Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა


5 დეკემბერს ასი წელი გავიდა რენე შმერლინგის დაბადებიდან.

საქართველოში მოღვაწე მეცნიერს, გამოჩენილ ხელოვნებათმცოდნეს ეძღვნება ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, “ოქროს საუკუნის” დღევანდელი გადაცემის პირველი ნაწილი. პროგრამის მეორე ნახევარში გავიხსენებთ 1957 წელს, მოსკოვში გამართულ ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც საბჭოთა კავშირის ისტორიაში ნიკიტა ხრუშჩოვის ეპოქის დასაწყისადაა მიჩნეული.

შესანიშნავი მხატვრის, გრაფიკოსოს, ქართული კარიკატურის ფუძემდებლის ოსკარ შმერლინგის ქალიშვილი, რენე შმერლინგი, რომლის დაბადებიდან ხუთ დეკემბერს ასი წელი გავიდა, 1967 წელს გარდაიცვალა, სწორედ იმხანად, როცა ქართული საბჭოთა ხელოვნებათმცოდნეობა, რომელსაც სათავეში გიორგი ჩუბინაშვილი ედგა, განსაკუთრებულ აღმავლობას განიცდიდა. მოსკოვში, რა თქმა უნდა, აღიზიანებდათ ჩუბინაშვილის მიერ ჯერ კიდევ 1941 წელს დაარსებული ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელთა აქტიურობა, მათი კონტაქტები უცხოელ მეცნიერებთან, დასავლეთის სამეცნიერო ცენტრებთან. ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტი ხომ უნიკალური დაწესებულება იყო ამიერკავკასიაში, უფრო მეტიც, მთელ საბჭოთა კავშირში. ქართული ხელოვნების სამეცნიერო ცენტრის დაარსების პირველივი დღიდან, განსაკუთრებით სტალინის ეპოქაში, ინსტიტუტის თანამშრომლებს უამრავი წინააღმდეობა შეხვდათ ხელისუფლების მხრიდან. ხელოვნების ისტორია, როგორც მეცნიერება, ხომ ყველაზე ნაკლებად ექვემდებარებოდა იდეოლოგიურ კონტროლს. ხელისუფლება ფორმალიზმთან ბრძოლას აგრძელებდა, ქართველი მეცნიერები კი სწორედ მხატვრული ფორმის განვითარების კანონზომიერებებს სწავლობდნენ და თითქოს არც იმჩნევდნენ, რომ ხელისუფლება მათგან ეგრეთ წოდებულ მარქსისტულ-ლენინური კვლევის მეთოდოლოგიას მოითხოვდა.

რენე შმერლინგი სწორედ ამ სკოლის ბრწყინვალე წარმომადგენელი იყო. გიორგი ჩუბინაშვილის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოწაფე, რომელმაც შესასწავლად ქართული კულტურის შედარებით გამოუკვლეველი დარგი, ეგრეთ წოდებული მცირე არქიტექტურული ფორმები” აირჩია- დეკორი, ორნამენტული შემკულობა. ამბობენ, რომ მცირე არქიტექტურული ფორმების მიმართ ინტერესი ზუსტად შეესაბამებოდა რენე შმერლინგის ხასიათს –ამ მეცნიერისთვის დამახასიათებელ სიზუსტის განსაკუთრებულ გრძნობას, ფილიგრანულობას, პედანტურობასაც კი, რაც აუცილებელია ხელოვნების ისტორიის ნებისმიერი მკვლევარისთვის. რენე შმერლინგის წიგნი “მცირე ფორმები შუა საუკუნეების ქართულ არქიტექტურაში”, რომელიც ავტორის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე გამოიცა, იმის დადასტურებაა, რომ ქართული ხელოვნების ისტორია გამოირჩეოდა განვითარების ერთი ხაზით, ასე ვთქვათ ‘დრამატურგიით” და რომ ეს ხაზი ერთნაირად აისახა, როგორც ხუროთმოძღვრებაში, ასევე დეკორატიულ ფორმებში.

