Accessibility links

logo-print

ერთიანი ფულადი კავშირის შემოღების ისტორია


ანდრო ეული, პრაღა 1 იანვარს, ევროკავშირის 12 სახელმწიფოში ერთიანი ვალუტა – ევრო შევიდა ბრუნვაში.

მას შემდეგ, რაც რომის იმპერიაში ვერცხლის დენარიუსი იყო ხმარებაში 2000 წლის წინათ, ერთიან ვალუტას არასოდეს მიუღია ევროპაში ესოდენ ფართო გავრცელება. სავალუტო კავშირები უწინაც შემოიღეს რამდენჯერმე, მაგრამ მათი არსებობა ხანმოკლე აღმოჩნდა. ბრიტანელმა მკვლევარმა ჯონ ჩოუნმა ახლახან დაამთავრა მუშაობა წიგნზე, რომელშიც სავალუტო კავშირების შექმნის ისტორიაა მიმოხილული;

ჯონ ჩოუნი მიმოხილვას იწყებს მეცხრამეტე საუკუნის 60-იანი წლებით, როცა ეგრედ წოდებული ლათინური სავალუტო კავშირი შეიქმნა და შედეგად, საფრანგეთი, ბელგია, შვეიცარია, საბერძნეთი, იტალია და ბულგარეთი ათეული წლების მანძილზე ერთიანი ვალუტით სარგებლობდნენ.

მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებში, შვეციამ, დანიამ და ნორვეგიამ შექმნეს სკანდინავიის სავალუტო კავშირი, როცა თვითეულ ქვეყანაში მოჭრილი ოქროს მონეტები კავშირის მასშტაბით იყო ბრუნვაში, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ამ კავშირმა შეწყვიტა არსებობა.

ევროპის ერთიანი ვალუტის შემოღების სურვილი აღეძრა ნაპოლეონსაც. დიდმა იმპერატორმა 1807 წელს ნეაპოლის მეფეს მისწერა: ”თუ საკუთარი ფულის მოჭრას აპირებთ, ვისურვებდი, რომ შემოიღოთ იგივე კუპიურები, რაც ფრანგულ ფულშია. ასეთი ნაბიჯი გადავდგი ჩემს სამეფოში, იტალიაში. ამ გზით, ერთიანი ფული იტრიალებს მთელს ევროპაში, რაც უდიდეს ბიძგს მისცემს ვაჭრობის გაფართოებას”-ციტატის დასასრული.

სავალუტო კავშირი შემოიღო ავსტრია-უნგრეთის იმპერიამ, მაგრამ ამ სისტემამ, იმპერიის დაშლასთან ერთად, პირველი მსოფლიო ომის ბოლოს დაასრულა თავისი არსებობა.

ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ ოქროს სტანდარტული მონეტა, რომელსაც თითქმის ყველა დიდი სახელმწიფო იყენებდა ბრუნვაში მეოცე საუკუნის დასაწყისში, ფაქტობრივად ერთიან ვალუტას წარმოადგენდა.

როგორც ლონდონის ეკონომიკურ პრობლემათა შემსწავლელი ინსტიტუტის გამომცემლობის დირექტორი
კოლინ რობინსონი აღნიშნავს, სავალუტო კავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იქნეს წარმატებული, თუ იგი პოლიტიკური კავშირი იყო თავდაპირველად, და მაგალითისთვის რობინსონი, მეცხრამეტე საუკუნეში იტალიისა და გერმანიის გაერთიანებას მოიხსენიებს ”საქმე იმაშია, რომ ვიდრე პოლიტიკური ინტეგრაცია არ მოხდება ამა თუ იმ სახით, რასაც მთავრობა უნდა უმაგრებდეს ზურგს, სავალუტო კავშირის შექმნის ყოველგვარი მცდელობა უშედეგო იქნება. ძალზედ ძნელია სავალუტო კავშირის მართვა, თუ ერთიან მთავრობას არ ექვემდებარება ის რეგიონი, რომელსაც სავალუტო კავშირი მოიცავს. ერთიანი ფისკალური პოლიტიკის გატარება მოგიხდებათ, რაღა თქმა უნდა, სავალუტო კავშირში”-განაცხადა კოლინ რობინსონმა.

შეერთებული შტატებია მორიგი მაგალითი წარმატებული სავალუტო კავშირისა, რომელიც 1789 წელს შეიქმნა, როცა ცალკეულ შტატებს ჩამოერთვა
ფულის მოჭრის უფლება, რაც ხანგრძლივსა და არც თუ იოლ პროცესთან იყო დაკავშირებული.

ევროპის სავალუტო კავშირის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ”ევროზონაში” შემავალი 12 ქვეყნის მთავრობები, განსხვავებით შეერთებული შტატებისაგან, რომელსაც ვეებერთელა ფედერალური ბიუჯეტი გააჩნია, თავიანთ ეროვნულ ბიუჯეტს უწევენ კვლავინდებურად კონტროლს, რაც პოტენციურ საფრთხეს უქმნის ახალშექმნილ სავალუტო კავშირს.

დაწყებულია ძალისხმევა მორიგი სავალუტო კავშირის შესაქმნელად მსოფლიოს სულ ცოტა კიდევ ერთ რეგიონში. სპარსეთის ყურის 6 ქვეყანა: ბაჰრეინი, კუვეიტი, ომანი, ქატარი, საუდის არაბეთი და გაერთიანებული არაბული საამიროები 2010 წლისათვის აპირებენ ერთიანი სავალუტო კავშირის შექმნას.
XS
SM
MD
LG