Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტ გამსახურდიას ჰეროიზაცია


დავით პაიჭაძე, თბილისი 1992 წლის სახელმწიფო გადატრიალებიდან 10 წლის შემდეგაც ხშირად გაიგონებთ მოთხოვნას ე.წ. დეკემბერ-იანვრის მოვლენათა შეფასების შესახებ.

ამის მიუხედავად, ოფიციალურად ხსენებული მოვლენები არავის შეუფასებია. ამიტომაც არსებობს მათი მრავალი შეფასება - დემოკრატიული რევოლუციით დაწყებული, სამხედრო პუტჩით დამთავრებული. განვლილმა ათმა წელმა აჩვენა, რომ შეფასებაზე მნიშვნელოვანი გააზრებაა, თანაც არა იმ ორკვირიანი მონაკვეთის, არამედ მანამდელი ისტორიის. ასეთი გააზრებისა და გამსახურდიას მმართველობის მეტ-ნაკლებად სრული სურათის აღდგენის გარეშე, დავით პაიჭაძის აზრით, ჩვენს სინამდვილეში საქართველოს პირველი პრეზიდენტის რეაბილიტაციასთან ერთად თანდათან ხდება მისი სიკვდილის შემდგომი ჰეროიზაცია, რაც ისტორიულ სიმართლეს თუ არ შეცვლის, ნაწილობრივ დაავიწყებს მაინც მოქალაქეებს.

ზვიად გამსახურდიას ხსენება პოლიტიკის პოზიტიურ კონტექსტში ბევრწილად განპირობებულია დღევანდელი პრეზიდენტის სუსტი და უნიათო მმართველობით. ალბათ, კარგია და საჭიროც, რომ მოხდა გამსახურდიას რეაბილიტაცია, შეწყდა მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე. გამსახურდიას საჯარო კრიტიკა ან, მით უმეტეს, ძრახვა ლამის მოვეტონად ითვლება. პირველი პრეზიდენტის დანატოვარიდან სულ უფრო ხშირად ახსენებენ რეფერენდუმსა და დამოუკიდებლობის აღდგენას, სამართლებრივ და პოლიტიკურ ნაბიჯებს, რომლებიც ჯერ კიდევ მთლიან, ტერიტორიულად დაუნაწევრებელ საქართველოში გადაიდგა.

კიდევ ერთი სააზროვნო მიმართულება ცდილობს გამსახურდიას მმართველობის ჩართვას საქართველოს უახლესი ისტორიის ერთიან ტრაგიკულ კონტექსტში. დამოუკიდებლობის აღდგენიდან სულ ცოტა ხანში, ხელისუფლების სათავეში პირველი პრეზიდენტის ყოფნისას დაიწყო სამოქალაქო ომი და გაგრძელდა დღევანდელი პრეზიდენტის მმართველობისას. ომმა თავის დროზე გახლიჩა საზოგადოება, მოსწყვიტა ქვეყანას ტერიტორია და, მაინც, ეს იყო არა ერთი რომელიმე დაჯგუფების გამარჯვება ან მარცხი, არამედ საერთო უბედურება, უფრო ზოგადად, საერთო ბედი, რომლის გააზრება და შედეგთა დაძლევა შეიძლება მაკონსოლიდირებელ ფაქტორადაც იქცეს. ამის დასტურია მცდელობა, განხორციელდეს ეროვნული თანხმობის იდეა, ამავე სახელწოდების კომისიის საქმიანობა, პოლიტპატიმართა დიდი ნაწილის გათავისუფლება, სისხლის სამართლის მრავალი საქმის შეწყვეტა, პოლიტიკოსებისა და ინტელექტუალების უამრავი პუბლიკაცია თუ საჯარო გამოსვლა და ა.შ.

და მაინც, ამ ფონზე ნავლი არ უნდა წაეყაროს ყველაფერს, რაც გამსახურდიას მმართველობის დროს საქართველოს მოქალაქეთა საგრძნობი ნაწილისათვის მიუღებელი, გაუგებარი და ზოგჯერ გამაოგნებელიც იყო. პოლიტიკის წარმართვის მისეული ხერხები, რომელთა ამოქმედებას მოჰყვა უპრეცედენტო ქცევათა და მოვლენათა მთელი წყება თბილისის ქუჩებში, არ შეიძლება დავიწყებას მიეცეს. ჩვენი უახლესი ისტორიის გააზრებისას ეს მოვლენები შეფასებათა გარეშე უნდა იქნას აღწერილი და დოკუმენტირებული, რათა არავინ ისარგებლოს ჩვენი “მოკლე” მეხსიერებით და პირველი პრეზიდენტი მხოლოდ ტრაგიკული გმირის შარავანდედით არ წარმოგვიჩინოს. საქართველოში იმ ადამიანებს, ვინც პოლიტიკურ ცხოვრებას წარმართავს ან საზოგადოებაზე გავლენის სხვა საშუალებებს ფლობს, ჩანს, ეიმედებათ ჩვენი “ცუდი” მეხსიერება: რად ღირდა გასული წლის შემოდგომაზე ასლან აბაშიძის მიერ გაზეთ “აჭარის” ივლისის ერთი ნომრის ხელახლა გამოცემა და მასში არჩევნების შესახებ კანონის დაბეჭდვა; ამ ჭეშმარიტად ორეულისებური აქციით, წარსულში დასტამბული პრესის შეცვლით, აჭარის ხელისუფალს საკუთარი მმართველობისათვის ლეგიტიმურობის მინიჭება სურდა. ან კიდევ, სულ ბოლო მაგალითი: მომღერალი არჩილ შოთას ძე მეფარიძე სიმღერით “ტყე შეუნახე შვილებსა” საახალწლო ეთერში; შოთა მეფარიძე, რომელიც დიდი პომპით გაათავისუფლეს თბილისის სატყეო მეურნეობის დირექტორის პოსტიდან და ახლახან სასამართლოს ძალით აღდგა თანამდებობაზე, მართლა რომ გაფრთხილებოდა ტყეს, მისი ვაჟი, უბრალოდ, არ იქნებოდა მომღერალი...
XS
SM
MD
LG