Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

416-ე გამოშვება


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა დღეს, ანუ 2002 წელს პირველად, ”მეათე სტუდიაში” გიწვევთ.

საქართველოში ჯერაც საახალწლო განწყობილება სუფევს და ჩვენც ყოველკვირეულ რადიოჟურნალს საახალწლო ზეიმზე საუბრით დავიწყებთ: კერძოდ, შევეცდებით გავარკვიოთ, რა არის ”ქართული” ახალი წლის აღნიშვნაში. ვიმსჯელებთ აგრეთვე ”ყოფილთა” ბედზე ჩვენს ქვეყანაში, და შევეხებით ქართული სახელმწიფოებრიობის ზოგიერთ პრობლემას. შემდეგ პოლიტიკას გამოვეთხოვებით, რათა ორ დიდ ხელოვანზე ვისაუბროთ: ესენი არიან ავსტრიელი პოეტი, რაინერ მარია რილკე და ინგლისელი გიტარისტი, ჯონ მაკლაფლინი.
”მეათე სტუდიაში” დღეს მარიამ ჭიაურელი გიმასპინძლებთ.

[მუსიკა]

რა არის ”ქართული” ახალი წლის აღნიშვნაში?

მარიამ ჭიაურელი:
ახალი წლის აღნიშვნის დღევანდელ წესში შეიძლება გამოიყოს ძველი და ახალი, საკუთრივ ქართული და უცხოური ტრადიციებისა თუ რიტუალების ელემენტები. ნაძვის ხე და ჩიჩილაკი, თოვლის პაპა და მეკვლე, ხაჭაპური, გოზინაყი და საცივი - ქართველი კაცის ოჯახში საახალწლოდ სხვადასხვა დროს გამოჩნდნენ. დავით პაიჭაძე დღეს სწორედ ახალი წლის რამდენიმე ატრიბუტის შესაძლო წარმოშობასა და ფუნქციას შეგახსენებთ.

დავით პაიჭაძე:
ნაძვის ხე, როგორც ახალი წლის ატრიბუტი, საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა, რუსეთში კი გერმანიიდან. გერმანიიდან გავრცელდა ის მთელ ევროპაშიც. ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში გერმანელები ნაძვის ხეს შაქარლამითა და ვაშლებით რთავდნენ. ეს ჩვეულება ძველი გერმანული ტომების რწმენას ეფუძნება, თითქოს სულები მარადმწვანე ნაძვებში იმალებიან და მოსალმობიერებლად მათ ძღვენი უნდა მიართვა. რუსეთში ნაძვის ხე მე-19 საუკუნიდან ჩნდება. პირველი მსოფლიო ომის დროს ის აკრძალა წმინდა სინოდმა; საბჭოთა ხელისუფლებამაც აკრძალა ნაძვის ხე, მაგრამ 1935 წელს, მას შემდეგ, რაც სტალინმა გამოსცა ბრძანებულება ქვეყნის ყველა კუთხეში საახალწლო ნაძვის ხეთა მორთვა-მოკაზმვის შესახებ, მოხდა ნაძვის ხის რეაბილიტაცია.