ამ კანონზომიერების დადგენას რენე შმერლინგმა მთელი სიცოცხლე მიუძღვნა. იგი იკვლევდა ძველ ქართულ ქანდაკებას, ხელნაწერი წიგნის მხატვრულ მორთულობას, თბილისის გარეუბნების არქიტექტურას, პალეოგრაფიის საკითხებს. რენე შმერლინგი ერთ-ერთი პირველი მეცნიერი იყო, რომელმაც ულამაზესი ქართული ძეგლის, უბისის არქიტექტურისა და ტაძრის მოხატულობის თარიღი დაადგინა. მან ერთ-ერთმა პირველმა გაიაზრა ქართული ხალხური სახვითი ხელოვნების პრობლემატიკა, შეისწავლა სვანური ხელოვნება, მცხეთაში, სამთავროს ტაძრის არქიტექტურა, ქართული მოხატული წიგნი.
წელს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა, გოეთეს ინსტიტუტის ხელშეწყობით გამართეს სამეცნიერო სესია, რომელიც რენე და ოსკარ შმერლინგების ხსოვნას მიუძღვნეს. ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა, ნოდარ ლომოურმა გაიხსენა 1941 წლის ზაფხული, როცა საქართველოდან გერმანელების ეტაპობრივი გასახლება დაიწყეს ციმბირსა და შუა აზიაში. “ჯერ კიდევ ძალიან ადრე იყო, უცებ ვხედავ შემოვიდა მამიდა თამარი – იგონებს ნოდარ ლომოური – ასეთი აღელვებული არასდროს მინახავს...”რენეს, რენე შმერლინგს ციმბირში ასახლებენ, დაიღუპება. ნუთუ შველა არ შეიძლება”...მერე ხშირად გამიგონია: სიმონ ჯანაშიამ რენე შმერლინგი საეტაპო მატარებლიდან ჩამოსვაო! არ ვიცი, ტექნიკურად როგორ განხორციელდა ეს, მაგრამ ერთი ფაქტია – რენე შმერლინგი სიმონ ჯანაშიამ გადაარჩინა(ციტატის დასასრული). ნოდარ ლომოური 50-იანი წლების მეორე ნახევარსაც იგონებს, როცა რენე შერლინგი, მისთვის ჩვეული პირდაპირობით, დაესხა თავს სოლომონ ხუციშვილს, იმხანად ცნობილ ლიტერატორსა და კრიტიკოსს: “რაშია საქმე, სოლომონ გიორგიევიჩ – უთქვამს მისთვის შმერლინგს რუსულად – როდემდე შეიძლება შევურიგდეთ იმას, რომ მთავრობის სამსახურში მყოფი ვაიკრიტიკოსები ჩვენს ლიტერატურას ამახინჯებენ და გამოჩენილ მწერლებსა და პოეტებს უდიერად ლანძღავენ...ახლა ხომ სტალინი და ბერია აღარ არიან, მაშ რისი ეშინიათ?”

ნოდარ ლომოური ხაზს უსვამს, რომ რენე შმერლინგმა იხმარა სიტყვა “ჩვენს”..’ჩვენს მწერლებს”. თუმცა იმხანად ეს არავის გაკვირვებია – ქართული კულტურა –მისი კულტურა იყო და ქართული ხელოვნებისთვის მან ასჯერ უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე მრავალმა “სისხლითა და ხორცით” ქართველმა.


ხმა. [კინოჟურნალი “საბჭოთა საქართველო”]

ეს იყო ნაწყვეტი კინოჟურნალ “საბჭოთა საქართველოს” ერთი სიუჟეტიდან, რომელმაც დღეს შესაძლებელია მხოლოდ ღიმილი და ირონია გამოიწვიოს, მაგრამ იმხანად, 1957 წლის იანვარში, ეს საახალწლო ვალსი ახალი ეპოქის დაწყებას მიანიშნებდა. პრინციპში დედაქალაქში ყველამ იცოდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე უცხოელი სტუდენტებიც სწავლობდნენ(რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ეგრეთ წოდებული “სოციალისტური ქვეყნებიდან”), მაგრამ “არასაბჭოთა” ახალგაზრდების ეს ვალსი, საერთო საახალწლო ფერხული, მეჯლისი, რომელშიც ქართველ სტუდენტებთან ერთად უცხოელებიც მონაწილეობდნენ, და მითუმეტეს, ამ მეჯლისის, როგორც მნიშვნელოვანი მოვლენის ასახვა, საკმაოდ უცნაურად და მრავალმნიშვნელოვნად გამოიყურებოდა. მითუმეტეს 1957 წლის იანვარში, როცა “უნგრული ამბოხების” შემდეგ კრემლს სრულიად დაეკარგა ნდობა კომუნისტური ბლოკის ქვეყნების მიმართ.

