Accessibility links

logo-print

როგორ ვიცავდით ადამიანის უფლებებს 2001 წელს?


სოზარ სუბელიანი, თბილისი ცნება “ადამიანის უფლებები” ქრისტიანული ცივილიზაციის ნაყოფია. საქართველო ამ ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია,

თუმცა ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნვა და საუბარი არცთუ დიდი ხნის წინათ დაიწყო. რადიო “თავისუფლება” ხშირად აშუქებს ადამიანის უფლებათა დარღვევის კონკრეტულ ფაქტებს, ამ სფეროში არსებულ ზოგად ტენდენციებს. ამჯერად რადიომსმენელს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ ზოგად მდგომარეობაზე ვესაუბრებით.

ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით 21-ე საუკუნის პირველი წელი გასული საუკუნის მიწურულისგან დიდად არ განსხვავდებოდა. დამოუკიდებელმა საქართველომ ვერც სამოქალაქო საზოგადოების აშენება შეძლო და ვერც ადამიანის უფლებების დაცვის მოქნილი მექანიზმები გამოიმუშავა, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი. პოლიტოლოგ გია ნოდიას აზრით, ოპტიმიზმის საფუძველს თუნდაც საზოგადოების მიერ შეძენილი გამოცდილება იძლევა. განვლილი ათწლეულის შეფასების დროს ხშირად ამბობენ, რომ საქართველო არც დემოკრატიისთვის აღმოჩნდა მზად და არც თავისუფლებისთვისო – განაცხადა ნოდიამ გასული წლის ივნისში პარლამენტში წაკითხულ მოხსენებაში, თუმცა, მისივე თქმით, ამაში მოულოდნელი არაფერია.

[გია ნოდიას ხმა] “ეს, შეიძლება, გარკვეულწილად სიმართლეა, სწორია როგორც ფაქტი, მაგრამ, ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ შეუძლებელია სხვანაირად ყოფილიყო. ეროვნული დამოუკიდებლობაც, პოლიტიკური თავისუფლებაც და დემოკრატიაც თავისუფლების სხვადასხვა ჰიპოსტასია, თავისუფლების სხვადასხვა ასპექტია, თავისუფლება კი ისეთი რამაა, რისთვისაც შეუძლებელია მოემზადო არათავისუფლებაში. თავისუფლება დაახლოებით ისე შეგიძლია ისწავლო, როგორც ცურვა: მხოლოდ და მხოლოდ წყალში. როგორც არ შეიძლება ისწავლო ცურვა ხმელეთზე, მოემზადო და მერე გაცურო, ასევე არ შეიძლება, ისწავლო თავისუფლება სადღაც: გაიარო კურსი ან ტრეინინგი და მერე დაიწყო დემოკრატიის შენება. და, ალბათ, რომ შევაჯამოთ ერთი ფორმულით ან ერთი მეტაფორით, განვლილი 10 წელი, ეს არის ის დრო, როცა ჩვენ ვსწავლობდით ცურვას. და ეს იყო ძალიან მტკივნეული პროცესი: ხანდახან უფრო ვფართხალებდით, ხანდახან გვეჩვენებოდა, რომ მგონი ვცურავთ, გვეჩვენებოდა, რომ უკვე გავცურეთ, ხან ისევ ავფართხალდებოდით… რა თქმა უნდა, ამასობაში ჩავყლაპეთ უამრავი წყალი, ხანდახან სისხლიც; ზოგჯერ გვეჩვენებოდა, რომ ვიხრჩობოდით, რაღაც მაშველ რგოლებს ველოდებოდით გარედან და ხანდახან ამ რგოლებს გვიგდებდნენ კიდეც… დღეს შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, ცურვა უკვე ვისწავლეთ თუ არა, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გავივარჯიშეთ რაღაც კუნთები, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ ვიცურაოთ”.