ამდენად, საქართველოში ნაძვის ხე ევროპული ტრადიციის ელემენტია. მაგრამ ქართველებს ჰქონდათ თავიანთი საახალწლო ხე, რომელსაც საბჭოთა ეპოქაში რამდენიმე ოჯახში თუ ნახავდით. მისი გაყიდვა არაფორმალურად აკრძალული იყო. კომუნიზმის მიწურულს კი აკრძალვა მოიხსნა. გასული წლის დეკემბრის ბოლოს თბილისში ბევრგან ჰყიდდნენ ამ ხეს, თუმცა ნაძვის ხეს ის კონკურენციას ვერ უწევს. ვგულისხმობთ ჩიჩილაკს, რომელსაც ჩვენი წინაპრები დასავლეთ საქართველოში ძირითადად (თუ აუცილებლად არა) თხილის ბუჩქის ამონაყრისგან აკეთებდნენ. ჩიჩილაკს ვაზის გვერგვზე ამაგრებდნენ. არსებობდა მისი მორთვის წესი. ჩიჩილაკის სამაგრზე ათავსებდნენ გამომცხვარი ცომის ორ ბურთულას – ყვინჩილებს, ვაშლს ან ბროწეულს. ჩიჩილაკზე ჰკიდებდნენ გაპუტულ შაშვს, ხილს, ტკბილეულს და, თუ ოჯახს ჰქონდა, ოქრო-ვერცხლისა და ქარვის სამკაულებს. ახალი წლის დილას, ჩიჩილაკით ხელში, მომლოცველი – წესისამებრ, ოჯახის უფროსი – “ბედნიერი ფეხით” დაივლიდა ეზო-კარსა და სამეურნეო ნაგებობებს. სახლში შესვლისას კი ჩამოთვლიდა იმ სიკეთეებს, რაც ახალ წელს ჩიჩილაკთან ერთად შეჰქონდა ოჯახში – სიმდიდრეს, პირუტყვის გამრავლებას, უხვ მოსავალს... ჩიჩილაკის სახლში შეტანისას მომლოცველს ოჯახის მამრობითი სქესის სხვა წევრები მიჰყვებოდნენ ასაკის მიხედვით. უფროსს ხელში ხელში ეჭირა დოქი ღვინითა და საკალანდოდ დაკლული ღორის თავი. ხშირად, სახლში შესვლამდე, ოჯახის ყველა წევრი ვენახში გადიოდა და თან ჩიჩილაკი, ღვინო და ხაჭაპური მიჰქონდა. მოკლედ, დღევანდელი ქართული საახალწლო სუფრის განუყრელი ატრიბუტები, ღორის (ან გოჭის) ხორცი, ღვინო და ხაჭაპური მისი უძველესი შემადგენლები არიან. ხოლო ჩიჩილაკი სიუხვის ხის სიმბოლოა, რომელიც სახლიდან ნათლისღება დღეს გაჰქონდათ და, დღევანდელი ნაძვის ხისგან განსხვავებით, კი არ აგდებდნენ, არამედ მარანში ათავსებდნენ წლების მანძილზე.

რაც შეეხება თოვლის პაპას ან სანტა კლაუსს, ქართულ საახალწლო მითოლოგიასთან მათ კავშირი არა აქვთ. სანტა კლაუსი წარმოშობით III-IV საუკუნეების მცირეაზიელი ქრისტიანი ეპისკოპოსი ნიკოლოზია, თოვლის პაპა ან თოვლის ბაბუა კი რუსული “дед мороз”-ის გადმოქართულებული ვარიანტი გახლავთ. თავისთავად, “дед мороз”-თან არა აქვს კავშირი წმინდა ნიკოლოზთან. ის უფრო ფოლკლორული პერსონაჟია და რუსულ ზღაპრებში ზამთრის ხუშტურიან, მკაცრ, მაგრამ სამართლიან სულს განასახიერებს. რუსეთის ჩრდილოეთის ზოგიერთი ხალხი, უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, სადღესასწაულო ღამეს ძღვენს მიართმევს “дед мороз”-ს, რათა სული არ განრისხდეს, ნათესები არ გაუფუჭოს და ნადირობა არ წაუხდინოს. ქართული ხალხური საახალწლო რიტუალის ძირითადი მომენტები კი გახლდათ მეკვლეობა და მილოცვა, რომელთა მთავარი დანიშნულება მთელი წლის განმავლობაში ოჯახისათვის ჯანმრთელობის, დოვლათისა და ბედნიერების დაბედება იყო. შეიძლება ითქვას, ქართული ტრადიცია თოვლის პაპის რუსულმა და სანტა კლაუსის ევროპულმა ტრადიციამ ვერ დაჩრდილა; ამ ტრადიციებმა თანაარსებობის ფორმა არჩიეს: თოვლის ბაბუა მთლიანად ბავშვებისთვის განკუთვნილი პერსონაჟია, მას სანტა კლაუსივით საჩუქრები მოაქვს, ხოლო მეკვლეობასა და ბედნიერ ფეხს ბევრი ჩვენი თანამოქალაქე სავსებით სერიოზულად ეკიდება.

