღოლია, რომლებზეც თქვა მაკედონიის პრეზიედნტმა, ნატო გაურიგდაო. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მიერ ხელმოწერილი განკარგულების იმ სიაში, სადაც ჩამოთვლილია პირები, რომლებიც იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკაში-მაკედონიაში და ბალკანეთის დასავლეთ ნაწილში ექსტრემისტულ ძალადობას მიმართავდენენ ან მხარს უჭერდენენ, პირველ ადგილზეა აჰმეთი, 1959 წლის იანვარში დაბადებული, ეროვნული განთავისუფლების არმიის “უჩეკას” წევრი. ბუშის ამ განაკარგულებით ამ პირებს ქონება შეერთებულ შტატებში გაუყინეს.
ახლა ჰკითხეთ თვითონ აჰმეთის, მიიჩნევს თუ არა ის, საკუთარ თავს ტერორისტად. მისი თქმით, ტერორისტი არ შეიძლება იყოს კაცი, რომელიც სამხედრო ფორმას და სამხედრო ნიშნებს ატარებს, ამავე დროს პატივს ცემს და პრაქტიკულად ემხრობა ჟენევის კონვენციას და ჰააგის ტრიბუნალს, ტერორისტობას ვერ დააბრალებ ადამიანს, განაგრძობს აჰმეთი, რომელიც თავისი ნამდვილი სახელით აშკარად მოქმედებს და პასუხს აგებს ამ ნამოქმედარზე და რომელიც თავის ქვეყანაში რეფორმების მომხრეა და დემოკრატიულ გარდაქმნას ესწრაფვის, ტერორისტი ვერ იქნება ის, რომელიც კანონს ყველა მოქალაქის თანასწორუფლებიანობას თხოვს, ფიქრობს აჰმეთი.
ამ სიტყვების შემდეგ მართლაც ვერ უწოდებ აჰმეთის ტერორისტს. მისი პიროვენების შეფასება უჭირდათ დასავლელ შუამავლებსაც, რომლებიც მაკედონიაში ალბანელ მეამბოხეებსა და მაკედონიის ჯარს შორის გარიგებას შუამდგომლობდნენ. ერთი ბრიტანელი ოფიცერი, რომელიც ხანგძლივად იმყოფებოდა ჩრდილოეთ ირლანდიაში, აჰმეთს და მის თანამებრძოლებს პირწავარდნილ ტერორისტებად მიიჩნევდა. ნატოს სხვა წარმომადგენელი, საპირისპირო აზრისა იყო, ის თვლიდა, რომ “უჩეკას” ხალხი გასაოცარ თავდაჭერილობას იჩენდა ამ ბრძოლის დროს.
რაც უფრო მეტს ჰკითხავთ, თითოეულ ამგვარ მეამბოხეს, თუკი მარლაც ამ ერთი პიროვნების გაცნობა არ გსურთ და მხოლოდ საერთო ანტიტერორისტულ კონტექსტში მისი ადგილის გარკვევა გამოძრავებთ, მით უფრო დაიბნევით. გამოსავალი მხოლოდ ეს არის, რომ გავიგოთ, რა სურდა ამ ტერორისტად თუ მშვიდობის მაძიებლად, ან რეფორმატორად გამოცხადებულ ადამიანს და რატომ ვერ მიაღწია მიზანს, ან როგორ მოახერხა მისი მიღწევა.

იმავე აჰმეთის მაგალითზე გეტყვით. სულ ახალგაზრდა, 22 წლისა, მარქსისტ-ლენინელი იყო და ამასთან, ნაციონალისტურ იდეებს ჰყავდა შეპყრობილი. თვალს ადევნებდა თავის ხალხის მგომარეობას მაკედონიაში და ხედავდა, რომ გამოსავალი არ იყო ამბოხის გარდა. მაკედონიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და პარამენტში და ხელისუფლებაში ალბანელების უმცირეობის წარმომადგენლების მოხვედრამ, ვერ მისცა აჰმეთის თანამოაზრეებს ის, რაც მათ ორ თვეში იარაღით მოახერხეს. სიფრთხილეა საჭირო ამ მახერხეს თქმისას. თვითონ აჰმეთი აცხადებს, რომ დასავლეთის ჩარევის გარეშე, ანუ მოწმების ყოლის გარეშე, ძნელი იქნებოდა მაკედონიის არმიასთან ომი. ამ ბრძოლაში დასავლეთის დროულად ჩარევამ უშველა ერთსაც და მეორესაც, ალბანელ მეამბოხესაც და მაკედონიის ხელისუფლებასაც, თორემ გამოუვალ მდგომარეობაში, მეამბოხეც და მთავრობის ერთგული არმიაც სისატიკეზე უარს არ ამბობს.
აჰმეთის ხალხი, ალბანელები, ახლა მაკედონიაში კონსტიტუციით მინიჭებული თანასწორუფლებიანობით სარგებლობენ. მათი პროცენტული წილი მთელ სოსახლეობაში საკმაოდ დიდია და როგორც ვარაუდობენ, თუკი მაკედონელ ალბანელებს და სლავებს შორის შობადობა დღევანდელ დონეზე დარჩა, 2025 წლისთვის, ალბანელები მეტი იქნებიან მაკედონიაში და აჰმეთი, უკვე 70 წელს მიტანებული ყოფილი ტერორისტი და იმ დროისთვის შეიძლება გმირი, მოსალოდნელია პრეზიდენტიც გახდეს. გამარჯვების შემთხვევაში ტერორისტებსაც არ ასამართლებენ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG