Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში საბიუჯეტო ვაჭრობა დაიწყო


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საახალწლო ნაბახუსევის შემდეგ საქართველოში საბიუჯეტო ვაჭრობის სეზონი გახსნილად გამოცხადდა.

ნაჩქარევად მომზადებულ საბიუჯეტო კანონის პროექტს, რომელსაც საკანონმდებლო ხელისუფლების თითქმის ყველა ფრთა არც თუ პოზიტიურად შეხვდა, ფრაქციებთან და სახვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან მოუწევს შეთანხმება.

პრეზიდენტის მიერ საგანგებოდ ბიუჯეტისათვის შექმნილი შემთანხმებელი კომისია, რომელიც პარლამენტისა და მთავრობის წევრებით არის დაკომპლექტებული, ამ დღეებშიც განაგრძობს კონსულტაციებს. საერთოდ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2002 წლის ქვეყნის ბიუჯეტის განსახილველად იანვრის პირველი ნახევრისთვის იგეგმებოდა. მანამდე
გასული წლის დეკემბერში პარლამენტმა უარი თქვა კენჭისყრის ჩატარებაზე, დაეყრდნო რა იმ ფაქტს, რომ დოკუმენტის პროექტი მთავრობის მიერ წარდგენილ იქნა ბოლო მომენტში და არ გაუვლია წინასწარი განხილვა ყველა კომიტეტსა და ფრაქციაში.

რიგაგარეშე სხდომა სავარაუდოდ, 8 იანვრისათვის იყო დაგეგმილი, თუმცა სახელმწიფო კანცელარიის ინფორმაციით, პრეზიდენტ შევარდნაძეს რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ განკარგულებისთვის ხელი ჯერ არ მოუწერია.

ეს იმას ნიშნავს, რომ საბიუჯეტო ვაჭრობისათვის სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებს ხელ-ფეხი აქვთ გახსნილი და ჯერ კიდევ აქვთ დრო. საერთოდ ითვლება, რომ ქვეყნის მთავარი ეკონომიკური კანონის დამტკიცებისას, ყველაზე საინტერესო პროცესი თავად კენჭისყრის პროცედურა კი არა, შიდა კულუარული შეთანხმებებია.

ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში დაფიქსირებული პარამეტრები კი ამა თუ იმ ჯგუფთან გამართული ვაჭრობის შედეგად ყალიბდება. ამ ეტაპზე განსაკუთრებული სჯა ბაასის საგანი ძალოვანებისათვის განკუთვნილი თანხებია. ჩვენი ეკონომიკური განვითარების პირობებეში, ბუნებრივია, ძნელია ყველა ინტერესი დააკმაყოფილო და ქვეყნის თავდაცვისუნაროანობის შენარჩუნებისათვის საკმარისი სახსრები მოიძიო. ამ შემთხვევაში საუბარია იმ მინიმალურ გარანტიებზე, რაც ძალოვნებს ელემენტარული არსებობისათვის ესაჭიროებათ.

ძალოვანი უწყებები საკანონმდებლო ხელისუფლებაში ლობისტების სიმცირეს მართლაც ვერ დაიწუწუნებენ, თუმცა მათ შორისაც აღმოჩნდებიან მეტ_ნაკლებად გავლენიანი ინტერესთა ჯგუფები, რომელთა ძალისხმევის შედეგს უკვე იანვრის შუა რიცხვებში ვიხილავთ.

თუ ძალოვანების თემა მართლაც აქტუალურია და ქვეყანას, რომელიც მუდმივად სხვადასხვა კონფლიქტების ეპიცენტრში იმყოფება, საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა პრიორიტეტულად უნდა მიაჩნდეს, საკანონმდებლო ხელისუფლებაში ლობირების ხელოვნებაში განსაკუთრებით მაჟორიტარი დეპუტატები არიან გაწაფულნი. მათი ინტერესის სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია და საკუთარი რეგიონების გარდა სხვადასხვა უწყებებს თუ ე.წ. საბიუჯეტო "წურბელებსაც" სწვდება. მაგრამ ყველა შემთხვევაში, მწირი საბიუჯეტო ტორტი ყველას თანაბრად არ ეყოფა. გარდა ამისა, იანვარში თბილისს სავალუტო ფონდის მიასია ეწვევა, რომელიც მთავრობისა და საკანონმდებლო ხელისუფლების ერთობლივ ნამუშევარს კიდევ ერთ რევიზიას ჩაუტარებს.

საგულისხმოა, რომ ბიუჯეტის პარამეტრების გაზრდაზე საუბარი კვლავ არ ჩამცხრალა და ეს თემა პერიოდულად კიდევ შეგვახსენებს თავს. გასულ კვირას ამგვარი მოსაზრება პარლამენტის საგადასახადო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარემაც გამოთქვა. ვიტალი ხაზარაძე თვლის რომ გადასახადების მობილიზების რეზერვი არსებობს, კერძოდ ფისკალური გარღვევის მიღწევას კომიტეტის თავმჯდომარე აქციზური პროდუქციის დაბეგვრის გამკაცრებით ვარაუდობს. ამ სფეროში რეზერვი მართლაც ამოუწურავია, თუმცა წინა წლების სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, სწორედ აქციზური პროდუქციის უდიდესი ნაწილი ჩრდილოვან სფეროშია მოქცეული და იგივე თამბაქოდან და სპირტიან სასმელებიდან საბიუჯეტო შემოსავლები მიზერულია. ამას დაუმატეთ ყბადაღებული ნავთობპროდუქტების თემა და ბიუჯეტის შემოსავლითი ნაწილის ზრდაზე საუბარს შეიძლება საერთოდ აზრი დაეკარგოს.

სანამ პარლამენტარები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მომავალი წლის საბიუჯეტო ვაჭრობაში არიან ჩართულნი. ექსპერტები 2001 წლის ბიუჯეტის შესრულებაზე მსჯელობენ. ფისკალებმა, წინასწარი მონაცემებით, დეკემბრის მაჩვენებლებიც ვერ შეასრულეს, რითაც საერთო დეფიციტი 8 ათელ მილიონ ლარს გასცდა, თუ გავითვალისწინებთ, რომ წელს ბიუჯეტს ერთხელ უკვე გაუკეთდა 180 მილიონიანი სეკვესტრი, საერთო გარღვევა შთამბეჭდავ მასშტაბებს აღწევს.

საგადასახადო ადმინისტრირების ასეთი მაჩვენებლებით და ტოტალური კორუფციით, მომავალი წლის ბიუჯეტის ზრდაზე საუბარი, უბრალოდ სასურველის რეალურად გასაღების მცდელობაა, თუმცა ხელისუფლებისათვის ქვეყნის ძირითადი ეკონომიკური პარამეტრების ილუზორული დაგეგმვა, უცხო ხილი ნამდვილად არ არის. შედეგად კი წლების განმავლობაში შეუსრულებელ ბიუჯეტს და მზარდ შიდა და საგარეო დავალიანებას ვიმკით. ასე რომ ამ პრაქტიკაზე უარის თქმა შესაძლოა მთავრობას წელსაც გაუჭირდეს.
XS
SM
MD
LG