[მუსიკა]

”ყოფილთა” ბედი საქართველოში

მარიამ ჭიაურელი:
ბოლო კვირების უმწვავესი საფინანსო კრიზისის გამო ვითარება არგენტინაში მთელი მსოფლიოს შეშფოთებას იწვევს. მაგრამ შორეული სამხრეთი ამერიკიდან მოსულმა ცნობებმა ჩვენში ზოგს შეიძლება შურის გრძნობაც გაუჩინოს: შთამბეჭდავია არგენტინელების პოლიტიკური აქტიურობა, რადგან ორიოდე კვირაში ოთხი პრეზიდენტის გამოცვლა –მართლაც სარეკორდო მაჩვენებლად უნდა ჩაითვალოს! თუმცა მეორე მხრივ, ზოგს ალბათ არგენტინელებისადმი სულიერი სიახლოვის განცდაც გაუჩნდება: 2001 წელი ხომ საქართველოშიც საკმაოდ უხვი გამოდგა თანამდებობიდან გადადგომების თვალსაზრისით. ზოგიერთ ფაქტს შარშანდელი გადადგომების ქრონიკიდან თამარ ჩიქოვანი შეგახსენებთ.

თამარ ჩიქოვანი:

2001 წელს საქართველოში თავისებური რეკორდი დამყარდა გენერალური პროკურორების ცვლის, ასე ვთქვათ, “სახეობაში”. პარლამენტის მიერ მიზანში ამოღებულმა ჯამლეტ ბაბილაშვილმა მანამ გადაწყვიტა საკუთარი ნებით თანამდებობიდან წასვლა, სანამ პარლამენტართა ერთი ჯგუფი მუქარას შეასრულებდა და იმპიჩმენტის პროცედურას წამოიწყებდა. შეგახსენებთ: პარლამენტარები ჯამლეტ ბაბილაშვილს კონკრეტულად პროკურატურის შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებლდნენ, გლობალურად კი პროკურატურაში რეფორმების ჩატარების გაჭიანურეაბში დებდნენ ბრალს. ჯამლეტ ბაბილაშვილის შემდეგ გენერალური პორკურორის თანამდებობაზე ერთხმად დამტკიცებულ გია მეფარიშვილს პარლამენტის წევრები მხარდაჭერას პირდებოდნენ რეფორმების მტკივნეული პროცესის გატარებაში, თუმცა, პროკურატურაში მისულმა მეფარიშვილმა, როგოც ჩანს, აღმოაჩინა, რომ რეფორმების დაწყების დრო ჯერ არ მოსულა, რითაც პარლამენტარებს იმედი გაუცრუა, მოგვიანებით კი, როცა გენერალური პროკურორი შინაგან საქმეთა მინისტრს კახა თარგამაძეს შეუამხანაგდა და რეფორმების გზაზე შემდგარი იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობის კრიტიკა დაიწყო – მაგალითად, ერთერთი გამოსვლისას, გია მეფარიშვილმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროში “ბეზპრედელი” სუფევს, პარლამენტარებს გული საბოლოოდ გაუცივდათ სულ ცოტა ხნის წინათ ერთხმად დამტკიცებული გენერალური პროკურორის მიმართ. ალბათ, ამიტომაც დღეს უცნაურად არ გამოიყურება, რომ ნოემბრის სტუდენტური აქციების მონაწილენი კახა თარგამაძის გადადგომასთან ერთად, აქციის დაშლის პირობად გია მეფარიშვილის თანამდებობიდან წასვლასაც ასახელებდნენ. ისევ იმ ბობოქარ დღეებს თუ გავიხსენებთ, პარლამენტში მისული გია მეფარიშვილი წასვლის მზადყოფნას არ ამჟღავნებდა. პირიქითაც კი:

[გია მეფარიშვილის ხმა] “ მე, როგორც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ვალდებულად ჩავთვალე თავი მომეხსენებინა ყველაფერი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის გამოც აგორდა და მიმდინარეობს დღეს აქცია თბილისის ქუჩებში და, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წინ. ჩემს მიერ მოხსენებული ინფორმაცია იქნება სიმართლე, მაგრამ, ეს იქნება მწარე სიმართლე.”