ამ მოხსენების წაკითხვიდან რამდენიმე თვის შემდეგ საზოგადოებამ მართლაც გამოაჩინა კუნთები – დაიცვა პრესის თავისუფლება და პრეზიდენტს მთავრობის გადაყენებაც აიძულა, მაგრამ ჯერჯერობით ეს მაინც ერთჯერად აქტად რჩება. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციის – “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” – თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის თქმით, ტენდენცია მაინც საზოგადოების გააქტიურებისკენ მიდის. ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ პრეზიდენტი იძულებული გახდა, გადაეყენებინა კახა თარგამაძე – მინისტრი, რომლის უწყებაშიც ყველაზე მეტად ირღვეოდა ადამიანის უფლებები.

[ნანა კაკაბაძის ხმა] “საზოგადოებამ ეს პრობლემა რომ დააყენა, მე მიმაჩნია ეს მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად საზოგადოების მხრიდან. საზოგადოებამ ჩათვალა, რომ ასეთი უწყების მინისტრი არ უნდა იყო თანამდებობაზე”.

ნანა კაკაბაძის აზრს სახალხო დამცველი ნანა დევდარიანიც ეთანხმება, თუმცა, მისი თქმით, საზოგადოება ჯერჯერობით მხოლოდ დედაქალაქში აქტიურობს, რეგიონებში კი ადამიანები გაცილებით ნაკლებად იცნობენ თავიანთ უფლებებს.

[ნანა დევდარიანის ხმა] “საზოგადოებრივი აზრი ამ შემთხვევაში საკმაოდ რადიკალურია, საკმაოზე მეტად რადიკალურიც არის და ეს არის ძალიან კარგი დამხმარე ბერკეტი მუშაობაში, როცა შენ არ გიწევს ყამირის გატეხვა”.

ადამიანის უფლებების დარღვევას იმ სახელმწიფო სტრუქტურების პასიურობაც უწყობს ხელს, რომელთა უშუალო მოვალეობასაც ადამიანის უფლებების დაცვა წარმოადგენს. ნანა კაკაბაძის აზრით, ამაზე თუნდაც წინასწარი დაკავების საკნებში არსებული მდგომარეობა მეტყველებს: [ნანა კაკაბაძის ხმა] “საქართველოში ორად ორ ადამიანს აქვს წინასწარი დაკავების საკნების მონახულების კანონიერი უფლება. ერთი არის ომბუდსმენი, რომელიც, ფაქტობრივად, საერთოდ არ იყენებს უფლებას, მოინახულოს წინასწარი დაკავების საკნები და განგაში ატეხოს ამასთან დაკავშირებით, დააფიქსიროს წამების კონკრეტული ფაქტები, დააფიქსიროს კონკრეტული დამნაშავეები, ანუ კონკრეტული პირები, რომლებიც ამ დანაშაულს სჩადიან, ან რომელთა დაკვეთითაც ამგვარი დანაშაულები ხდება. ფაქტობრივად, ომბუდსმენი ამას ყველაფერს გვერდს უვლის… მეორე ფიგურა, რომელსაც ასეთივე უფლება აქვს, არის პრეზიდენტი. მან თავისი უფლებამოსილების დელეგირება მოახდინა თავის წარმომადგენელზე, ქალბატონ რუსუდან ბერიძეზე, რომელსაც ასეთივე უფლება გააჩნია. ისიც, ფაქტობრივად, ამის შესახებ ხმამაღალ საუბარს არ აპირებს”.

პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ელენე თევდორაძის აზრით, გამონაკლისს არც მისი კომიტეტის წევრები წარმოადგენენ.

[ელენე თევდორაძის ხმა]. “დღეს რატომღაც ნაკლებად არიან დაინტერესებული ჩვენი კომიტეტის წევრები ადამიანის უფლებებით. ალბათ, უნდა დავაყენოთ საკითხი, რომ, ბოლოს და ბოლოს, მართლა შემოვიდეს ამ კომიტეტში ის დეპუტატი, ვისაც ნამდვილად აინტერესებს ადამიანის უფლებები… მე მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა პრესას და, ასე ვთქვათ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს: რომ არა თქვენ, ამ თემაზე, ალბათ, საერთოდ არავინ იფიქრებდა და არავინ ილაპარაკებდა. ესეც, სამწუხაროდ, რეალობაა”.

ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემად პოლიციისა და საზოგადოების ურთიერთობა რჩება. სახალხო დამცველის, ნანა დევდარიანის თქმით, თუ მათ შორის არსებული უფსკრული არ ამოივსება, საფრთხე შეექმნება თავად საქართველოს სახელმწიფოს არსებობას: [ნანა დევდარიანის ხმა] “პოლიცია არის ის სტრუქტურა, რომელსაც ყველაზე ხშირი შეხება აქვს მოქალაქესთან. მე ვფიქრობ, რომ ურთიერთშემხვედრი ნაბიჯები უნდა გადაიდგას როგორც პოლიციის, ისე საზოგადოების მხრიდან. ანუ, მე რას ვგულისხმობ: კი არ ვაპატიოთ ის, რაც არ არის საპატიებელი, არამედ ვეცადოთ, პრობლემები დავინახოთ შიგნიდან და ეს უფსკრული ამოვავსოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ სახელმწიფოს არ უწერია არსებობა. მტრის ხატის მქონე, მტერთან გაიგივებული პოლიცია არავის სჭირდება, აბსოლუტურად არავის სჭირდება”.

სერიოზული პრობლემაა ისიც, რომ სწრაფი და სამართლიანი სასამართლოს უფლება მხოლოდ ზეპირ დეკლარაციად რჩება. გამოძიების სამსაფეხურიანი სისტემა, რომელიც წინასწარი გამოძიებით იწყება და სასამართლო-სამსჯავრო გამოძიებით მთავრდება, ფაქტობრივად, გამორიცხავს სწრაფი სასამართლოს შესაძლებლობას.

მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, განვლილ წლებს ტყუილად არ ჩაუვლია, რადგან: [გია ნოდიას ხმა] “ჩვენ მოვიპოვეთ ის, რომ ჩვენ დავკარგეთ ილუზიები საკუთარი თავის შესახებ. 10-15 წლის წინ ჩვენი თვითშეფასება, ძირითადად, იყო ის, რომ ჩვენ ვართ ძალიან კარგები, უბრალოდ, საშუალებას არ გვაძლევენ, რომ ეს სიკარგე გამოვავლინოთ… ასე ვთქვათ, მსაჯები გვიშლიან ხელს, მსაჯები არ გვინიშნავენ პენალტებს სხვა გუნდების კარში. დღეს ხშირად ჩვენ გადავდივართ მეორე უკიდურესობაში, ხშირად ვამბობთ, რომ ყველაზე უარესები ვართ და ჩვენზე უარესი არავინ არის. რა თქმა უნდა, აქ არის საფრთხე, რომ ეს თვითგვემაც იქცევა ერთგვარ რიტუალად, რომლითაც ვტკბებით: “აი, რა კარგად ვიცით საკუთარი თავის გამათრახება”, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეს, როგორც საფეხური, უკეთესია, ვიდრე იმ ილუზიების და მითების ტყვეობაში ყოფნა, რომელშიც ვიყავით და რომლიდანაც გამოგვაფხიზლა დამოუკიდებლობამ. ალბათ, ასეც უნდა იყოს: დამოუკიდებლობის პირველი და ძირითადი შენაძენი არის არა მხოლოდ რაღაც ეროვნული ინსტიტუტები, არამედ სწორედ თვითცნობიერება, საკუთარი თავის უფრო რეალისტური შეფასება…”

ფაქტია, რომ საზოგადოება თანდათან საკუთარი უფლებების დაცვისთვის ბრძოლასაც სწავლობს და შესაბამის უნარ-ჩვევებსაც გამოიმუშავებს. სწორედ ამიტომ არსებობს შანსი, რომ 2002 წელს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში თვისობრივად განსხვავებული ეტაპი დაიწყოს.
XS
SM
MD
LG