Accessibility links

logo-print

ევროპის ერთიანი ვალუტის ”ევროს” შემოღება, ეკონომიკური კრიზისი არგენტინაში და ბელორუსია


ანდრო ეული, პრაღა ევროპის ერთიანი ვალუტის ”ევროს” შემოღება, ეკონომიკური კრიზისი არგენტინაში და ბელორუსია – ტერორისტული ჯგუფებისა და დიქტატორული რეჟიმების მხარდამჭერი ქვეყანა. აი თემები,

რომელთაც პროგრამის ბოლოს, დასავლეთის პრესის მიმოხილვას დავუთმობთ. ამ საკითხებს შევეხებით დასავლეთის პრესის დღევანდელ მიმოხილვაში. გაზეთი ”ქრისჩიენ საიანს მონიტორი” მიესალმება ევროპის ერთიანი ვალუტის ”ევროს” შემოღებას და გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ესაა, როგორც ჟურნალისტები წერენ, ევროპაში ”შეერთებული შტატების” დასაარსებლად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი; სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

”ევროზონის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ერთიანი ვალუტის შემოღებით, ევროპაში, თანდათანობით გაქრება თვითეული ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა. ევროკავშირი არის ერთგვარი ექსპერიმენტი - ბოლო მოეღოს ურა ნაციონალიზმს და იგი ახალმა, ევროპულმა თვითმყოფადობამ შეცვალოს. და თუ ევროპელებს ახსოვთ თავიანთ კონტინენტზე მომხდარი ომების ისტორია და სურთ ტოლი არ დაუდონ ზესახელმწიფოს ატლანტის ოკეანის გაღმა, ისინი ერთიანობის საკუთარ, უნიკალურ მოდელს შექმნიან”.

როგორც გაზეთი ”უოლ სთრით ჯორნალი” აღნიშნავს, რახან ”ევროს” შემოღება წარმატებით განხორციელდა, აღარ უნდა გადაიდოს გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის გაფართოების თაობაზე; გაზეთი განაგრძობს:

”ევროკავშირმა ივალდებულა ამ წლის ბოლომდე დაამთავროს 10 კანდიდატ-სახელმწიფოსთან მოლაპარაკება და 2004 წელს გააწევრიანოს ისინი ამ კავშირში. მაგრამ, ამ დაპირების შესრულება არ იქნება ადვილი, ვინაიდან ევროკავშირის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობასა აქვს ადგილი ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომ კავშირის ამჟამინდელმა წევრებმა დაივიწყონ საკუთარი ინტერესები და კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიონ ამ მნიშვნელოვან საკითხში.”

გაზეთ ”ფრანკფურტერ ალგემაინეს” შეფასებით,
ევროს შემოღება ევროპის პოლიტიკური გაერთიანების საბოლოო მიზანს ემსახურება. ხოლო გაზეთი ”ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნი” ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ევრომ ვერ გაამართლა სამი წლის წინ აღძრული იმედი, რომ ევროპის ერთიანი ვალუტა დოლარს გაუწევდა კონკურენციას.

რაც შეეხება პრესის მიმოხილვის შემდეგ თემას, მძიმე ეკონომიკურ კრიზისს არგენტინაში, ჯერ შემოგთავაზებთ ნაწყვეტს გერმანიის გაზეთ ”ველტში” გამოქვეყნებული სტატიიდან:

”ედუარდო დუალდე, რომელიც ორი კვირის
განმავლობაში არგენტინის მეხუთე პრეზიდენტი გახდა, საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია და ალბად შესძლებს
ქვეყანაში შექმნილი კრიზისის მოგვარებას. მაგრამ საგანგაშო ისაა, რომ ყოფილ ვიცე-პრეზიდენტსა და ბუენოს აირესის პროვინციის გუბერნატორად ორჯერ არჩეულ დუალდეს გარკვეული პასუხისმგებლობა აკისრია იმისთვის, რომ არგენტინის ამჟამინდელმა მმართველმა ელიტამ მთლიანად დაკარგა ხალხის ნდობა. დუალდეს ისღა დარჩენია ”პერონიზმის” მეთოდით მართოს ქვეყანა, რაც სახელმწიფო კონტროლის გაძლიერებას გულისხმობს. თუმცა ამგვარ პოპულიზმს მოკლევადიანი შედეგი მოჰყვება, ხოლო
პერსპექტივაში კიდევ უფრო დააზარალდება ქვეყნის ისედაც გაჩანაგებული ეკონომიკა. არგენტინას დღეს მთელი პოლიტიკური აპარატის რეფორმირება ესაჭიროება. საეჭვოა ამგვარი ნაბიჯი გადადგას დუალდემ”.

როგორც გაზეთ ”ნიუ-იორკ ტაიმსის” მიმომხილველი პოლ კრუგმანი აღნიშნავს, ვაშინგტონის მმართველ წრეებში თითქმის არავინ ჩაუფიქრებია არგენტინაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ კრიზისს, რაც უცნაურია, ვინაიდან იქ მომხდარი შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მარცხადაც უნდა ჩაითვალოს; ამერიკელი ჟურნალისტი წერს:

”არგენტინამ, შეერთებული შტატების
”ნეოლიბერალიზმს” მიბაძა. ქვეყანაში შემცირდა ტარიფები, მოხდა სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაცია, მწვანე შუქი მიეცა მრავალეროვან კონპორაციებს, ხოლო ეროვნული ვალუტა პესო
დოლარს მიება. ერთის სიტყვით, ქვეყანაში საბაზრო რეფორმები დაიწყო. მაგრამ სულ მალე ყველაფერი აირია და არგენტინა ქაოსში ჩაეფლო, რაც არასწორმა ფისკალურმა პოლიტიკამ და არა საბაზრო რეფორმებმა გამოიწვია”.

ახლა კი ბელორუსიაზე ვისაუბრებთ - ”ევროპელებს მხედველობიდან არ უნდა გამორჩეს ის ფაქტი, რომ
ბელორუსია მხარს უჭერს ტერორისტულ ჯგუფებსა და დიქტატორულ რეჟიმებს, ხოლო პრეზიდენტ ლუკაშენკას მთავრობა რეპრესიებით უმკლავდება ოპოზიციის წარმომადგენლებსო” – წერს გაზეთი ”ვაშინგტონ პოსტი” სარედაქციო სტატიაში, და განაგრძობს:

”სწორედ ლუკაშენკა, საბჭოთა კავშირის აღდგენაზე მეოცნებე და ევროპის ეს უკანასკნელი დიქტატორი აღმოჩნდა 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შედეგად ყველაზე მეტად მოგებული, ვიდრე მსოფლიოს რომელიმე სხვა პოლიტიკოსი. სწორედ იმ დროს, როცა ინტენსიური და ფართო ხასიათი მიიღო კრიტიკამ იმის გამო, რომ ლუკაშენკამ 9 სექტემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააყალბა, 11 სექტემბრის ტრაგედიამ დაავიწყა ვაშინგტონს ბელორუსია. მაგრამ შეერთებულმა შტატებმა არ უნდა დაივიწყოს – რა ხდება ნატოს ეზოებში. ბელორუსია – ისლამისტი რადიკალებისთვის სამხედრო ტექნიკის მთავარი მიმწოდებელია. 1994 წელს მინსკი, ავტომატებსა და ჯავშანტექნიკას ჰყიდიდა ტაჯიკეთში; სულ მალე, ეს იარაღი მეზობელ ავღანეთში მეომარი დაჯგუფებების, აგრეთვე ტაჯიკეთის მთავრობის დასამხობად ამხედრებულ ისლამისტ მეომართა ხელში აღმოჩნდა. იარაღის გაყიდვა ნაცნობი სცენარით ხდება: ოფიციალურად იარაღს რომელიმე სხვა ქვეყანა ყიდულობს, ხოლო რეალურად მას ისლამისტი ექსტრემისტები, ან კიდევ ის სახელმწიფოები ღებულობენ, რომლებზეც ემბარგო აქვს გამოცხადებული გაეროს; ბელორუსიის ხელისუფალნი ამაზე თვალს ხუჭავენ. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ბელორუსია ”ტე-55”-ის ტანკებსა და ”მი-24”-ის საბრძოლო შვეულმფრენებს აწვდის სუდანს, სადაც ეს საბრძოლო ტექნიკა ბოლოს ტერორისტთა ხელში აღმოჩნდება, ანდა გამოყენებული იქნება სამოქალაქო ომში, რომელმაც 2 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა უკვე. ლუკაშენკას ბელორუსია იყო მთვარი პარტნიორიც ერაყელი დიქტატორის სადამ ჰუსეინისა, როცა ამ უკანასკნელმა თავისი ქვეყნის საჰაერო დაცვის სისტემის აღდგენა და მოდერნიზაცია განიზრახა”.
XS
SM
MD
LG