როგორც გახსოვთ, მწარე სიმართლის თქმა პარლამენტარებმა არ მას არ დაანებეს და გია მეფარიშვილმა თანამდებობა დატოვა ივანე კარამაზოვის სიტყვების ვარიაციის ფონზე, რომ ”არც ერთი თანამდებობა არ ღირს ბავშვის ცრემლად”. თუმცა, წასვლის წინ სათქმელის გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნების პირობა პირობა დადო. ეს პირობა არ შესრულებულა, სამაგიეროდ, გადადგომიდან რამდენიმე დღეში თბილისში ხმა გავარდა, გია მეფარიშვილი მოკლესო. საბედნიეროდ, ეს მხოლოდ ჭორი აღმოჩნდა. დღეს კი, რუსთაველის გამზირზე ხშირად შეხვდებით ყოფილ გენერალურ პროკურორს, რომელიც იურიდიული ლიტერატურის მაღაზიებს სტუმრობს.

სამაგიეროდ, თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ქუჩებში გამოჩენით ფეხითმოსიარულეებს აღარ ახარებს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, მიხეილ სააკაშვილი. არადა, გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე ისიც პირობას დებდა, რომ

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ძალიან ბევრს უნდა გადავდგეთ და ბუჩქებიდან ვუყუროთ, როგორ ჭამენ ესენი ქვეყანას. ვერ მოესწრებიან.”

მიხეილ სააკაშვილის გადადგომას მოესწრნენ ისინი, ვისაც ეგონა, რომ კახა თარგამაძის გადადგომას ვერ მოესწრებოდა. არადა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გადადგომა მოულოდნელთან ერთად, თავისდაუნებულად, მოხდენილიც გახლდათ:

[კახა თარგამაძის ხმა] “დღეს თავს შევიკავენ ყველა იმ განცხადებისგან, რომელიც დღეს უნდა გამეკეთებონა და ბატონ ზურაბის ინიციატივას სიამოვნებით ვუერთდები.”

სამაგიეროდ, მძიმე აღმოჩნდა განცხადება გადადგომის შესახებ შემოსავლების ყოფილი მინისტრის მიხეილ მაჭავარიანის შესრულებით. მას პრეზიდენტის კარნახიც დასჭირდა:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] “როგორც მე მეყო ვაჟკაცობა...ვაჟკაცობა რა შუაშია...როგორც მე მეყო თავხედობა წავსულიყავი, დღეს მინდა განვაცხადო, რომ მე უნდა დავტოვო თანამდებობა. ჩვენი კანონის შესაბამისად გთხოვთ გადადგომას, იმიტომ რომ მე ვერ დავთანხმდები იმას, რაც ხდება ხელისუფლებაში.”

მიხეილ მაჭავარიანი დღეს პარლამენტში მუშაობს და, გამორიცხული არ არის, მალე ისევ ხალხის რჩეულის რანგში ვიხილოთ, თუ გამართლდა ხმები გურჯაანის საარჩევნო ოლქის მანდატისთვის ბრძოლაში მისი ჩართვის შესახებ.

[მუსიკა]

ქართული სახელმწიფოებრიობის ზოგიერთი პრობლემა

მარიამ ჭიაურელი:
საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან განვლილმა პერიოდმა მკაფიოდ გამოკვეთა სახელმწიფო აღმშენებლობასთან დაკავშირებული სიძნელეები. აქ ”გადადგომების” პრობლემას არ ვგულისხმობთ. ”თავისთავად, დამოუკიდებლობა დიდი განძია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ, ამასთანავე, დამოუკიდებლობა ძალიან დიდი ტვირთიც არისო”-დაასკვნის პროფესორი ზურაბ კიკნაძე, რომელსაც თბილისში ესაუბრა ჩვენი თანამშრომელი, გიორგი კაკაბაძე.

