Accessibility links

logo-print

ეუთოს ახალი მისია რუსეთ-საქართველოს საზღვრის ინგუშეთის მონაკვეთზე


3 იანვრიდან ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დამკვირვებლები რუსეთ - საქართველოს საზღვრის ინგუშეთის მონაკვეთის მონიტორინგს დაიწყებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ ყველაზე მღელვარე საზღვრის მონაკვეთზე თავდაპირველად მხოლოდ ხუთი შეუიარაღებელი დამკვირვებელი იქნება გაგზავნილი, ეუთოს მისიაში აცხადებენ, რომ "მონიტორინგის ჯგუფის მოღვაწეობის გაზრდას დიდი მნიშვნელობა ექნება რეგიონში სტაბილურობის დამყარებაზე"

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებული სახმელეთო საზღვრის ჩეჩნეთ-ინგუშეთის მონაკვეთის სიგრძე 120 კილომეტრს აღემატება. აქედან 66 კილომეტრის სიგრძეზე საქართველოს ესაზღვრება ჩეჩნეთის რესპუბლიკა, სადაც რუსეთის ფედერალური ძალები საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებენ. აღსანიშნავია, რომ ჩეჩნეთში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის მეორე ფაზა ფაქტიურად დაემთხვა საქართველოდან რუსი მესაზღვრეების გასვლას, რის გამოც ხეობებითა და უღელტეხილებით დასერილ ამ ურთულეს სასაზღვრო ზოლს სრულფასოვნად პირველ ხანებში ვერც ერთი მხარე ვერ აკონტროლებდა. საერთო აღიარებით, სწორედ ამ პერიოდში მიაღწია თავის პიკს საზღვრის საკითხებში საქართველო-რუსეთს შორის წამოჭრილმა დიპლომატიურმა პაექრობამ, რაც ბუნებრივად ითხოვდა საქმეში ობიექტური მესამე მხარის ჩართვას.

ამიტომ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მუდმივმოქმედმა საბჭომ 1999 წლის იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე შეუიარაღებელ დამკვირვებელთა ორმოცდაათკაციანი მისია გამოიგზავნა.

როგორც რადიო "თავისუფლებასთან" სატელეფონო საუბარში ლოჯისტიკის საკითხებში ეუთოს მონიტორინგის ჯგუფის უფროსმა ოფიცერმა დომენიკ სოდანმა განაცხადა, დამკვირვებლებთა ჯგუფები, რომლებიც შატილში, ომალოსა და გირევში არიან დაბანაკებული, მეორე წელია რუსეთ - საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის მონიტორინგს აწარმოებენ. შარშანდელი 13 დეკემბრიდან კი მათ მიიღეს ახალი მანდატი, ინგუშეთის მონაკვეთზე მონიტორინგის გაფართოების შესახებ.
[დომენიკ სოდანის ხმა] "როგორც მე გითხარით ახალი მანდატი გუშინ შევიდა ძალაში და გუშინვე ჩვენ გავაცილეთ დამკვირვებელთა ჯგუფი, სოფელ სნოში, სადაც ისინი დღეს დილიდანვე შეუდგნენ მანქანით პატრულირებას. თავდაპირველად ჩვენს მისიას ამ ბაზაზე ხუთი შეუიარაღებელი დამკვირვებელი და ერთი ექიმი ეყოლება. მაგრამ შემდეგ თვეში მათი რაოდენობა ცხრა კაცამდე გაიზრდება. გარდა ამისა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ასევე გაიზრდება შატილის საგუშაგოს რიცხოვნება და სოფელ ასაშიც მოხდება პატრულირება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გავაკონტროლოთ რუსეთ-საქართველოს საზღვრის ინგუშეთის მონაკვეთის აღმოსავლეთ ნაწილი. ჩვენ დღესვე ვგეგმავდით ასაში ვერტმფრენით გამგზავრებას, მაგრამ უამინდობამ შეგვიშალა ხელი. თუმცა იმედი მაქვს, რომ ხვალიდან ამ მონაკვეთზეც შევძლებთ დაკვირვების განხორციელებას"

მიუხედავად იმისა, რომ მონიტორინგის ჯგუფი უკვე მეორე წელია ახორციელებს დაკვირვებას საქართველო-რუსეთის ჩეჩნეთის მონაკვეთებზე, ეუთოს წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ამ ხნის განმავლობაში მონიტორინგის ჯგუფს საზღვრის დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაუფიქსირებია. თუმცა ეს შესაძლოა იმითაც აიხსნებოდეს, რომ საზღვრის დამრღვევები უფრო ხშირად სარგებლობენ საცალფეხო ბილკებით, რომლებიც ჯერჯერობით სათანადოდ ვერ კონტროლდება.
გარდა ამისა ფაქტია ისიც, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვრის ყველაზე სადაო მონაკვეთებზე ეუთოს დამკვირვებლების გამოჩენის შემდეგაც, საზღვრის დაცვის სფეროში ორი ქვეყნის ურთიერთობაში გაჩენილი ბევრი მწვავე შეკითხვა კვლავ უპასუხოდ რჩება.
XS
SM
MD
LG