Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ დაიწყო 2002 წელი ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობის თვალსაზრისით


სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებმა, ენგურის ხიდი, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის უფროსის მანქანის გატაცების შემდეგ გადაკეტეს.

ქართველ პარტიზანებს მათ გატაცებული მანქანის უკან დაბრუნება მოსთხოვეს. კვირას აფხაზებმა ქართველი ჟურნალისტებიც დააკავეს, თუმცა ჟურნალისტებმა აფხაზ პოლიციელთა ტყვეობაში მხოლოდ 2 საათი გაატარეს. ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობაში, ასეთი წინააღმდეგობებით დაიწყო 2002 წელი.

საქართველოს ტელევიზიის პროგრამა “მოამბის” და ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის კორესპონდენტები, მაია ღურწკაია და ემა გოგოხია, კვირას, სწორედ ენგურის ხიდზე მიმოსვლის აკრძალვის მიზეზით დააკავეს. ენგურის ხიდთან სატელევიზიო მასალის მოსამზადებლად მისული ჟურნალისტები, აფხაზთა მხარის წარმომადგენლებმა გალის რაიონის მილიციაში წაიყვანეს. დაკავებულები, სამეგრელოში განლაგებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელებისა და მხარის უშიშროების სამსახურის თანამშრომლების საქმეში ჩარევის შემდეგ, გაათავისუფლეს.

აფხაზეთის თვითმარქვია ხელისუფლების სპეცსამსახურის თანამშრომლებმა ენგურის ხიდი მას შემდეგ ჩაკეტეს, რაც გაურკვეველმა პირებმა აფხაზეთის ე.წ. უშიშროების მინისტრის ალიკ მარშანიას ავტომანქანა გაიტაცეს. ენგურის ხიდის ჩაკეტვის მიზეზად სწორედ მანქანის გატაცებას ასახელებენ, აღნიშნავენ, რომ ხიდზე მიმოსვლის შეჩერებით აფხაზთა მხარე პროტესტს ქართველი პარტიზანების მიმართ გამოხატავს, მაგრამ არსებობს ვერსია, რომლის მიხედვით ხიდის ჩაკეტვა მანდატის გარეშე დარჩენილი რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლების მიერ უნდა იყოს პროვოცირებული. ასეა თუ ისე, ახალი, 2002 წელი, რომლისგანაც ჩვენი პრეზიდენტი ქართველებსა და აფხაზებს შორის ისტორიულ კომპრომისს მოელის, ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით საკმაოდ უსიამოვნოდ დაიწყო. ენგურს გაღმა-გამოღმა კავშირი შეწყდა, თუმცა გალის რაიონისკენ და პირიქით მიმოსვლა, ნაცნობობით მაინც ხერხდება.

როგორც ცნობილია, ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების განახლებას კოდორის ხეობაში თავდაცვის სამინისტროს ძალების ყოფნა აბრკოლებს. აფხაზი სეპარატისტები კვლავ ჯიუტად მოითხოვენ კოდორის ხეობიდან საქართველოს სამხედროების გაყვანას და რადგან ედუარდ შევარდნაძე 2002 წელს აფხაზებსა და ქართველებს და ქართველებსა და ოსებს შორის ისტორიულ კომპრომისებს ვარაუდობს, თვლიან, რომ კომპრომისზე წასვლის მაგალითი ისევ შევარდნაძემ უნდა აჩვენოს და კოდორის ხეობიდან ჯარის ნაწილი უნდა გაიყვანოს, მაგრამ აფხაზების ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება კოდორის ხეობის ბედის ანაბარა მიტოვების ტოლფასი იქნება.
აფხაზებისთვის კიდევ ერთი მტკივნეული საკითხი, რუსეთის მშვიდობისმყოფელებისთვის მანდატის გაგრძელებაზე უარის თქმაა, თუმცა ცნობილია, რომ სამშვიდობო ძალების საკითხი საქართველოს ეროვნულმა უშიშროების საბჭომ უნდა განიხილოს, რის შემდეგაც პრეზიდენტმა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

შეიტანს თუ არა 2002 წელი რაიმე გარდატეხას აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში, ჯერ არავინ იცის. ცალკეული ქართველი ანალიტიკოსების აზრით, ამ პრობლემის მოგვარების გასაღები არც მოსკოვშია და არც ვაშინგტონში და ის საქართველოს ხელისუფლების დაძლევაშია, გარკვეული პოლიტიკოსების აზრით კი აფხაზებისთვის თვითმყოფადობის მყარი გარანტიების შეთავაზებაში.
XS
SM
MD
LG