გიორგი კაკაბაძე:
ზურაბ კიკნაძე ამბობს, რომ ნორმალური სახელმწიფოს შექმნისათვის დამოუკიდებლობა საკმარისი არ არის, უპირველესად ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს. მისი თქმით, სამწუხაროდ, ჭეშმარიტი თავისუფლება არც ეროვნული მოძრაობის დროს იგრძნობოდა, როცა სრულიად მიუღებლი იყო განსხვავებული აზრის არსებობა და ამგვარი მდგომარეობა გადმონაშთის სახით დღესაც არსებობს:

[ზურაბ კიკნაძის ხმა] "მაგალითად, არის ასეთი თვალსაზრისი, რომ უნდა არსებობდეს სახელმწიფო ანუ ეროვნული იდეოლოგია. ფაქტიურად, ეს არის რეციდივი იმისა, რაც იყო საბჭოთა კავშირის დროს. მაშინ ვამბობდით, რომ იყო იდეოლოგია გაბატონებული, ეს იდეოლოგია იყო მცდარი, ამავე დროს ეს იყო ძალდატანებითი. მაგრამ შეიძლება იდეოლოგია იყოს კარგი, გამართლებული, რომელიც გამოხატავს ეროვნულ სულს და ა.შ., მაგრამ ესეც საეჭვოა".

ზურაბ კიკნაძის თქმით, სხვები მიიჩნევენ, რომ იდეოლოგია არ არის საჭირო, რადგან საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა და, აქედან გამომდინარე , შეიძლება ქრისტიანულ მოძღვრებას დავაფუძნოთ სახელმწიფოებრივი ღირებულებები, რაც არ გამორიცხავს პლურალიზმის არსებობას და მისაღები უნდა იყოს სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებისთვისაც.

საერთოდ კი, ჩემი თანამოსაუბრის აზრით, ქვეყანაში არსებული საკმაოდ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და გარკვეული პოლიტიკური არასტაბილურობა განაპირობებულია იმ გარემოებით, რომ საქართველოში არ არსებობს სახელმწიფო პოლიტიკა, რომელსაც პრიორიტეტული ღირებულებები დაედებოდა საფუძვლად. ნათქვამს ადასტურებს, თუნდაც, ის, რომ ერის საუკეთესო წარმომადგენლების დიდი ნაწილი დღეს საზღვარგარეთ ცხოვრობს, ნიჭიერი ახალგაზრდებიც უცხოეთში ესწრაფვიან წასვლას. ზურაბ კიკნაძე შენიშნავს:

[ზურაბ კიკნაძის ხმა] "როდესაც მე ვეუბნები ჩემს კოლეგას, რომ მე მაქვს 30 დოლარი, უცხოელ კოლეგას, პირდაპირ ხელებს შლის - 30 დოლარად შეიძლება არსებობა, არ შეიძლება, მაგრამ ხალხი შრომობს ერთ ადგილას, მეორე ადგილას, აქ უცხოური ფირმებია, ამით შოულობს-ეს რომ არ იყოს, -რა თქმა უნდა ეს ფირმები რომ შემოდის, დასავლური ტალღა რომ შემოდის, რაღაცა იცვლება ქვეყანაში და შეიძლება ეს არ იყოს სასიამოვნო, იბადება ახალი ქართველის ტიპი. რა თქმა უნდა მათთან თანამშრომლობაში შენც უნდა გამოიცვალო, რაღაც ტრადიციებიდან რაღაც უნდა უკუაგდო, თავი შეიკავო რაღაც-რაღაცეებისგან. ჩვენ სუფრაზე ვართ გაზრდილი საერთოდ და ეს სუფრული პატრიოტიზმი ჭარბობს ჩვენში. ასეთ ცალმხრივი პატრიოტიზმის შედეგი ის იყო, რომ ჩვენ დავკარგეთ მთელი რიგი პროვინციები".

ზურაბ კიკნაძის თქმით, ჩვენ ვერ წარმოგვედგინა, რომ ქართველების გარდა კიდევ სხვასაც შეიძლება ჰქონოდა ცხოვრების ინტერესი: ამიტომაც გადავიმტერეთ ოსები, აფხაზები. მაგალითად, რა გვიშლიდა ხელს, რომ "სახალხო ფრონტის" წევრებად სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც მოგვეწვია?-ამბობს ბატონი ზურაბი. ამასთანავე, იგი ხაზს უსვამს პანკისის ხეობაში არსებულ საკმაოდ რთულ ვითარებას.

