Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


წამყვანი მარიამ ჭიაურელი, პრაღა ახალგაზრდული გადაცემის დღევანდელ გამოშვებაში იმათ პრობლემებზე გესაუბრებით, ვისაც მშობლების მზრუნველობა აკლია

და ახალი წლის შეხვედრა განსხვავებულ ვითარებაში მოუხდა. ჯერ დავით პაიჭაძე მოგითხრობთ არასრულწლოვან დამნაშავეთა საარსებო პირობების შესახებ, ხოლო ეკა წამალაშვილი უფლებაშელახული ბავშვებისა და მოზარდების თემას შეეხება.

დავით პაიჭაძე

საქართველოში პიროვნებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს 14 წლის ასაკიდან. 18 წლამდე იგი სასჯელს იხდის არასრულწლოვან დამნაშავეთათვის სპეციალურად განკუთვნილ დაწესებულებაში. ასეთი დაწესებულება, ხალხში ბავშვთა კოლონიის სახელით რომ არის ცნობილი, ჩვენს ქვეყანაში ერთადერთია. საქართველოს სასჯელაღსრულებითი სისტემა სამ კატეგორიად იყოფა: საერთო რეჟიმი, მკაცრი რეჟიმი და ტუსაღობა. ეს რეჟიმები, ასე თუ ისე, დაცულია მოზრდილ დამნაშავეთა სასჯელის მოხდისას, ხოლო არასრულწლოვან დამნაშავეებს, რა სიმძიმის დანაშაულიც უნდა ჰქონდეთ ჩადენილი, ერთად უწევთ სასჯელის მოხდა. ამის გამო კანონი განსაზღვრავს, რომ არასრულწლოვანთა სასჯელის მოხდის ადგილი უნდა იყოფოდეს დახურულ, ნახევრად ღია და ღია რეჟიმის ბლოკებად; რეალურად ასე არ ხდება. მოზარდ დამნაშავეთა შორის ურთიერთობების იგივე სისტემა ყალიბდება, რაც ჩვეულებრივ არსებობს ციხეებსა და კოლონიებში. პაატა ზაქარეიშვილი, რომელმაც თითქმის წელიწადი იმუშავა სასჯელთა აღსრულების სისტემაში, ამბობს [ზაქარეიშვილის ხმა]: “კრიმინალური სამყარო ძალიან ეფექტურად მართავს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებს, ციხეები იქნება ეს თუ კოლონიები. ამ ბავშვებშიც არის გარკვეული იერარქია – “ავტორიტეტები”, ე.წ. მეთვალყურეები, ზონის მაყურებლები, რომლებიც ასწავლიან მათ და შეჰყავთ, თუ შეიძლება ასე ითქვას, კრიმინალურ მსოფლმხედველობაში. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა: ბადე, რაშიც ისინი ეხვევიან. მომავალში ამ კრიმინალური ქსელიდან თავის დაღწევა ძალიან ძნელია”.

ბავშვთა კოლონია ათწლეულთა მანძილზე თბილისში, ავჭალაში მდებარეობდა, შემდეგ კი ხონში გადაიტანეს, სადაც სამართალდამცავი სამსახურების ყოფილი დამნაშავე თანამშრომლები იხდიდნენ სასჯელს. დღეს ისევ აქტუალური გახდა არასრულწლოვანთა კოლონიის თბილისში გადმოტანა და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელთა განცხადებით, ამ საქმეს მიმდინარე წლის აპრილში საშველი უნდა დაადგეს. პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ხონის კოლონია მიუდგომელი იყო, მისი მართვა და კონტროლი ჭირდა, ჭირდა ასევე დახმარებათა მიწოდება და არასრულწლოვან პატიმრებთან პაემანზე მისვლა. არადა, ხანმოკლე პაემნების რაოდენობა მათ შეზღუდული არა აქვთ, ხოლო ხანგრძლივი პაემნით თვეში ერთხელ შეუძლიათ ისარგებლონ. სერიოზული პრობლემაა არასრულწლოვანთა მკაცრად დასჯა წვრილმანი დანაშაულისათვის და, ამავე დროს, მათი ჩადენილი მრავალი დანაშაულის საერთოდ დაუსჯელად დატოვებაც. [ზაქარეიშვილის ხმა]: “საჭიროა, სასამართლო იყოს უფრო მოქნილი და ლიბერალური. ვინაიდან არასრულწლოვანის ნებისმიერი დანაშაული, საბოლოო ჯამში, ციხით, თავისუფლების აღკვეთით სრულდება, მშობლები ცდილობენ მათი შვილი გამოისყიდონ, იყიდონ. ხარჯავენ ძალიან დიდ ფულს და, ფაქტიურად, ეს ბავშვები სასჯელს არანაირი ფორმით არ იხდიან. მათში ძლიერდება დაუსჯელობის გრძნობა. სასჯელი რომ იყოს უფრო ლმობიერი, ეფრო ლიბერალური, პირველი დანაშაული – თუ ის არ არის მძიმე – არ უნდა შემოიფარგლოს თავისუფლების აღკვეთით: რაღაც ჯარიმა უნდა იყოს, მშობელს დაეკისროს მეტი ვალდებულებები... ის კი არა, მიმაჩნია, რომ მეორე სასჯელითაც არ უნდა მოხვდეს ის კრიმინალებთან; შეიძლება მხოლოდ საკანში იყოს 45-50 დღე, რათა შეეშინდეს და შინაგანი შიშის გრძნობა ჰქონდეს ციხის მიმართ. მე მიმაჩნია: იმიტომ, რომ კანონი მკაცრია, მშობლები ცდილობენ თავიანთი შვილები გამოისყიდონ, დახარჯონ მათზე დიდძალი ფული, ჩნდება დაუსჯელობის სინდრომი, რაც იწვევს შემდგომი დანაშაულების პროვოცირებას... სამწუხაროდ, კოლონიაში ხვდებიან უპატრონო ბავშვები, ვინც მშობლებმა ვერ დაიცვეს – არ ჰქონდათ საშუალება, სახსრები, ფული, რომ გამოესყიდათ”.