მაგრამ ისტორიას იმპროვიზაციები არ უყვარს. სერიოზული ცვლილებები ისტორიაში წინასწარ იგეგმება. ასე იყო 1956-57 წლებშიც, როცა კრემლმა მიიღო 1945 წელს, ლონდონში შექმნილი დემოკრატიული ახალგაზრდობის მსოფლიო ორგანიზაციის წინადადება და დათანხმდა 1957 წლის ივლისში, ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალის მოსკოვში ჩატარებაზე. მოგვიანებით, გორბაჩოვის ეპოქაში, ის ადამიანები, რომლებიც 56-57 წლებში კომკავშირის ცეკაში მუშაობდნენ, აღიარებენ, რომ ახალგაზრდობის ფესტივალის მოწყობა მოსკოვმა მხოლოდ მაშინ ითავა, როცა შესაბამისი ბრძანება ნიკიტა ხრუშჩოვმა გასცა. “უარის თქმა უხერხული იყო – იგონებდა იმ პერიოდის ერთი კომკავშირელი ფუნქციონერი – აქამდე ახალგაზრდობის ფესტივალი უკვე მოეწყო ბერლინში, ბუქარესტში, ვარშავაში. ბოლოს და ბოლოს საზღვარი მოსკოვსაც უნდა გაეხსნა”

უცხოელი ახალგაზრდების მასობრივი სტუმრობა მოსკოვში, დაიწყო 1956 წლის მიწურულს, როცა ცხადი გახდა, რომ საბჭოთა კავშირი ახალგაზრდების, თუნდაც მემარცხენე ორიენტაციის ახალგაზრდობის ფორუმს ვეღარ გადაურჩებოდა. ფორუმის დაწყებამდე კომკავშირელ ფუნქციონერებს ევალებოდათ ჩაეტარებინათ შესაბამისი ახსნა-განმარტებითი სამუშაო, მოემზადებინათ მოსახლეობა უცხოელ ახალგაზრდებთან შეხვედრებისათვის. უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც უცხო ენას ასწავლიდნენ, აბიტურიენტებისთვის ადგილები გაიზარდა. ამავე დროს, საბჭოთა ახალგაზრდებს უხსნიდნენ, რომ მოსკოვში მოსალოდნელი იყო მეგობრების, მაგრამ მაინც უცხოელი მეგობრების ჩამოსვლა, რომელთა შორის შესაძლებელია პროვოკატორებიც ყოფილიყვნენ. ცნობილი კინორეჟისორის, მარლენ ხუციევის მოგონებით, ის ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდობის ფესტივალზე დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებში დაუშვეს, უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ – მათგან ერთის მხრივ, “ღიაობას”, გულწრფელობას მოითხოვდნენ, მეორეს მხრივ კი მაქსიმალურ სიფრთხილეს, განსაკუთრებით კაპიტალისტური ქვეყნების ახალგაზრდებთან ურთიერთობის დროს. “დაწმუნებულები ვიყავით, წერდა ხუციევი – რომ ახალგაზრდობის ფესტივალის დასრულების შემდეგ ფორუმის დელეგატების უმრავლესობას კაგებეში მოგვიწევდა, დაკითხვაზე მისვლა”

მაგრამ მოსკოვის ფორუმმა უჩვეულოდ მშვიდად ჩაიარა. სემინარებზე და კონფერენციებზე, რომელიც 1957 წლის ივლისში მოსკოვში მოეწყო, ახალგაზრდობა ერთსულოვანი იყო – 20-იანი წლების შემდეგ, პირველად მსოფლიო ისტორიაში, დაიწყო საუბარი მსოფლიო ახალგაზრდობის ინტეგრაციის შესახებ. და, რაც მთავარია, მემარცხენეთა ფორუმმა ისე ჩაიარა, რომ ოფიციალურ ღონისძიებებზე აღარავის უხსენებია’მსოფლიო პროლეტარიატისა და შესაბამისად, ეგრე წოდებული “პროგრესული ახალგაზრდობის მამა”- იოსებ სტალინი. ცხადი გახდა, რომ 1957 წლის ივლისში ხრუშჩოვი ახალგაზრდობისგან მოითხოვდა მხარდაჭერას რადიკალური რეფორმების განხორციელებაში.
XS
SM
MD
LG