[ზურაბ კიკნაძის ხმა] "ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მაგრამ მემკვიდრებად მივიღეთ პანკისში შექმნილი ვითარება. ეს საგანგაშოა-ამაზე აშკარად არ წერენ, არ საუბრობენ. საქმე არ ეხება მარტო იქ ლტოლვილებს და იმ ადამიანებს, რომლებმაც გამოიზამთრეს იქ-ბოევიკებს-ეს კიდევ არაფერი,-რამდენი უნდა იყოს იქ ბოევიკი? მაგრამ თუ ვინმე ყოფილა პანკისში, შეამჩნევდა,იქ ხდება უდიდესი აღმავლობა ისლამისა. ეს არის ვაჰაბიზმი, რომელიც საერთოდ არაფერს არ ცნობს. ყოველგვარ კულტურულ ღირებულებას უარყოფს, როგორც ავღანეთში".

ჩემმა თანამოსაუბრემ კიდევ არაერთ პრობლემას გაუსვა ხაზი. მათ მოგვარებას კანონის უზენაესობას და პიროვნების ფაქტორს უკავშირებს - მაგალითად, იშველიებს გერმანიის კანცლერის ბისმარკისა და საფრანგეთის პრეზიდენტის დე-გოლის მოღვაწეობას. დასკვნის სახით კი, ზურაბ კიკნაძე ამბობს:

[ზურაბ კიკნაძის ხმა] "მე მიხარია, რომ ვცხოვრობ მართლა დამოუკიდებელ ქვეყანაში, რასაც მინდა დავწერ, როგორც მინდა გამოვხატავ ჩემ აზრს, მაგრამ ჩვენ იმდენი ვიძახეთ-სრულიად საქართველო, სრულიად საქართველო, რომ სრულიად საქართველოში ვერ ვცხოვრობთ".

გიორგი კაკაბაძე, რადიო "თავისუფლებისათვის", თბილისი.

[მუსიკა]

რაინერ მარია რილკეს გარდაცვალების 75-ე წლისთავი

მარიამ ჭიაურელი:
მეათე სტუდიაში დღეს გამოვეხმაურებით თარიღს, რომელიც ჩვენი რადიოს შტაბბინის ადგილსამყოფელის, პრაღის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შვილის სახელს უკავშირდება. ლაპარაკია დიდებულ პოეტსა და მწერალზე, მეოცე საუკუნის ლიტერატურის ნამდვილ მშვენებაზე, რაინერ მარია რილკეზე. გასულ კვირაში, 29 დეკემბერს 75 წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან.

[მუსიკა. ლექსი “Aufgang oder Untergang”, რომელსაც მსახიობი მარიო ადორფი კითხულობს ]

რილკეს ლექსებზე გერმანელებისა და ავსტრიელების მთელი თაობებია გაზრდილი. ბევრმა მოწაფემ ამ თავბრუდამხვევი სილამაზის ნაწარმოებებით გაიცნო პოეზია, ის სამუდამოდ შეიყვარა ან შეიძულა. რილკე გარდაცვალებიდან 75 წლის შემდეგაც ინარჩუნებს პოპულარობას, მისი ფაქიზი ლირიკა ჯერ კიდევ უყვართ ეპოქაში, რომლის ყოველდღიურობას თვალშისაცემი, ხმაურიანი ეფექტები განსაზღვრავს.

გერმანიის კანცლერმა, გერჰარდ შრიოდერმა ამ ორი წლის წინ საფრანგეთის ეროვნული საკრებულოს წინაშე გამოსვლისას, არაერთხელ მოიშველია ციტატები რილკეს ლექსებიდან. ათი უდიდესი გერმანულენოვანი პოეტის სიაში, რომელიც 50 ექსპერტის მიერ არის შედგენილი, რილკე მეოთხე ადგილს იკავებს. გერმანულენოვან სამყაროში ლიტერატურის ყველაზე გავლენიან კრიტიკოსად აღიარებული მარსელ რაიხ-რანიცკი რილკეს ასახელებს თავისი ყრმობის უსაყვარლეს პოეტად. რადიომსმენელების შარშანდელმა გამოკითხვამ ერთ-ერთ უსაყვარლეს ლექსად რილკეს ქმნილება, ”შემოდგომის დღე” გამოავლინა. გაზაფხულზე გამოსულ კომპაქტდისკზე რილკეს ლექსების ინტერპრეტაციას გვთავაზობენ ცნობილი მსახიობები და მომღერლები, მათ შორის მარიო ადორფი და მონსერატ კაბალიე.

