Accessibility links

სამხრეთი კავკასიის ყველაზე გავლენიან პირთა ათეული


თუ საზოგადობრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევის ასოციაცია “გორბისა” და გაზეთ “ჯორჯიან ტაიმსის” საახალწლო გამოკითხვამ ყველაზე გავლენიანი ქართველების სია შემოგვთავაზა,

საზოგადოებრივი ურთიერთობების ფონდ “ნნგ კონსალტინგისა” და საინტერნეტო გამოცემა “გაზეტა სნგ”-ის ერთობლივი გამოკითხვის შედეგები სამხრეთი კავკასიის ყველაზე გავლენიანთა ათეულს ასახელებს.

როგორც გახსოვთ, “გორბისა” და გაზეთ “ჯორჯიან ტაიმსის” წინასაახალწლო სარეიტინგო გამოკითხვამ წლის ყველაზე გავლენიან ქართველთა ათეული გამოავლინა და ყველაზე გავლენიან ქართველებად ედუარდ შევარდნაძე, ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე, მიხეილ სააკაშვილი, ბადრი პატარკაციშვილი, ირაკლი მენაღარიშვილი, გიორგი ჭანტურია, ასლან აბაშიძე, ნუგზარ საჯაია და ავთანდილ ჯორბენაძე დაასახელა (თანმიმდევრობა დაცულია).

ზემოთ მოყვანილ სიაში აჭარის ლიდერს მერვე ადგილი უკავია. მეორე ადგილზე ის პრეზიდენტზე გავლენის მქონე პირთა ოცეულში მოგვევლინა. ამ ერთ-ერთ გავლენიან ქართველზე ყურადღება იმიტომ შევაჩერე, რომ რუსეთში ჩატარებული სარეიტინგო გამოკითხვის მიხედვით, ასლან აბაშიძე სამხრეთი კავკასიის გავლენიანთა ათეულში რიგით მეორეა.

საზოგადოებრივი ურთიერთობების ფონდ “ნნგ კონსალტინგის” და საინტერნეტო გამოცემა “გაზეტა სნგ”-ის გამოკითხვით დადგენილ გავლენიან სამხრეთკავკასიელთა ათეულში, პირველ ადგილზე ჰეიდარ ალიევია. მას, როგორც ვთქვით, ასლან აბაშიძე მოსდევს, ამ უკანასკნელს კი რობერტ ქოჩარიანი, რამიზ მეხთიევი (აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაური), ედუარდ შევარდნაძე, სერჟ სარქისიანი (სომხეთის თავდაცვის მინისტრი), ვლადისლავ არძინბა, ზურაბ ჟვანია, ბადრი პატარკაციშვილი და არკადი ღუკასიანი. სარეიტინგო გამოკითხვის შედეგებში ეს უკანასკნელი მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტად არის მოხსენიებული, ისევე, როგორც ვლადისლავ არძინბაა ნახსენები აფხაზეთის პრეზიდენტად.

გამოკითხვის მიხედვით, თვითმარქვია რესპუბლიკების ლიდერები სამხრეთკავკასიელ გავლენიანებს შორის მე-7 და მე-10 ადგილებზე არიან, აჭარის ლიდერი კი, მთელს კავკასიაში გავლენიანობის თვალსაზრისით, მათაც უსწრებს და ბევრ სხვასაც. საგულისხმოა, რომ გასული წლის დასაწყისში ჩატარებული მსგავსი გამოკითხვით, თანამეგობრობის გავლენიან ლიდერთა შორის, აბაშიძეს მეოთხე ადგილი მიაკუთვნეს. გაურკვეველია, რით შეიძლება აიხსნას აბაშიძის ასეთი დაწინაურება, მით უფრო, მისი დასახელება ედუარდ შევარდნაძეზე გაცილებით გავლენიან ლიდერად. “გაზეტა სნგ”-ის შარშანდელი გამოკითხვით, საქართველოს პრეზიდენტი თანამეგობრობის გავლენიან ლიდერთა შორის მეორე ადგილზე იყო, ისევ და ისევ ჰეიდარ ალიევის შემდეგ, სამხრეთკავკასიელ გავლენიანთა წლევანდელ ათეულში კი მას, როგორც ვნახეთ, მხოლოდ მე-5 ადგილი უკავია.

“გაზეტა სნგ”-ის განმარტებით, სამხრეთკავკასიელი გავლენიანები საშინაო, რეგიონული და საერთაშორისო გავლენის ნიშნებით შეარჩიეს. მათ გამოსავლენად კი, სამხრეთი კავკასიის პრობლემებზე მომუშავე ექსპერტების გარდა, რეგიონის მაცხოვრებლებიც გამოკითხეს. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ გამოკითხულები დამაეჭვებელ აქცენტებს აკეთებენ და ქართველ გავლენიანებს შორის განსაკუთრებულ სიმპათიას რუსეთისთვის ყველაზე მისაღები პირის მიმართ გამოხატავენ.

ეს გასაკვირი არ არის, ისევე, როგორც არაფერია უჩვეულო იმაში, რომ უკანასკნელი სარეიტინგო გამოკითხვები მიზნად ისახავს არა საუკეთესოების, არამედ ყველაზე გავლენიანების დასახელებას. აშკარაა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა გავლენიანების ასპარეზად რჩება, სივრცედ, სადაც წლის საუკეთესო პოლიტიკოსების გამოვლენა უბრალოდ შეუძლებელია.
XS
SM
MD
LG