რაც შეეხება არასრულწლოვან პატიმართა განათლებასა და ჯანმრთელობის დაცვას, პაატა ზაქარეიშვილი, მისივე შენიშვნით, რამდენადმე უხერხულ და პარადოქსულ განცხადებას აკეთებს: ბავშვთა კოლონიაში დღეს ისეთი კონტინგენტი იხდის სასჯელს, რომლისთვისაც თავისუფლების პირობებში ჯანდაცვაც და განათლებაც მიუწვდომელია. ამდენად, კოლონიაში უფრო ახერხებენ – ცხადია, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით – მოზარდთა ჯანდაცვისა და განათლების ამოცანებისთვის თავის გართმევას.

ეკა წამალაშვილი

ზრუნავენ თუ არა საქართველოში ბავშვებზე, უპირველესად ასოციალური ოჯახებიდან ქუჩებში გამოსულ ბავშვებზე? აისახა თუ არა მათ ცხოვრებაზე, გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციასთან საქართველოს მიერთება, ან პრეზიდენტის განკარგულება, რომელიც ბავშვთა პრობლემური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ერთიანი ეროვნული პოლიტიკის შემუშავებას ითვალისწინებს?
ეკა წამალაშვილი სწორედ ბავშვთა პრობლემებზე ისაუბრებს, ბავშვებზე, რომლებსაც საახალწლო საჩუქრებს
ცალკეული კეთილი ადამიანები თუ უწყალობებდნენ.

ქუჩებში საშოვარზე გამოსულ ბავშვებზე სახელმწიფოებრივი მზრუნველობა შემდეგში გამოიხატება: პოლიცია აწყობს რეიდებს და თბილისის ქუჩებიდან აყვანილი ბავშვები შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს არასრულწლოვანთა განყოფილებაში მიჰყავს. 2001 წლის პირველი 6 თვის მანძილზე იქ 276 არასრულწლოვანი მიიყვანეს. მათგან 69 მშობლეთა ზედამხედველობას მოკლებული იყო, 37 -მათხოვარი, 37 –ეგრეთ წოდებული მაწანწალა, ერთი კი უბრალოდ გზააბნეული. იყვნენ ნარკომანებიც, მაგრამ პოლიციელებთან ურთიერთობას მათ ცხოვრებაში არაფერი შეუცვლია.

არასრულწლოვანთა განყოფილებიდან ქუჩაში დაბრუნებული ისევ პოლიციელთა ხელში ხვდებიან. შინაგან საქმეთა სამმართველოს არასრულწლოვანთა განყოფილებაში მათ წელიწადში რამდენჯერმე მაინც აბრუნებენ. ყველაფერ ამის შედეგი კი მხოლოდ ის არის, რომ არასრულწლოვანები აღრიცხვაზე აჰყავთ და მათ არაკეთილსაიმედოებს არქმევენ. ამ ეგერთ წოდებული არაკეთილსაიმედოების განმარტებებში კი ნათქვამია: “დედა ციხეშია, მამა არ მყავს. ამბობენ, რომ დედამ მოკლა ბებია, მაგრამ მე არ მჯერა. ისინი სულ ჩხუბობდნენ, მაგრამ მოკვლით არ მოუკლავს. როცა ყვირილს იწყებდნენ, ქუჩაში გავრბოდი და იქ ვრჩებოდი. დედა მყავს რუსეთში, ზუსტი მისამართი არ ვიცი. ადრე სკოლაში დავდიოდი, ახლაც მინდა იქ სიარული, მაგრამ არ მიღებენ. გამაფრთხილეს -თუ ერთხელ კიდევ გაიპარები აღარ მიგიღებთო. მეზობელი კარგი კაცია, იმან მითხრა -თუ გაგიჭირდება მე დაგეხმარებიო. სკოლაში სიარული როცა მომინდება ვხატავ ზღვას, ცას და მზეს.” ეს ახსნა-განმარტება 15 წლის გიორგის ეკუთვნის და ცხადყოფს, რომ არაკეთილსაიმედო ის კი არა, ის საზოგადოებაა, რომელმაც მისი კეთილდღეობისთვის არაფერი იზრუნა. ხელისუფლება, რომელმაც ბავშვთა უფლებებზე ზრუნვა, მარტოოდონ გაეროს “ბავშვთა უფლებების კონვენციის” რატიფიცირებით გამოხატა, რომლითაც ივალდებულა: უზრუნველყოს ბავშვის შესაბამისი დაცვა და მისი ჭეშმარიტი ინტერესების რეალიზება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ბავშვის მშობლები, ან პირები, რომლებსაც მის დაცვაზე პასუხისმგებლობა აკისრიათ, არ ასრულებენ საკუთარ მოვალეობას. ეს არის და ეს. აქვე შეგახსენებთ, რომ გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება 1994 წელს მოხდა, ქუჩაში საშოვარეზე გამოსულ ბავშვთა რაოდენობის კატასტროფული ზრდა კი სწორედ მას შემდეგ შეიმჩნევა.