[მუსიკა]

რილკეს პოეზიას დიდი რეზონანსი ჰქონდა არამარტო გერმანულენოვან, არამედ ანგლო-საქსურ, რომანულ და სლავურ სამყაროშიც. რაც შეეხება საქართველოს, რილკეს შესანიშნავმა მთარგმნელმა, ბატონმა ვახუშტი კოტეტიშვილმა ასე მიპასუხა შეკითხვაზე, პირველად როდის აჟღერდა რილკე ქართულად:

იხ. აუდიო ვერსია

ვიდრე სიტყვას ისევ ბატონ ვახუშტი კოტეტიშვილს გადავცემდეთ, მოკლედ პოეტის ბიოგრაფიის შესახებ. რაინერ მარია რილკე 1875 წლის ოთხ დეკემბერს დაიბადა პრაღაში, მაშინ ავსტრიის იმპერიაში. მამის ნებით ის სამხედრო სასწავლებელში შევიდა, მაგრამ სუსტი აღნაგობის მგრძნობიარე ბიჭუნამ სამხედრო წვრთნას ვერ გაუძლო და, რახან გული ჰუმანიტარული დარგებისაკენ მიუწევდა, ჯერ მიუნხენში, შემდეგ კი ბერლინში ხელოვნებათმცოდნეობისა და ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტებზე სწავლას შეუდგა.

1899-1900 წლებში რილკემ ორჯერ იმოგზაურა რუსეთში, საიდანაც წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა: პოეტს სჯეროდა, რომ დიდი ლევ ტოსტოის გაცნობით, მასთან საუბრებით რუსული სულის საიდუმლოს ეზიარა. ისევ გერმანიაში ჩასულმა პოეტმა რამდენიმე ხანი ვორსპვედეს ხელოვანთა კოლონიაში დაჰყო, შემდეგ კი პარიზში გადასახლდა. იქ პოეტი ცნობილი მოქანდაკის,
ოგუსტ როდენის მდივანიც იყო, ხოლო 1919 წლიდან გარდაცვალებამდე შვეიცარიაში ცხოვრობდა.

1905 წელს კრებული ”ჟამნი”, შემდეგ ”საგალობელი კორნეტ კრისტოფ რილკეს სიცოცხლესა და სიკვდილზე”, ”ახალი ლექსები”, ”მალტე ლაურიდს ბრიგეს ჩანაწერები” და ბოლოს, 1923 წელს ”დუინური ელეგიები” და ”სონეტები ორფევსისადმი” – აი, არასრული, მშრალი ჩამონათვალი იმ ქმნილებებისა, რომელთა სრულყოფილი სილამაზე საზარელ კონტრასტს ქმნის სრულყოფილებას დაცილებული ადამიანის ტანჯვასთან.

ქართულ ენაზე მთლიანად არის თარგმნილი არაერთი კრებული, მათ შორის ”დუინური ელეგიები” და ”სონეტები ორფევსისადმი”, აგრეთვე ცალკეული ლექსები სხვადასხვა კრებულიდან. ამ თარგმანების ავტორს, ვახუშტი კოტეტიშვილს, ერთ-ერთი ლექსის წაკითხვა ვთხოვეთ.

იხ. აუდიო ვერსია

[მუსიკა]

ჯონ მაკლაფლინი 60 წლისაა

მარიამ ჭიაურელი:
რადიო თავისუფლების დღევანდელი პროგრამის ბოლოს მუსიკალური ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სახელზე გვექნება საუბარი. დავიწყოთ იმით, რომ ინგლისელ გიტარისტს, ჯონ მაკლაფლინს, ბავშვობიდანვე გამოარჩევდა მუსიკის ნიჭი. თავიდან ფორტეფიანოზე უკრავდა, მაგრამ საკმაოდ მალე აიღო ხელში გიტარა. დაკვრა, ფაქტობრივად, თავისით ისწავლა და რამდენიმე წელში უბადლო ვირტუოზის სახელი დაიმკვიდრა. გამორჩეული იყო მისი მუსიკალური გემოვნებაც. იგი მუდამ მუსიკალური მიმდინარეობებისა და სტილთა ზღვარზე იმყოფებოდა და აკავშირებდა მათ. ჯონ მაკლაფლინის შესახებ, რომელიც 60 წლის წინ, 1942 წლის 4 იანვარს დაიბადა, ბიძინა რამიშვილი გესაუბრებათ.

