Accessibility links

logo-print

ქართული ინტერნეტსახელების რეგისტრაციის პრობლემები


საქართველოში ინტერნეტის განვითარებასთან ერთად, თანდათან, სულ უფრო აქტუალური ხდება ქართული ინტერნეტსახელების - „დომენების“ რეგისტრაციის წესებთან დაკავშირებული პრობლემები.

ცნობისათვის, ყველა სახელმწიფოს, მის სახელთან იდენტიფიცირებული დომენი შეესაბამება, საქართველოს კი ქვეყნის ინგლისური დასახელების – Georgia-ს პირველი ორი ასო - GE. ინტერნეტმისამართის ამ დაბოლოებით რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ქართული ვებსაიტების მნიშვნელოვანი ნაწილი, უკეთეს შემთხვევაში საერთაშორისო დომენითაა წარმოდგენილი, უარეს შემთხვევაში კი რუსეთის ინტერნეტმისამართით.

„GE“ დომენის რეგისტრაციის წესების მიხედვით, რომელიც დაახლოებით 2 წლის წინ შეიქმნა, აკრძალულია ქართული დომენის ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გამოყენება. მარტივად რომ ვთქვათ, ვებსაიტს რომელიც ამერიკაში მდებარე სერვერზეა შექმნილი, ქართული მისამართი არ შეიძლება ჰქონდეს. ეს კი ინტერნეტისათვის მიუღებელი პრინციპია. მსოფლიო კომპიუტერული ქსელი არღვევს საზღვრებს და ათასობით კილომეტრით დაშორებულ კონტინენტებს ერთმანეთს აახლოვებს. სწორედ ამაშია მისი უნიკალურობა. ანუ ქუთაისში მყოფ ქართველს ნიუ-იორკში მდებარე სერვერზე შეუძლია ინფორმაცია გამოაქვეყნოს და მისი ნახვა ავსტრალიაში მაცხოვრებელსაც კი არ გაუჭირდება, ისე, რომ ვერც კი შეამჩნევს ელექტრონული გვერდის გეოგრაფიულ მდებარეობას. ინფორმაციის ამა თუ იმ ქვეყანასთან იდენტიფიცირება სწორედ დომენების საშუალებით ხდება, მაგრამ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მის გეოგრაფიულ ადგილსამყოფელს.

ქართული დომენის რეგისტრაციის წესების მიხედვით კი პირიქით, ამას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. წესების ავტორთა კეთილშობილური განზრახვით, ქართული დომენის ადგილობრივ სერვერებზე იძულებით განთავსებას საქართველოს ინტერნეტკომპანიების განვითარებისათვის უნდა შეეწყო ხელი. თუმცა საპირისპირო კი მოხდა. ადგილობრივი სერვერები უალტერნატივობის წყალობით განვითარების თითქმის ერთ დონეზე დარჩნენ, ხოლო რუსული ან ამერიკული სერვერები მომხმარებელს უფასოდაც კი სთავაზობენ ისეთ სერვისს, რომ სერიოზული საიტის შექმნის მსურველი ცდუნებას ვერ გაუძლებს.

თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს წესები ყველაზე როდი ვრცელდება. ქართული ინტერნეტის აქტიურმა წევრებმა გერმანულ სერვერებზე განთავსებული რამდენიმე ქართული დომენი აღმოაჩინეს და ბოლოს ისეთ საიტს მიადგნენ, რომელიც „GE“ დომენის რეგისტრაციის მრავალ პირობას ეწინააღმდეგებოდა. გერმანული სახელწოდების ქართული დაბოლოების საიტი - „Ihrnamege“ უცხოელებს ქართული დომენების შეძენას სთავაზობდა. თან გაცილებით ძვირად, ვიდრე ეს წესების მიხედვითაა განსაზღვრული. ამავე წესების მიხედვით ქართული დომენის გაყიდვა და გაჩუქებაც კი აკრძალულია. მიუხედავად ამისა ეს სერვისი თითქმის ერთი წელი ფუნქციონირებდა.

„GE“ დომენების რეგისტრაციას „ინტერნეტის განვითარების ჯგუფი - საქართველო“ ახორციელებს ქართული ინტერნეტსახელების ადმინისტრატორთან ერთად. ანუ „ირ ნამე ჯი-ი“ მათი თანხმობითაა რეგისტრირებული. ქართულ ინტერნეტში პოპულარულ „თბილისის ფორუმზე“ ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ, დომენების ადმინისტრატორმა, გერმანული საიტის დომენი გააუქმა, თუმცა კიდევ რჩება რამდენიმე საიტი, რომელთაც ქართული მისამართი აქვთ და უცხოურ სერვერებზეა მოთავსებული. მათ შორისაა მნიშვნელოვანი საქართველოს რესურსებიც, რომელთა ადგილობრივ სერვერებზე გადმოტანა ტექნიკურადაც რთულია და ძვირადღირებული სიამოვნებაა.

შესაბამისად დღის წესრიგში დგება ქართული „GE“ დომენების რეგისტრაციის წესების რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა. მომხმარებელთა დიდი ნაწილი თვლის, რომ ინტერნეტსახელების რეგისტრაციის წესები არსებულ რეალობას უნდა ასახავდეს და კორუფციული გადაწყვეტილების მიღების საშუალებას არ უნდა აძლევდეს მარეგისტრირებელ ორგანოს. ქართული დომენების რეგისტრაცია ან საზოგადოებრივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ხორციელდებოდეს, ან კიდევ, როგორც მონოპოლისტური საქმიანობა, კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს. “GE“ დომენების ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში დაინტერესებულ საზოგადოებასთან შეხვედრას და წესების რევიზიას აპირებს. სწორედ ამ შეხვედრაზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული ქართული ინტერნეტის განვითარების შემაფერხებელი ერთ-ერთი პრობლემის მოგვარება.
XS
SM
MD
LG