Accessibility links

logo-print

კორუფციის დაძლევის ეკონომიკური ბერკეტების შესახებ


1 იანვრის გადაცემაში რადიო „თავისუფლების" მსმენელს ვესაუბრეთ ეკონომიკის ექსპერტების რომან გოცირიძისა და ოთარ კანდელაკის გამოკვლევის შესახებ.

ნაშრომში „გავლენიანი ჯგუფები და კორუფცია" საქართველოში კორუფციის გამომწვევი მიზეზებია გაანალიზებული. განვაგრძობთ ამ თემაზე საუბარს და მსმენელის ყურადღებას კორუფციის დაძლევის ეკონომიკურ ბერკეტებზე შევაჩერებთ. რომან გოცირიძისა და ოთარ კანდელაკის აზრით სწორედ ეკონომიკური რეფორმების მეშვეობითაა შესაძლებელი კორუფციასთან ეფექტური ბრძოლა.

საქართველოში კორუფციის აყვავებას ბიუროკრატიასთან ერთად, რომ ბიზნესმენებიც უწყობენ ხელს ეს უცხო არავისთვისაა. კომპანიების მცდელობას სახელმწიფო მოხელეების მოქრთამვით ააწყონ ბიზნესი, უცხოელი ექსპერტები ,„სახელმწიფოს დამორჩილებას" - მოსყიდვას უწოდებენ. ეს ფენომენი საქართველოში თანდათან ფართოდ იკიდებს ფეხს, რასაც ნოყიერ გარემოს კორუფციის დიდი პრაქტიკის მქონე ადმინისტრაციულ-ბიუროკრატიული აპარატი უქმნის. იგი კომუნისტური ხანიდან მიჩვეულია და დღესაც წარმატებით ახერხებს განსაკუთრებული ფუნქციებით ვაჭრობას. ეს „ბიუროკრატიული რენტა" ჩვენში შუაგზაზე გაჩერებული რეფორმების შემდეგ, განსაკუთრებით კარგად გრძნობს თავს. ამ მდგომარეობას რომან გოცირიძე „ეკონომიკური გარდაქმნის რენტას" უწოდებს და იგი რომ დაუსრულებელი რეფორმების შედეგია, ამას საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჯერ კიდევ 1999 წელს ჩატარებული გამოკვლევებიც მოწმობს.

მსოფლიო ბანკმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გარდამავალი ეკონომიკის მქონე 22 ქვეყნა შეისწავლა. გამოკვლევის მიხედვით დადგინდა სახელმწიფოს დამორჩილების - მოსყიდვის ინდექსი, რომელმაც საშუალოდ 21 პროცენტი შეადგინა. მაგალითისათვის ესტონეთში ის 10 პროცენტს შეადგენს, საქართველოში 24 პროცენტს, აზერბაიჯანში კი 41-ს. ადმინისტრაციული კორუფციის დონე ესტონეთში 1,6 პროცენტია, საქართველოში 4,3 ხოლო აზერბაიჯანში 5,7 პროცენტი. ამ მონაცემების მიხედვით მკვლევარები დაასკვნიან, რომ „სახელმწიფო დამორჩილების" ფენომენი შესაძლებელია იქ სადაც ეკონომიკური ლიბერალიზაცია და დემოკრატიული რეფორმები ნაწილობრივ არის გატარებული.

ტოტალურ სახელმწიფოებში და განვითარებულ სამოქალაქო საზოგადოებაში ეს მოვლენა ფაქტიურად შეუძლებელია. ამაზე მეტყველებს ის რომ დამორჩილების ინდექსი ბელორუსში 9 პროცენტია, სომხეთში 7, ხოლო უზბეკეთში ეს ინდექსი მხოლოდ 5 პროცენტია.

ასეთი შედეგი ქვეყნებში პოლიტიკური მოწყობის არადემოკრატიულობისა და ეკონომიკური რეფორმების განუხორციელებლობის დამსახურებაა. ხოლო იგივე შედეგი ესტონეთში, ჩეხეთში, ლიტვასა და პოლონეთში დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარებაზე მეტყველებს.

საქართველოში მყარად ფეხმოკიდებულ, გარდამავალი ეკონომიკის მდგომარეობიდან გამოსავალს, რომან გოცირიძე, მხოლოდ ახალ ცვლილებებში ხედავს.

[გოცირიძის ხმა] „ყველაზე დიდი რეზერვი ჩვენი ქვეყნის განვითარების ეს არის ჩრდილოვან ეკონომიკაში მოქცეული საშუალო და წვრილი ბიზნესი. ანუ ქვეყანაში ჩრდილიდან გამოსვლა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს. არა იმდენად რომ ჩრდილიდან გამოსული პროდუქცია ლეგალურია, არამედ ჩრდილიდან გამოსული ფირმები როგორც ეკონომიკურად ასევე პოლიტიკურად კონკურენტუნარიანი ხდებიან კლანური ფირმებისა."

ეკონომიკის ექსპერტის აზრით საკანონმდებლო და საგადასახადო ლიბერალიზაციამ ასეთ მეწარმეებს ლეგალურად მოღვაწეობა უნდა გაუადვილოს და ის ჯოჯოხეთს აღარ უნდა ჰგავდეს. წვრილი და საშუალო ბიზნესი, თავის ბუნებით არაკორუფციულია და ის შესაძლებლობისთანავე მიატოვებს ჩრდილში მოღვაწეობას. მარტივი მაგალითი: წვრილ მეწარმეს ურჩევნია საბუღალტრო და აუდიტორულ ხარჯებს, საგადასახადო სამსახურში გაუთავებელ სირბილსა და ათასგვარი საბუთების შეგროვებას თავი აარიდოს და მასთან შესამოწმებლად მისულ საგადასახადო ინსპექტორს ქრთამი ჩაუდოს ჯიბეში. თუ ადმინისტრირების სისტემა გამარტივდება, წვრილ საქმოსანთა უმრავლესობა გადასახადების იოლად გადახდას არჩევს, ქრთამის მიცემით, საკუთარი შემოსავლის წყაროს საფრთხეში ჩაგდებას.

ეს ცვლილებები შეუძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი რეფორმის ჩატარების თუ დასრულების გარეშე. რომან გოცირიძემ ჩემთან საუბარში განაცხადა, რომ, თუნდაც ძალოვანი სტრუქტურების რეფორმირება, პოლიტიკური მიზანშეწონილობის ან სხვა მიზეზების გამო ფრხდება. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მტკივნეული ცვლილებები გავლენიან ძალებს აღიზიანებთ, რადგან სახელმწიფო სტრუქტურები თავად წარმოადგენენ ეკონომიკის სუბიექტებს. ამიტომ ხელისუფლება გავლენიანი ჯგუფების ბალანსირების პოლიტიკას ატარებს.

[გოცირიძის ხმა] „იმასაც ვხედავთ რომ რა სერიოზული საფრთხე შეიძლება დაემუქროს ჩვენს ქვეყანაში აი ამ სუსტ დემოკრატიას, რომელიც აი ამ 10 წლის განმავლობაში დაბალანსების პოლიტიკის წყალობით კორუფციულ სტაბილურობაზეა დაფუძნებული. აი ასეთი სანახევრო და მასტაბილიზებელი ზომები რომლებიც არამხოლოდ პოლიტიკური ფაქტორებიდანაა გამომდინარე, არამედ ფაქტიურად ძალაუფლების შენარჩუნების მოტივითაცაა განპირობებული, ეს უნდა დაიძლიოს."
XS
SM
MD
LG