Accessibility links

საქართველოს ენერგოსისტემაში შექმნილი ვითარება


წინა წლებთან შედარებით საქართველოს ელექტრომომარაგებაში ბევრი არაფერი შეცვლილა.

სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს მთავარი ზრუნვის საგანი წლევანდელ ზამთარსაც თბილისის უწყვეტი ელექტრომომარაგების უზრუნველყოფაა. თუმცა ამ ძალისხმევას სასურველი შედეგი არ მოაქვს და ბოლო ერთი კვირის მანძილზე, დედაქალაქის რაიონთა მნიშვნელოვანი ნაწილი ელექტროენერგიით მხოლოდ რამოდენიმე საათი მარაგდება.

როგორც ჩანს, ტრადიციული საშობაო ლხინით დაკავებულმა თბილისელებმა ელექტროენერგიის უქონლობის გასაპროტესტებლად ვერ მოიცალეს, ან კიდევ წლების მანძილზე გამოუსწორებელ პრობლემას შეეჩვივნენ. სხვაგვარად ძნელი ასახსნელია ის, რომ მოხმარებული დენის საფასურის გადახდის დაბალი მაჩვენებლის მქონე რაიონებში, არგადამხდელ და გადამხდელ მომხმარებელს ელექტროენერგია ერთნაირად მიეწოდება, ან არ მიეწოდება.

ჯერჯერობით საახალწლო-საშობაო ლხინის ბურუსიდან გამორკვეულმა მხოლოდ ერთმა კეთილსინდისიერმა გადამხდელმა გადაწყვიტა „AES თელასთან“ ურთიერთობა სამართლებრივი გზით გაერკვია. საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს წევრმა მარიამ თოიძემ ამაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყო, რაც აღმოაჩინა, რომ ელექტროსისტემა იმაზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე ეს გადახდისუნარიანი AES-ის ანუ თბილისის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლადაა საჭირო.

სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 8 იანვრის დილის საათებში საქართველოს ელექტროსისტემში ელექტროენერგიის სიმძლავრე 860 მეგავატს აღწევდა. შუადღისას ეს სიმძლავრე 600 მეგავატამდე დაეცა, მოხმარების შემცირებისას და იგი საღამოს საათებში ისევ გაიზარდა. ეს სიმძლავრე თბილისის გასანათებლად სრულებით საკმარისია.

შეკითხვაზე, რატომ არ მიეწოდება „AES თელასს“ თბილისისათვის საჭირო ელექტროენერგია, სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროში მხრებს იჩეჩავენ და ხელს „თელასისკენ“ იშვერენ. თელასის მენეჯერმა თინათინ სტამბოლიშვილმა ჩემთან საუბარში განაცხადა, რომ AES ყოველდღიურად იმდენს ითხოვს, რამდენიც თბილისის 24-საათიანი ელექტრომომარაგებისთვისაა საჭირო. [სტამბოლიშვილის ხმა] „თბილისს მიაქვს ეხლა დაახლოებით 300–350 მეგავატი და ეს ყოფნის სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებს და ეს ყოფნის საიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებს და მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს. დღის განმავლობაში სადღაც 400-450 მეგავატია საჭირო. ხოლო საღამოს პიკზე ტემპერატურასაც გააჩნია, ხან 500 ხანაც 600.“

ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ ძალაუნებურად ჩნდება კითხვა: თუ შუადღისას 400 მეგავატია საკმარისი, მიღებული 350 მეგავატი რატომ არ იძლევა კეთილსინდისიერი გადამხდელების მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებას? დაახლოებით ასეთივე მდგომარეობაა საღამოს საათებშიც. თუმცა, ენერგოსისტემის მონაცემებით, თელასისათვის საჭირო ელექტროენერგიის სიმძლავრის მიწოდებაცაა შესაძლებელი. როგორც ჩანს, მართლდება სპეციალისტთა ნაწილის ეჭვი, რომ „თელასს“ მომხმარებლისგან თანხების ამოღება უჭირს და ამიტომ ზედმეტი თანხის ხარჯვასაც ერიდება. სანაცვლოდ იგი აქტიურად იყენებს პრეზიდენტისგან მინიჭებულ ბერკეტს და თბილისის ხან ერთი, ხან კი მეორე უბნის გამორთვით, დახარჯულ თანხას მომხმარებლისგან მიღებულ თანხას უტოლებს.

ამ ეჭვის საფუძვლიანობა, ისევე, როგორც ენერგეტიკის სამინისტროსა და „AES თელასს“ შორის მტყუან-მართლის გარკვევა, მარიამ თოიძის მიერ სასამართლო განხილვის წამოწყების შემთხვევაშია შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG