Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააქციო საზოგადოება ''ბაზალტის'' საქმიანობა


გიორგი კაკაბაძე, თბილისი დაახლოებით ორი წლის წინ სააქციო საზოგადოება "ბაზალტში" დაიწყო საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული საინვესტიციო პროგრამის შესრულება.

საწყისი ეტაპი დაუკავშირდა ქარხანა "ბაზალტის" აღდგენით სამუშაოებს, რასაც თითქმის წელიწადნახევარი დასჭირდა. დღეისათვის საწარმო უკვე უშვებს პროდუქციას.
გაწეული მუშაობისა და საწარმოს საქმიანობის შესახებ სააქციო საზოგადოება "ბაზალტის" მთავარ ინჟინერს მიხეილ ჩიტაძეს ვესაუბრებით.

უკანასკნელი 4-5 წლის განმავლობაში "ბაზალტის" ქარხნის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მნიშვნელოვნად გაიძარცვა, დარჩენილი აღჭურვილობა კი მოძველებული აღმოჩნდა. ქარხნის მთავარი ინჟინერი მიხეილ ჩიტაძე აღნიშნავს:
[ ჩიტაძის ხმა]"დღესდღეობით მოხდა ამ ქარხნის აღდგენა, ჩვენ თითქმის მივუახლოვდით იმ სიმძლავრეს და უკვე საშუალება გვაქვს იმ სიმძლავრით ვაწარმოოთ პროდუქცია, რომელი სიმძლავრეც ჰქონდა ამ ქარხანას ადრე. თუმცა, ბაზარზე არ არის მოთხოვნილება ჩვენი პროდუქტისა იმდენად, რამდენადაც დღესდღეობით არ მიმდინარეობს მშენებლობები იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც მიმდინარეობდა ადრე, 15-20 წლის წინ."

"ბაზლტის" ქარხანა ძირითადად აწარმოებს მაღალხარისხოვან სამშენებლო ღორღს, სამშენებლო ქვიშას და ღორღს რკინგზის ლიანდაგისათვის. გარდა ამისა, ქარხანაში ამზადებენ ბაზალტის ფილებს და ბაზალტის ბორდიურებს საავტომობილო გზებისთვის. პროდუქციის საერთო მოცულობა თვეში შეადგენს 15-25 ათას კუბომეტრს.

საწარმოს ერთ-ერთი ძირითადი მომხმარებელია რკინიგზის დეპარტამენტი, რომელიც იძენს ღორღს რკინიგზის ლიანდაგის საფუძვლის მიწყობისათვის.

"ბაზალტის" ქარხანა განლაგებულია მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილ-აჯლოში, საწარმოს 110 თანამშრომლის ძირითად ბირთვს შეადგენს ადგილობრივი მოსახლეობა, საშუალო ხელფასი 160-180 ლარის ფარგლებშია.

ქარხანას კონკურენციას უწევს ის საწარმოები, რომლებიც ღორღს მოიპოვებენ თბილისში, მტკვრის ნაპირზე. მიხეილ ჩიტაძის თქმით:[ჩიტაძის ხმა]"ისინი მოიპოვებენ ჩვენზე გაცილებით დაბალხარისხიან პროდუქტს, რამდენადაც მდინარის ღორღს გაჩნია, ასე ვთქვათ, თავისი მინუსები, უარყოფითი მხარეები იმიტომ, რომ ნაწილი ღორღისა რჩება გლუვი და ის ბეტონისთვის ცუდი შემავსებელია."

მაგრამ სიიაფის გამო მომხმარებელი ძალიან ხშირად უპირატესობას ანიჭებს დაბალხარისხოვან პროდუქციას. თუმცა, ნათქვამი არ ვრცელდება რკინიგზის დეპარტამენტზე, რომელიც არ იძენს მტკვარში მოპოვებულ ღორღს.

სააქციო საზოგადოება "ბაზალტს" გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრ "სერმასთან". ცენტრის დახმარება გამოიხატა ბაზრის გამოკვლევით, საწარმოს სტრუქტურის სრულყოფით და შიდა საწარმოო ბუღალტერიის დახვეწით. ამ პროცესში მონაწილეობდა "სერმას" ინგლისელი ექსპერტი. ამის შემდეგ "სერმა"-ს დახმარებით სააქციო საზოგადოების წევრები გაემგზავრნენ ინგლისში, სადაც დაათვალიერეს 5 ანალოგიური ქარხანა. ქართველი მეწარმეები დარწმუნდნენ, რომ პროდუქტის მოპოვებისა და დამუშავების მხრივ ისინი სწორი მიმართულებით მუშაობენ.

რაც შეეხება პერსპექტივას. მიხეილ ჩიტაძე იმედოვნებს, რომ ქარხანაში წარმოებულ ბაზალტის ლოდებს გამოიყენებენ შავი ზღვის სანაპირო ზოლის გამაგრებისათვის:[ჩიტაძის ხმა]" და ჩვენ ყველანაირი საშუალება გვაქვს, რომ მივაწოდოთ ეს ლოდები იმ მშენებლებს, რომლებიც ამ სამუშაოებს ჩაატარებენ. ამ მხრივ ახლა მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები, დაზვერვითი სამუშაოები, ასე ვთქვათ, საიდან უფრო კარგი იქნება ლოდების მოპოვება, მიწოდება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონკურენტი, პრინციპში, ამ მხრივ ჩვენ არ გვეყოლება."

პერსპექტივაში მოსალოდნელია ისიც, რომ "ბაზალტის" ქარხანაში წარმოებულ ღორღს გამოიყენებენ თურქეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობისას.
XS
SM
MD
LG