Accessibility links

logo-print

სარაკეტო საწვავისა და რადიოაქტიურ ნივთიერებათა ნარჩენების პრობლემა საქართველოში


ახალი წლის დღეებში წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში

ახალი ძლიერი რადიოაქტიური წყაროს აღმოჩენამ, მოსახლეობა რადიაციის გავრცელების საშიშროებაზე აალაპარაკა. სამი მეტყევე, რომლებმაც რადიოაქტიური ნივთიერება “სტრონციუმ 90 ის” შემცველი აკუმულიატორები გასათბობად გამოიყენეს, ამჟამად დასხივების დიაგნოზით თბილისის ჰემატოლოგიის ინსტიტუტში გადიან მკურნალობას. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს “სტრონციუმ 90”ის აღმოჩენის მეექვსე შემთხვევაა. თუმცა სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლოა კიდევ ორი ასეთი საშიში რადიოაქტიური კერა არსებობდეს.

ცნობილია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არც ატომური რეაქტორი დარჩენილა და არც ბირთვული რაკეტების შახტა. მიუხედავად ამისა დღეს უკვე რადიოაქტიური და ქიმიური ნივთიერებათა ნარჩენებით საქართველოს ტერიტორიის დაბინძურების პრობლემაზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს.

ამ თვალსაზრისით რისკის ქვეყნად საქართველო პირველად დასახელდა 1994 წელს, როდესაც ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაში, რუსეთის შავი ზღვის საავიაციო ნაწილის გასვლის შემდეგ დარჩენილი სპეციალური კონტეინერებიდან სარაკეტო საწვავმა ჟონვა დაიწყო. საქმე ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომლისთვისაც იმხანად “რადიოაქტიური და ქიმიური უსაფრთხოების ცნება” საერთოდ უცხო გახლდათ, არც კი დაინტერესებულა, თუ რა ინახებოდა კონტეინერებში. არადა საცავებში არც მეტი არც ნაკლები 450 ტონა სარაკეტო საწვავი “მელანჟი” და “სამინი” ინახებოდა და, როგორც სპეციალისტები, ვარაუდობენ ამ “სახიფათო მემკვიდრეობას” შეეძლო გამოუსწორებელი ზიანი მიეყენებინა გარემომცველი ბუნებისთვის.

სამწუხაროდ, “მელანჟის” ისტორია მას შემდეგ გახმაურდა, რაც სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მოხვედრილი რამდენიმე ცნობისმოყვარე ოზურგეთელი მწვავე ტოქსიკოზით საავადმყოფოში აღმოჩნდა მოთავსებული.

აღსანიშნავია, რომ პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, საქართველოს ორგანული ქიმიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა ფინანსების უქონლობის გამო სახიფათო სარაკეტო საწვავის უტილიზებას თითქმის 4 წელი მოანდომეს. თუმცა ის რაც, ამ პერიოდში მათ გააკეთეს, მხედველობაში გვაქვს სარაკეტო საწვავის ერთ-ერთის კომპონენტის“სამინის” გაუვნებელყოფა, მართლაც გმირობის ტოლფასია.

რაც შეეხება “მელანჟს.” გასული წლის დეკემბრის თვიდან ამ კომპონენტის უტილიზების დაფინანსება ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციამ ითავა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, ეუთო 350 000 დოლარით დააფინანსებს სპეციალურ ხუთთვიან პროგრამას, რომლის დასრულების შემდეგ სახიფათო საწვავი, არც მეტი, არც ნაკლები ძვირფას სასუქ გვარჯილად გარდაიქმნება.

სარაკეტო საწვავისგან განსხვავებით, “სტრონციუმ-90” წმინდა წყლის რადიოაქტიური ნივთიერებაა. თუმცა საქართველოს ტერიტორიაზე იგი აბსოლუტურად კეთილი მიზნებით მოხვდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო და ქიმიური ჯარების სარდლის, პოლკოვნიკ ჯანო გაგოშიძის ინფორმაციით, “სტრონციუმი” იმ აკუმულიატორების შიგთავსში ინახებოდა, რომლებსაც სპეციალური კავშირების გამართული მუშაობა უნდა უზრუნველეყოთ. დაახლოებით ერთი წლის დაშლილ მდგომარეობაში მყოფი ოთხი ასეთი აკუმულიატორი, ზემო სვანეთის სოფელ ხაიშის მცხოვრებლებმა მდინარის პირას იპოვეს.
საბედნიეროდ, ოთხი საშიში რადიოაქტიური კერის ლიკვიდაცია მაშინ თავდაცვისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტების ძალისხმევით ოპერატიულად მოხერხდა.
თუმცა მაშინვე გაჩნდა სერიოზული ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე “სტროინციუმ 90”ის კიდევ რამდენიმე წყაროს არსებობის შესახებ.
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, შემდგომი ორი რადიოაქტიური წყაროს აღმოჩენა კვლავ ადამიანების დასხივების შემდეგ გახდა შესაძლებელი, თუმცა შედეგი ამჯერად გაცილებით სავალალოა. წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში მცხოვრები სამი ადამიანის სიცოცხლე კვლავ კრიტიკულია, ხოლო მათი მკურნალობის თითოეული დღე სახელმწიფოს 10 000 ლარი უჯდება. ანუ თითქმის მეორდება სიტუაცია, რომელიც 1997 წელს ლილოს სამხედრო ნაწილში მყოფი ჯარისკაცების “ცეზიუმით” დასხივების შემდეგ შეიქმნა და რომელმაც არა მარტო საქართველო, არამედ ლამის მთელი მსოფლიო აალაპარაკა.

5 იანვარს ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოში უკვე ჩამოვიდა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს(ატენსას) ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ქართველ გარემოსდამცველებს რადიაოქტიული წყაროსთვის სპეციალური საცავის დამზადებასა და მის გატანაში დაეხმარება.

მიუხედავად გარემოს დაცვის მინისტრის ნინო ჩხობაძის განცხადებისა, რომ აღმოჩენილი რადიოაქტიური ნივთიერების გამოსხივება მხოლოდ ხუთას მეტრის რადიუსში მოქმედებს და არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს რამდენიმე კილომეტრით დაშორებული მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის, რადიაციის ახალი წყაროს აღმოჩენით გამოწვეული პანიკა წალენჯიხაში არ ცხრება. თანაც ისიც გასათვალისწინებელია, რომ თავად მინისტრი ჩხობაძეც ვერ გამორიცხავს საქართველოს ტერიტორიაზე “სტრონციუმის” კიდევ რამდენიმე კერის არსებობის შესაძლებლობას და ვერც იმას, რომ პროგნოზირებადი საშიში რადიოაქტიური ნივთიერება კვლავ კონკრეტული ადამიანის ხელში არ მოხვდება.
[ნინო ჩხობაძის ხმა] “მე ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, ნუ დავინტერესდებით შიგთავსით და ნუ გავხსნით ამ კონტეინერებს, რადგან ყველა შემთხვევა, თუნდაც ქუთაისის შემთხვევა, რომელიც მოხდა 96 წელს. თუნდაც შემდგომი შემთხვევები, იყო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არასწორი მოქმედება იყო მოსახლეობისა ძირითადში”

თუმცა მინისტრი არაფერს ამბობს იმაზე, თუ რამდენად სწორია ხელისუფლების მოქმედება, რომელიც უამრავი საერთაშორისო დახმარების მიუხედავად, უკვე მერამდენედ ვერ ახერხებს დაიცვას მოსახლეობა რადიოაქტიური ნარჩენების საშიში ზემოქმედებისაგან.
XS
SM
MD
LG