Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეათანხმებს თუ არა "შემთანხმებელი" კომისია 2002 წლის ბიუჯეტის პროექტს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი სავარაუდოდ, იანვრის შუა რიცხვებში პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სესიას მოიწვევს, რომლის დღის წესრიგშიც ერთი საკითხი იქნება - 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება.

ჯერჯერობით კი შემთანხმებელი კომისია ცდილობს შეთანხმების მიღწევას ყველაზე სადაო პარამეტრების ირგვლივ.

დაწვრილებით სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ირგვლივ განვითარებული პროცესების შესახებ დღეს ჩვენს პროგრამაში ზაზა გაჩეჩილაძე გესაუბრებათ, მე კი მხოლოდ შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვები პარლამენტარებისთვის მშვენიერი საბაბია, ამომრჩევლის თვალში მათი მზრუნველობის დემონსტრირებისთვის. მართალია, საბოლოოდ, ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტს პარლამენტი მხარს უჭერს ხოლმე, მაგრამ ხალხის რჩეულებს ყოველთვის რჩებათ თავის გამართლების საშუალება, რომ ისინი შეეცადნენ, დაერწმუნებინათ აღმასრულებელი ხელისუფლება ამა თუ იმ დარგის დაფინანსების გაზრდის აუცილებლობაში, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი არგუმენტები არავინ გაიზიარა.

ფრაქცია "ალიანსი ახალი საქართველოსთვის" ლიდერმა ირაკლი გოგავამ საქართველოს პრეზიდენტიც კი დაარწმუნა, პედაგოგებისთვის ხელფასების გაორმაგების აუცილებლობაში. როგორც 5 იანვარს განუცხადა ირაკლი გოგავამ სააგენტო "ინტერ-პრესს", პრეზიდენტთან შეხვედრისას ფრაქციამ არა მხოლოდ ხელფასების გაორმაგებაზე, არამედ დაფინანსების წყაროებზეც ისაუბრა. " ეს არის სიგარეტის აქციზი, რომლიდან შემოსული თანხებიც აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სრულიად საკმარისია. პრეზიდენტი ჩვენს ინიციატივას მხარს უჭერს და იმედია, ამ მოთხოვნას შესაბამისი უწყებებიც გაითვალისწინებენ" - განუცხადა გოგავამ სააგენტოს. ახლა ფრაქცია "ალიანსმა ახალი საქართველოსთვის" ფინანსთა მინისტრი უნდა დაარწმუნონ, რომ იმპორტირებული სიგარეტის დაბეგვრის გაზრდის შემთხვევაში, პედაგოგების ხელფასების გაორმაგება რეალური იქნება. თავად ფინანსთა მინისტრი თურმე სამამულო წარმოების სიგარეტზე ითხოვს გადასახადის გაზრდას, რაც უკვე ფრაქცია "ალიანსი ახალი საქართველოსთვის" არის სრულიად მიუღებელი, რომელიც პარალელურად აცხადებს, რომ თუ გათვალისწინებული არ იქნება მოთხოვნა, პედაგოგების ხელფასების გაორმაგების შესახებ, ფრაქცია მხარს არ დაუჭერს 2002 წლის ბიუჯეტის პროექტს.
ალბათ, სახელმწიფო ბიუჯეტის მომზადება - ის მძიმე გამოცდაა, როცა გულწრფელად გინდა, მწირი შემოსავლები მაქსიმალურად სამართლიანად და ჭკუით გადაანაწილო, მაგრამ საბოლოოდ ირკვევა, რომ გულწრფელი სურვილი ვერ შესრულდა.
ალბათ, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფს გულწრფელად სურს იმის დადგენა, თუ ვინ დანიშნა შარშან ნოემბერში პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნებისას საარჩევნო ბიუკეტენები. კვირის ბოლოს პარლამენტში საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა, რომლის დროსაც ამ უსიამოვნო ისტორიის მონაწილეები ვიდეო კამერის თანდასწრებით, შეეცადნენ გაემეორებინათ იმ სამარცხვინო ღამის მოქმედებები. ძნელი სათქმელია, რა ამოძრავებდათ ამ ექსპერიმენტის ინიციატორებს-იქნებ, გულუბრყვილო იმედი, რომ ასე ვთქვათ დამნაშავე ინერციით კიდევ ერთხელ მოინდომებდა საარჩევნო ბიულეტენების დანიშვნას, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა, რაც ალბათ, იმის ნიშნად უნდა ჩაითვალოს, რომ უფერული მელნის გამომყენებელი ანონიმ გამყალბებლად დარჩება საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში.
XS
SM
MD
LG