ბიძინა რამიშვილი:
სამოციან წლებში მაკლაფლინი ბრიტანეთში ბლუზის აღორძინების მცდელობაში იღებდა მონაწილეობას. ექსპერიმენტების პერიოდის შემდეგ წავიდა ამერიკაში და იქ მაილს დევისის ყოფილ მედოლესთან, ტონი უილიამსთან ერთად, უკრავდა ანსამლ ”ლაიფთაიმში”. 1969 წელს კი თავად მაილს დევისის ლეგენდადქცეული ალბომის, ”ბიჩის ბრუს” ჩაწერაში მონაწილეობს. სწორედ იმ ალბომისა, რომელიც სამართლიანად ითვლება ჯაზ-როკის ან, როგორც მას სხვანაირადაც უწოდებენ, ”ფიუჟენის” დასაბამად.

ცოტა ხნის შემდეგ როკმაც და ჯაზმაც აღოსავლეთს მიაპყრო ყურაღება. 1970 წელს მაკლაფლინი გურუ შრი ჩინმოის მიმდევარი ხდება (სხვათა შორის, ჩინმოი კარლოს სანტანას გურუც გახლდათ). იმ პერიოდში მაკლაფლინი მაჰავიშნუს სახელით გამოდიოდა. მის მიერ დაარსებულ ანსამბლს კი ”მაჰავიშნუ ორკესტრა” უწოდა.

სამოცდაათიან წლებში ჯორჯ ჰარისონის მსგავსად რავი შანკარის მეშვეობით ეცნობა ინდურ მუსიკას. განსხვავებით, მაგალითად, საქსოფონისტ ჯონ კოლტრეინისგან, რომელმაც ჯერ კიდევ 60-იან წლებში შეიტანა ჯაზში აღმოსავლური ელემენტები, მაკაფლინმა პიროვნული და შემოქმედებითი ტრანსფორმაცია განიცადა და, ფაქტობრივად, ერთი კულტურიდან მეორეში გადაინაცვლა. ამ დროს ანებებს იგი თავს ხმაურიან ელექტროგიტარას და აკუსტიკურ ინსტრუმენტებს მიმართავს.

ამ პერიოდში იგი ინდოელ მუსიკოსებთან ერთად გამოდის. მის ანსამბლს ჰქვია ”შაქტი”, რაც გონებას, სილამაზეს და ძალას ნიშნავს.

”შაქტის” პერიოდის შემდეგ მაკლაფლინი ჯაზის მთელ რიგ გამოჩენილ მუსიკოსებთან ერთად გამოდიოდა. პაკო დე ლუსიასთან და ალ დი მეოლასთან ერთად უკრავდა ფლამენკოს კონცერტებს (ჩვენი ეს სიუჟეტი სწორედ მათი გამოსვლის ჩანაწერით დავიწყეთ), მოკლე ხნით განაახლა ”მაჰავიშნუ ორკესტრა”, 1984 წელს კვლავ გამოდიოდა მაილს დევისთან ერთად. 1997 წელს, ინდოეთის დამოუკიდებლობის 50 წლისთავთან დაკავშირებით მაკლაფლინი ძველი ”შაქტის” ნაწილობრივ აღორძინებული შემადგენლობით მართავს მრავალწლიან ტურნეს სახელწოდებით ”რემემბერ შაქტი”.

იგი მუდამ გახსნილი იყო სიახლისთვის და არც ასაკში შესვლის შემდეგ შეუცვლია ცხოვრების ფილოსოფია. ჯაზროკის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და გავლენიანი წარმომადგენელი, ჯონ მაკლაფლინი, მომავალში კიდევ ბევრი რამის სწავლას აპირებს მუსიკაში.

[მუსიკა]

მარიამ ჭიაურელი:
დადგა დრო, ”მეათე სტუდიიდან” დაგემშვიდობოთ! რადიოჟურნალი პრაღაში მოამზადეს ბიძინა რამიშვილმა და მარიამ ჭიაურელმა. რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე ”მეათე სტუდიაში”.
XS
SM
MD
LG