Accessibility links

logo-print

ტონი ბლერი პაკისტანს ტერორიზმისთვის დახმარების შეწყვეტისკენ მოუწოდებს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი დელიდან ისლამაბადში ჩავიდა იმისთვის, რომ ეცადოს შეამციროს დაძაბულობა ორ ბირთვულ სახელმწიფოს – ინდოეთსა და პაკისტანს შორის.

ინდოეთში ოთხდღიანი ვიზიტის მსვლელობისას ბლერი ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ატალ ბიჰარი ვაჯპაის ეთათბირა. შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ბლერმა ერმნიშვნელოვანად დაგმო ტერორიზმი, თქვა რა, რომ ყოველგვარი უთანხმოება უნდა მოგვარდეს ნებისმიერი გზით, გარდა ტერორიზმისა.

ბლერმა განაცხადა, რომ ვაჯპაი მზად არის პაკისტანთან მოლაპარაკებებისთვის, თუ ესუკანასკნელი უარს იტყვის ტერორიზმზე. მისი სიტყვით, ვაჯპაიმ ისლამაბადს ეჭვმიტანილი ტერორისტების წინააღმდეგ ერთობლითი ზომების მიღება შესთავაზა.

“მთავარია, რომ ტერორიზმისა და ფანატიზმის ადგილი დაიკავოს დიალოგმა,”თქვა ბლერმა ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.

ვაჯპაიმ პრეს-კონფერენციაზე კი თქვა: “ჩვენ ყოველთვის ვართ მზად, განვიხილოთ პაკისტანთან ყველა საკითხი, ქაშმირის ჩათვლით… მჯერა, რომ მოლაპარაკებებით შეიძლება პრობლემების მოგვარეობაო”.

დაძაბულობა, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ახასიათებს პაკისტანსა და ინდოეთს შორის ურთიერთობებს, ქაშმირის პროვინციას ეხება. ინდოეთმა და პაკისტანმა უკვე ორჯერ იომეს ქაშმირის გამო, რომ არ ვილაპარაკოთ პატარ-პატარა შეტაკებებზე წლების განმავლობაში. კამათი ქაშმირის თაობაზე 1947 წელს დაიწყო, როცა ბრიტანეთმა გაყო თავისი კოლონია ინდოეთისა და პაკისტანის სახელმწიფოებად. პაკისტანი ინდოეთის კუთვნილ ქაშმირის ნაწილზე აცხადებს პრეტენზიას

ბოლო დაპირისპირება, რომელსაც, მსოფლიოს გულის გასახეთქად, ბირთვული იარაღის ჟღარუნი მოჰყვა, 13 დეკემბერს ინდოეთის პარლამენტზე თვითმკვლელური ტერაქტის შემდეგ დაიწყო.

ინდოეთი თვლის, რომ ისლამაბადი ეხმარება ქაშმირში მოქმედ ისლამურ ექსტრემისტულ ჯგუფებს, რომელთაგანაც ორს ის პალამენტზე თავდასხმაში ადანაშაულებს. ისლამაბადმა გადადგა გარკვეული ნაბიჯები ამ დაჯგუფებების საქმიანობის აღსაკვეთად, მაგრამ დელი მათ არასაკმარისად მიიჩნევს.

ისლამაბადში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა შეაქო ინდოეთი და პაკისტანი მათი მხარდაჭერისთვის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

[ბლერის ხმა] nc 010717
“ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო კოალიციისთვის პაკისტანისა და ინდოეთის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, აგრეთვე, ამ რეგიონის სტაბილურობას “

პაკისტანი ცდილობს კარგად ითამაშოს შეერთებული შტატების მოკავშირის როლი ავღანეთში ტერორიზმის განადგურების საქმეში. ამავე დროს, მუშარაფი განუწყვეტლივ იმეორებს, რომ ავღანეთში მოქმედი ტერორიზმი ერთი, ხოლო ქაშმირში დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა სულ სხვა საქმეა.

სამხრეთი აზიის რეგიონული თანამშრომლობის სამიტზე, რომელშიც ინდოეთისა და პაკისტანის ლიდერები მონაწილეობდნენ, მუშარაფმა თქვა:
“აუცილებელია დავინახოთ განსხვავება ლეგიტიმურ წინააღმდეგობასა და თავისუფლებისთვის ბრძოლას და ტერორისტულ საქმიანობას შორისო.”

პაკისტანის პრეზიდენტის ეს სიტყვები არა მარტო ინდოეთისთვის, არამედ შეერთებული შტატებისთვისაც იყო განკუთვნილი. ვაშინგტონი აცხადებს, რომ ისინიც, ვინც ეროვნული დამოუკიდებლობისთვის იბრძვის,მაგრამ სისხლიან მეთოდებს მიმართავს, შევა იმათ სიაში, ვის წინააღმდეგაც წარმოებს ანტიტერორისტული კამპანია.
XS
SM
MD
LG