უფლებაშელახულ ბავშვებზე და არაჯანსაღი საზოგადოების ფორმირების საშიშროებაზე ზრუნვა, საზოგადოებამაც მთლიანად ხელისუფლებას მიანდო. ამ უკანასკნელს კი ეროვნული პროგრამის შემუშავების მეთოდის გახსენების გარდა არაფერი შეეძლო.

პრეზიდენტის 189-მე განკარგულებაში ნათქვამია: “ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში იგრძნობა სახელმწიფოებრივი მიდგომის დეფიციტი. სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა რეალური პასუხისმგებლობა და აქტიური პოზიციაო.“

პრეზიდენტის მიერ მითითებული დეფიციტის შესავსებად და ბავშვთა უფლებების უზრუნველყოფის ეროვნული პროგრამის შესამუშავებლად შეიქმნა კომისია, რომელსაც ბავშვთა დახმარების ღონისძიებათა 7 წლიანი პროგრამა, გასული წლის მიწურულამდე უნდა შეედგინა. ამ პროგრამის შედეგების გამოკვეთამდე ბევრი წყალი ჩაივლის, ამიტომ საუბრის დასასრულს იმ ადამიანების საქმიანობაზე შევაჩერებ ყურადღებას, რომლებმაც მშობლეთა და სახელმწიფოს მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებზე ზრუნვა საკუთარ თავზე აიღეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ბავშვი და გარემო” 1997 წლიდან მოქმედებს. ამ ორგანიზაციის მობილური ჯგუფი, თბილისის ქუჩებში ყოველდღიურად 50 -ამდე ბავშვს კრებს და გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ცენტრში მიჰყავს. უფლებაშელახულ ბავშვებს იქ საკვებითაც უმასპინძლდებიან და ღამის თავშესაფარსაც სთავაზობენ. ეს არის, რომ ბავშვთა ცენტრ “ბეღურების” ღამის თავშესაფარი მხოლოდ 30 ბავშვს იტევს. ქუჩის ბავშვებზე მზრუნველობა ერთჯერადი დახმარებებით არ ამოიწურება. ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტის ქეთევან ლაშხის თქმით: “ბავშვი და გარემო”-ს თანამშრომლები მთავარ დატვირთვას აღმზრდელობით მუშაობას ანიჭებს.
ქუჩის ბავშვებთან მუშაობა რთულია, უშედეგო კი ნამდვილად არ არის. ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მზრუნველობით არა ერთმა მოზარდმა თქვა უარი ქუჩაში ყოფნაზე და სკოლებში და ლიცეუმებში აღმოჩნდა. ასეთებმა წერა-კითხვა იშვიათად თუ იციან, ამა თუ იმ ლიცეუმში მათ ხელობას ასწავლიან, ანუ იმას, რაც ლუკა-პურის შოვნაში უნდა წაადგეთ.
“ბავშვი და გარემო” მოზარდების ჯანმრთელობის პრობლემებზეც ზრუნავს. თანამშრომლობს ჯანმრთელობის სამინისტროსთან, აგრეთვე თბილისის ბავშვთა მეორე კლინიკურ საავადმყოფოსთან, სადაც რამდენიმე არასრულწლოვანს გადაუდებელი ოპერაცია, ყოველგვარი საფასურის გარეშე ჩაუტარეს.
მაგრამ რთი ორგანიზაცია, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას უცხოელი დონორების შემწეობით ეწევა, ბევრს ვერ გასწვდება.

ეგერთწოდებულ არაკეთილსაიმედოებს კი სახელმწიფოებრივი მზრუნველობის დეფიციტი საპატიმროებში მოხვედრის გარანტიებს სთავაზობს.
XS
SM
MD
LG